BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე 2024 წლის დეკემბერში რადიო თავისუფლებაც წერდა.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტეს“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.
ეს ვარაუდი ეფუძნება:
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების მონაწილეთა მონათხრობს - ისინი აღწერენ, როგორი ეფექტი ჰქონდა შსს-ის მიერ გამოყენებულ სპეცსაშუალებებს;
- აქციების მონაწილე ექიმის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევას (მან აქციების მონაწილე 350 ადამიანი გამოჰკითხა კითხვარის საშუალებით; 69 მათგანს ჩახუნაშვილმა სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარა; გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი შეუნარჩუნდა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში - თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი ან ღებინება; მისი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Toxicology Reports-ში);
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, ლაშა შერგელაშვილის (გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი 2022 წლამდე) და გიორგი შაიშმელაშვილის (გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის) ინტერვიუებს;
- ასევე გდდ-ის ინვენტარის აღმწერ, 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტს;
- ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს.
რას ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი
შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა, BBC-ს უთხრა, რომ მისი ვარაუდით, 2024 წელს გამოყენებული ნივთიერება იგივეა, რისი დატესტვაც 2009 წელს სთხოვეს ხელმძღვანელმა პირებმა.
მისი თქმით, ამ პროდუქტის ეფექტი განსხვავდებოდა ყველა იმ ეფექტისგან, რაც მანამდე ჰქონდა გამოცდილი, - გაუჭირდა სუნთქვა, როგორც მის კიდევ 15-დან 20-მდე კოლეგას, რომლებმაც მასთან ერთად გამოცადეს ეს პროდუქტი, - ვერ მოახერხეს მისი ადვილად ჩამორეცხვა.
„შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც ეს [ჩვეულებრივი] ცრემლმდენი გაზის შემთხვევაში ხდება. მას შემდეგაც კი, რაც სახე წყლით, შემდეგ კი წინასწარ მომზადებული საცხობი სოდისა და წყლის სპეციალური ხსნარით დავიბანეთ, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად“, - ციტირებს BBC ყოფილ სპეცრაზმელს.
შერგელაშვილის თანახმადვე, ის გამოვიდა რეკომენდაციით, რომ ეს ნივთიერებები არ გამოეყენებინათ, თუმცა, მისი თქმითვე, წყლის ჭავლის მანქანებში მაინც იყო გახსნილი ეს ნივთიერება და ეს ასე გრძელდებოდა, სულ მცირე, 2022 წლამდე, - სანამ სამსახურიდან წამოვიდა და ქვეყანა დატოვა.
რა წერია გდდ-ს ინვენტარის აღწერაში
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გდდ-ში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
- „ქიმიური სითხე UN 1710“;
- „ქიმიური ფხვნილი UN 3439“.
გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
BBC-მ მათი იდენტიფიცირება მოახდინა:
- UN1710 — ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
- UN3439 — სავარაუდოდ, ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე "კამიტე".
ექსპერტების დასკვნები
ამის შემდეგ BBC-მ ჰკითხა პროფესორ კრისტოფერ ჰოლსტეჯს, - რომელსაც უწოდებს „მსოფლიოში ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვან ექსპერტს“, - მიუთითებდა თუ არა მათ მიერ მოპოვებული მასალები იმაზე, რომ, სავარაუდოდ, აქციებისას სწორედ „კამიტე“ გამოიყენეს.
ექსპერტმა ეს დაადასტურა და თქვა, რომ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ჩახუნაშვილის კვლევაში აღწერილი სიმპტომები გამოწვეული ყოფილიყო „მასის კონტროლის“ ისეთი ტრადიციული საშუალებებით, როგორიცაა CS გაზი, - რომელსაც საქართველოს სპეცრაზმი გასულ წელსაც იყენებდა.
მისი შეფასებით, დაზარალებულების სიმპტომები, ექიმ ჩახუნაშვილის კვლევა, ინვენტარში მითითებული კოდი და შერგელაშვილის აღწერები "კამიტეს" გამოყენებასთან სრულ თანხვედრაშია.
„მე არასდროს გამიგია, "კამიტე" თანამედროვე საზოგადოებაში გამოყენებულიყო“, - თქვა მან. ასევე ივარაუდა, რომ გამოიყენებდნენ, რამეთუ იგი „ძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს“:
„ეს ხალხს დიდი ხნის განმავლობაში შეაკავებდა. ვერ მოახერხებდნენ [ეფექტების გაქრობას დაუყოვნებლივ] და საავადმყოფოში წასვლა მოუწევდათ, ტერიტორიის დატოვება მოუწევდათ. თუ ეს მართლაც ასეა - რომ ეს ქიმიური ნივთიერება [პრაქტიკაში] დაბრუნდა - ეს უკიდურესად საშიშია“.
BBC იქვე წერს, რომ:
- „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკული პოლიცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებდა "კამიტეს" „არეულობის კონტროლის საშუალებად“, მაგრამ ამაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გამოიგონეს უფრო უსაფრთხო ვარიანტები, როგორიცაა CS გაზი;
- საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლიციის ძალებს უფლება აქვთ, გამოიყენონ ქიმიკატები ბრბოს კონტროლისთვის, თუ ისინი მიიჩნევა პროპორციულად და ხანმოკლე ეფექტი აქვთ“.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ელის ედვარდსმა, BBC-ის მიერ მისთვის მიგნებების გაზიარების შემდეგ ეს პრაქტიკა შეაფასა, როგორც „სახიფათო ექსპერიმენტი“ და „დაუშვებელი“ უწოდა.
რას ამბობს „ქართული ოცნება“
როგორც ტექსტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს მიგნებებს უწოდა „აბსურდული“ და „სრულიად უაზრო“, ასევე განაცხადა, რომ „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს პოლიცია „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
„ქართულის ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2023 წელს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის ოფშორებთან კავშირის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიების შემდეგ, BBC-ს „თავისუფალ მედიას“ უწოდებდა;
დღეს, 1 დეკემბერს, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში:
- გაიხსენა დონალდ ტრამპის ვიდეოს „დამონტაჟების“ გარშემო აგორებული სკანდალი, რის ფონზეც გენერალურმა დირექტორმა პოსტი დატოვა;
- BBC დაადანაშაულა „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ და უწოდა „დიპ სტეიტის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია“;
- ჟურნალისტურ გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“.
- გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“, - წერია პარტიის განცხადებაში.
მანამდე, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად იხუმრა:
„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? - მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო - შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც.“
რა შეიძლება მოჰყვეს?
ოპოზიციურმა პარტია „ფედერალისტებმა“ განაცხადა, რომ BBC-ის გამოძიებაში აღწერილი გარემოებები „აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მეირ“.
ხოლო „რეჟიმის ცვლილებამდე“ პარტია „საერთაშორისო გამოძიებას“ ითხოვს და აცხადებს:
„თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა: „ასეთი რამ, შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში თქვა:
„ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც, მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული.“
ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, განაცხადა:
„ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება. ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“.
ფორუმი