ეკა გიგაურმა გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია ავრცელებს.
„სუს-ის მიერ ფილმში რესპონდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძლიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე“, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა ასევე ზვიად მაისაშვილი - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პოლიცია 2024 წლის 30 ნოემბრის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდა.
მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა BBC-ს რესპონდენტი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილიც, რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში.
კოტე ჩახუნაშვილთან ერთად კვლევის თანაავტორები არიან მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი, მამა, გოგი ჩახუნაშვილი, დედა, ნინო ჯობავა და კიდევ ერთი ექიმი, გელა ღუნაშვილი. ჯერჯერობით ნინო ჯობავას გარდა, სუსში ყველა მათგანი დაიბარეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მათი თანამშრომლებიც. ისინი მოითხოვენ, გამოკითხვა სასამართლოში ჩატარდეს.
"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან", - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ .
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ეს მუხლებია:
- „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
- „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
- „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
- „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
ფორუმი