Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურის ცნობით, გიორგი ბარამიძეს ე.წ. დნრ-ის სასამართლო დაუსწრებლად გაასამართლებს


რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება საქართველოს 57 წლის მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამომძიებლების ვერსიით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში დაქირავებული მებრძოლის რანგში ჩავიდა უკრაინაში, სადაც ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. ირწმუნებიან, რომ ბარამიძემ გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.

„ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

როგორც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის ეს "გასაკვირი არ ყოფილა".

"როცა კიევშიც ვიყავი და მერეც არასოდეს დამიმალავს იქ ყოფნა და ახლაც ვამაყობ ამით და ჩემნაირი ადამიანი იქ რომ არ ყოფილიყო, ეგ იქნებოდა სირცხვილი", - ამბობს ბარამიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა გიორგი ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადა, ის არ გამორიცხავს გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტის შექმნას და იხსენებს გიორგი კინოიანის შემთხვევას, რომელიც სომხეთში იყო დაკავებული.

"მომიწევს ფრთხილად ავარჩიო, სად წავიდე და სად - არა, მაგრამ ეს სასაცილოა იმ დისკომფორტთან შედარებით, რაც აქვთ იმ მებრძოლებს, რომლებიც იქ უკრაინაში, წინა ხაზზე არიან კვლავ".

გიორგი ბარამიძე "სასაცილოს" უწოდებს რუსეთის პროკურატურის მტკიცებას, რომ დაქირავებულობაში ანაზღაურებას იღებდა.

გასული წლის თებერვალში გამოცემა "მედიაზონამ" გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების სია - მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებდა. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.


ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG