Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინის გალიები, გაყინული საკნები, მონური შრომა - რას ჰყვებიან ბელარუსის ციხეებიდან გათავისუფლებული ქალები


გალინა დერბიში (მარცხნივ), პოლინა შარენდა-პანასიუკი (შუაში), დარია აფანასიევა - ყოფილი პატიმრები
გალინა დერბიში (მარცხნივ), პოლინა შარენდა-პანასიუკი (შუაში), დარია აფანასიევა - ყოფილი პატიმრები

მოკლედ

  • ბელარუსი პოლიტპატიმარი ქალები ჰყვებიან, როგორი არაადამიანური პირობებია შექმნილი გომელის N4 ქალთა კოლონიაში: ცივი საკნები, დამპალი საკვები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, იძულებითი შრომა და ა.შ.
  • კოლონიაში სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება ისჯება, შრომის პირობები კი (პატიმრები ძალოვანი უწყებებისთვის ფორმებს კერავენ) მონურია.

ბელარუსმა, რომელიც დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყნად ითვლება, კიდევ უფრო გაიუარესა რეპუტაცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა  ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ სასტიკი  რეპრესიები დაიწყო.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ციხეებში, სულ ცოტა, 1100 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 150-ზე მეტი ქალია.

22 ნოემბერს ბელარუსის ხელისუფლებამ 31 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა - ქალები და მამაკაცები, რომლებსაც 2-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდის ასაკი 18 წელია, ხოლო ყველაზე ასაკოვანისა - 58 წელი. გათავისუფლებულთა შორის არიან მძიმედ (მათ შორის კიბოთი) დაავადებულები.

პატიმრები გომელის N4 სასჯელაღსრულების კოლონიაში
პატიმრები გომელის N4 სასჯელაღსრულების კოლონიაში

გომელის კოლონია

ქალი პატიმრების დიდი ნაწილი სასჯელს იხდიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბელარუსის ქალაქ გომელში, ავადსახსენებელ გომელის ქალთა კოლონიაში.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პატიმრებმა აღწერეს ამ ციხეში სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები.

ციხიდან გამოსული და გადასახლებაში მყოფი ყოფილი პატიმრები ჰყვებიან გაყინულ საკნებზე, დამპალ საკვებზე, მონურ შრომასა და სოლიდარობის უმცირესი გამოვლინების გამო სასტიკ დასჯაზე.

„ეს კოშმარივითაა“, - იხსენებს გალინა დერბიში იმ ციხის შესახებ, რომელშიც ის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული რეჟიმის კრიტიკის გამო მოხვდა, თუმცა საბოლოო ჯამში 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ტერორიზმის ბრალდებით.

„სულ მუდმივად მშიერი ვიყავი“, - ამბობს დერბიში - 64 წლის, პენსიაზე გასული ბუღალტერი და 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რომელიც თითქმის 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ აშშ-ის მთავრობის ძალისხმევით გაათავისუფლეს იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლის საშუალებითაც 2025 წლის სექტემბრის შემდეგ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ათეულობით პოლიტიკური პატიმარი გამოვუშვა ციხეებიდან:

„დილით ფაფას, პურსა და ჩაის გვაძლევდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი იღბლის საკითხი იყო. როგორც წესი, მოჰქონდათ ხორცის წვნიანი, რომლის ჭამა მხოლოდ დახუჭული თვალებით შეიძლებოდა, რადგან მასში, ხორცის ნაცვლად, მატლები იყო.“

გალინა დერბიში, გომელის კოლონიის ყოფილი პატიმარი
გალინა დერბიში, გომელის კოლონიის ყოფილი პატიმარი

50 წლის აქტივისტმა და მოძრაობა „ევროპული ბელარუსის“ წევრმა, პოლინა შარენდა-პანასიუკმა, რომელმაც ხუთ წელზე მეტი გაატარა ციხეში, გომელის სასჯელაღსრულების დაწესებულება შეადარა სტალინურ გულაგს, რადგან, მისი თქმით, ბელარუსის ხელისუფლება სიცივეს პატიმრების წამების საშუალებად იყენებს.

"პატიმრები „თავებს პირსახოცებით იფუთავდნენ, რათა საკუთარი ამონასუნთქით გამთბარიყვნენ“, - ამბობს ყოფილი პატიმარი:

„თუმცა ზედამხედველები დღისითაც და ღამითაც კარებზე ხელკეტებს აბრახუნებდნენ და პატიმრებისგან პირსახოცების თავიდან მოხსნას მოითხოვდნენ. ნაკლებად შესამჩნევი იყო, როცა ტუალეტის ქაღალდით ვიფუთებოდით. ასე ვინარჩუნებდით სითბოს“.

ნატალია დულინა, მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის 60 წლის დოცენტიც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო „ექსტრემიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს. მისი თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც გომელის კოლონიაში ხორციელდებოდა, აუტანელი იყო.

ეს ძალიან ჰგავდა ცუდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს.

„ეს ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა განზრახ კეთდებოდა, - ამბობს 30 წლის ბლოგერი და აქტივისტი დარია აფანასიევა, რომელმაც 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ორ წელზე მეტი გაატარა პატიმრობაში:

ისეთი ადამიანური გრძნობები, როგორიცაა ზრუნვა, მხარდაჭერა და მეგობრობა, სასტიკად იკრძალებოდა. სოლიდარობის უმცირესი აქტიც კი, მაგალითად, როგორიცაა წყლის ერთად ადუღება, მკაცრად ისჯებოდა“.

დარია აფანასიევა, გომელის ქალთა კოლონიის ყოფილი პატიმარი
დარია აფანასიევა, გომელის ქალთა კოლონიის ყოფილი პატიმარი

40 წლის ბლოგერი ოლგა ტოკარჩუკი, რომელსაც 2021 წელს 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალურ ქსელში ჩინოვნიკებზე დაწერილი პოსტებისთვის, ამბობს, რომ ციხის შრომას ლუკაშენკას რეჟიმი ასევე იყენებს კონტროლისა და პატიმრობის პირობების დამძიმების მიზნით.

„ეს არის აუნაზღაურებელი, მონური შრომა. მუშაობ მთავრობისთვის“, - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი.

„ლუკაშენკას ჭკვიანური“ გადაწყვეტილებით, პატიმრები იძულებული არიან, დაამზადონ ფორმები იმ ძალოვანი უწყებებისთვის, რომლებმაც ისინი ჯერ დაარბიეს, შემდეგ კი ციხეში გამოკეტეს.

თუმცა, ოლგა ტოკარჩუკის თქმით, გომელის ქალთა კოლონიაში შექმნილმა მკაცრმა რეჟიმმა ბევრი ვერაფერი დააკლო პატიმართა დაუმორჩილებლობას.

„იგრძნობა ზიზღი და სიძულვილი, რომლითაც ძალოვანი უწყებების ფორმები იკერება. პატიმრები აფურთხებდნენ და თელავდნენ შეკერილ ტანისამოსს, - ამბობს ის, - შევდიოდი ტუალეტში, სადაც იატაკზე შარდის გუბეები იდგა, შემდეგ ამ ფეხსაცმლით ფორმაზე შევდგებოდი და გულში ვამბობდი: „ეს ის ფორმაა, რომელსაც თქვენ იმსახურებთ“.

ოლგა ტოკარჩუკი, გომელის ქართა კოლონიის ყოფილი პატიმარი
ოლგა ტოკარჩუკი, გომელის ქართა კოლონიის ყოფილი პატიმარი

ქალები რკინის გალიაში

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია „სამართლებრივმა ინიციატივამ“ ბელარუსის ციხეებში ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ მრავალი ჩვენება შეაგროვა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გამოძიების მოთხოვნით პეტიცია წარუდგინა. პეტიციაში ციხეებში ანტისანიტარიული პირობებისა და ჰიგიენის ნაკლებობის მაგალითებია მოყვანილი: დაკავებულებს არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის ჰიგიენური საფენები, საპონი და ტუალეტის ქაღალდიც კი. კანონის შესაბამისად, პატიმარ ქალებს კვირაში ერთხელ შეუძლიათ შხაპის მიღება (გამონაკლისი არც კრიტიკულ დღეებში არ დაიშვება), თუმცა პოლიტპატიმრებს ხშირად ეს უფლებაც ეზღუდებათ.

გომელის N4 სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ბელარუსში მსჯავრდადებული ქალების უმეტესობა იმყოფება, ადმინისტრაცია, სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის დასჯის მიზნით), რეგულარულად კეტავს ტუალეტებზე წვდომას. ხშირ შემთხვევაში, ტუალეტით სარგებლობისას არ არის დაცული პირადი სივრცის უფლება.

როგორც „სამართლებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ვიქტორია ფიოდოროვამ უთხრა „გერმანულ ტალღას“, პატიმარი ქალები ასევე უჩივიან საკნებში ბაღლინჯოების, ტარაკნებისა და ტილების მომრავლებას.

"ქალები ასევე განიცდიან დამამცირებელ ჩხრეკას. „ყოფილი პოლიტპატიმრები ამბობენ, რომ ზედამხედველები მათ აიძულებდნენ ტანსაცმლის გახდას და ბუქნების გაკეთებას (ზოგჯერ მამაკაცი ზედამხედველების თანდასწრებით), - ამბობს ფიოდოროვა, - ქალებს ასევე უწევდათ შხაპის მიღება ისეთ ვითარებაში, რომელიც არ გამორიცხავდა მამაკაცი ზედამხედველების თვალთვალს“.

ყოფილი პოლიტპატიმარი ქალები აღნიშნავენ, რომ ბელარუსის ციხეებში არსებული ტუალეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: კაბინები ან არ არის გადატიხრული, ან კამერებით არის აღჭურვილი. ბელარუსის "კგბ-ს" წინასწარი დაკავების ცენტრში, ტუალეტის ნაცვლად, საკნის კართან იდგა პლასტმასის თავსახურიანი სათლი, რომელიც, სავარაუდოდ, მოქცეული იყო მამაკაცი ზედამხედველების თვალსაწიერში და თვალთვალის შესაძლებლობას იძლეოდა.“

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თქმით, განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებულ ქალებს.

„მათ ათავსებენ გადატვირთულ საკნებში, სადაც იძულებულნი არიან იატაკზე ან მაგიდებზე იძინონ. ღამეში ორჯერ აღვიძებენ და შუქის გამორთვის საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, ციხის ადმინისტრაცია არ იღებს მათთვის განკუთვნილ ამანათებს. განსაკუთრებულ ზეწოლას და დამცირებას (მათ შორის სექსუალურ შევიწროებას) განიცდიან აქტივისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები“, - ამბობს „სამართლებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელი.

პატიმარ ქალებს არ აქვთ წვდომა აუცილებელ მედიკამენტებსა და მკურნალობაზე.

„ზოგიერთმა ყოფილმა პატიმარმა ქალმა განაცხადა, რომ ციხეში განუვითარდა ცისტიტი და გინეკოლოგიური პრობლემები. პატიმარი ქალების 80% სტრესის გამო მენსტრუალური ციკლის დარღვევაზე ჩიოდა. ამასთან, გამოკვლევამ აჩვენა, რომ გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ 37%-მა აღიდგინა ციკლი, ხოლო 63%-ს გრძელვადიანი პრობლემები განუვითარდა“, - განმარტა ვიქტორია ფიოდოროვამ.

ორგანიზაციამ „ექიმები სიმართლისა და სამართლიანობისთვის“ შეისწავლა პატიმრობიდან გათავისუფლებული ქალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ფსიქოლოგ ოლგა ველიჩკოს თქმით, ბევრი ყოფილი პატიმარი სასჯელის მოხდის შემდეგაც განიცდის მუდმივ შფოთვას, შიშს, უძილობას, ე.წ. ფლეშბექებს (გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა ხელახლა განიცდება), დანაშაულის გრძნობასა და უიმედობას. განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბელარუსში დარჩა: ისინი კვლავ გრძნობენ დევნის საფრთხეს და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

გომელის სასჯელაღსრულების მე-4 კოლონიის ადმინისტრაცია იყენებს საჯარო და დამამცირებელ სასჯელს, მაგალითად, „სირცხვილის გალიას“.

„ეს არის ლითონის გალია, რომელშიც 15-მდე ადამიანი შეიძლება მოთავსდეს“, - აღწერს ყოფილი პოლიტპატიმარი ნატალია დულინა, - ის იქ იმისთვისაა, რომ მოათავსონ პატიმრები, რომლებმაც, ადმინისტრაციის შეფასებით, რაღაც დააშავეს. პატიმრები უნდა შევიდნენ გალიაში, დარჩნენ იქ, დამშვიდდნენ (თუ რაიმე კონფლიქტის გამო მოხვდნენ იქ) ან უბრალოდ თავი იგრძნონ დასჯილად“.

ქალებს ასეთ „გალიაში“ ერთი საათიდან რვა საათამდე აჩერებდნენ. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი ამინდი იდგა.

„ეს ყველაფერი არღვევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, რომლის შესრულებაც ბელარუსს ევალება“, აღნიშნავენ ადამიანის უფლებათა დამცველები გაეროს კომიტეტისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG