Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მტერი უნდა გამოფიტო, თუნდაც ალყაში იყო მოქცეული” - უკრაინული არმიის ბრიტანელი ვეტერანი შონ პინერი


ინტერვიუ შონ პინერთან
ინტერვიუ შონ პინერთან

„იმ კვირაში, როცა რუსი ნეონაცისტური ჯგუფები უკრაინელი ტყვეების საჯაროდ დახვრეტის ვიდეოებისათვის ფულად ჯილდოს აწესებენ, ხოლო ბრიტანელი პროპაგანდისტი [საუბარია დონბასში გადაბარგებულ პროპუტინისტ ბრიტანელ ჟურნალისტ გრემ ფილიპსზე - რ.თ.] გაბადრული გვიყვება, თუ როგორ კვებავს ღორებს უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით, ჩვენგან ითხოვენ, ამნისტია გამოვაცხადოთ და რუსებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შევარჩინოთ?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას შონ პინერმა, ბრიტანეთის არმიისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, როდესაც ახალი „სამშვიდობო გეგმის“ პირველმა, 28-პუნქტიანმა ვერსიამ გაჟონა მედიაში.

პინერი, რომელიც მარიუპოლის ალყას გადაურჩა და რუსულ ტყვეობაშიც თვეები გაატარა, გამონაკლისი არაა - უკრაინასა და ევროპის დედაქალაქებში ბევრმა უწოდა აგრესორის დამაჯილდოებელი კაპიტულაცია გეგმას, რომელმაც მას შემდეგ სახე იცვალა. [როდესაც პინერს ვესაუბრეთ, მოლაპარაკებები უკრაინას და აშშ-ს და აშშ-ს და რუსეთს შორის ისევ გრძელდებოდა.]

ბრიტანელი სამხედრო, რომელიც მარიუპოლის ალყასაც გადაურჩა და რუსულ ტყვეობასაც - სხვა უცხოელი მეომრების დასაშინებლად, მას და მის ბრიტანელ თანამებრძოლებს რუსულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა - დღეს დნიპროში ცხოვრობს. პინერი, რომელიც ამ ომს უცხოელი მოხალისეების უმეტესობაზე ბევრად უფრო ახლოდან იცნობს, რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რატომ აგონებს პოკროვსკი და მისი დაცვა ვატერლოოსთან მდებარე ფერმა „ჰუგმონს“, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმპერიის ჯარების დამარცხებაში, მსჯელობს, რამდენ ხანს შეუძლიათ უკრაინელებს პოკროვსკში „ჩარჩენა“ ალყის რისკის გარეშე და რატომ სჭირდება პუტინს ამ ქალაქის აღება, არა იმდენად სამხედრო, არამედ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური გარემოებების გამო.

ის ასევე საუბრობს უკრაინის ცოცხალი ძალის პრობლემებზე, გაჭიანურებული მობილიზაციის შედეგებსა და იმაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ რუსებს შემდგომი წინსვლა - თუკი პოკროვსკს მაინც აიღებენ - კატასტროფულ ფასად დაუჯდებათ.

“ომი ყოველთვის აშკარა მოგება-წაგება არ არის. ზოგჯერ მიზანია მტრის შეტყუება, მისი ძალის გაფლანგვა.”

რადიო თავისუფლება: კრემლმა პოკროვსკის აღების ვადა 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე გადასწია. დღევანდელი მდგომარეობით, რამდენად გარდაუვალი ჩანს ქალაქის დაცემა?

შონ პინერი: ძნელია გადაჭრით თქმა, შევძლებთ თუ არა პოკროვსკის შენარჩუნებას - იქ დაახლოებით 115 000 რუსი სამხედროა, ძალთა თანაფარდობა თითქმის 8:1-ზეა რუსების სასარგებლოდ. მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ უკრაინის სტრატეგიული გეგმა თითქმის არ შეცვლილა ომის პირველი დღეებიდან მოყოლებული. მე თვითონ ვიყავი ალყაში მარიუპოლში და ძალიან კარგად ვიცი ეს ლოგიკა: მტერი უნდა გამოფიტო - თუნდაც ალყაში იყო მოქცეული, თუნდაც იცოდე, რომ გარს გერტყმიან. მთავარი მიზანია მტრის რესურსის ამოწურვა, რათა კიევი გადარჩეს.

მარიუპოლი ამის საუკეთესო მაგალითია - დღეს ითვლება, რომ მარიუპოლი რომ ამდენ ხანს არ შეგვენარჩუნებინა, შეიძლება კიევი დაცემულიყო. პოკროვსკსაც ტაქტიკური გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ: ომი ყოველთვის აშკარა მოგება-წაგება არ არის. ზოგჯერ მიზანია მტრის შეტყუება, მისი ძალის გაფლანგვა.

ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში პოკროვსკი ჰუგმონის ფერმას შევადარე - რომ არა ჰუგმონი, ვატერლოოს ბრძოლა შესაძლოა სულ სხვაგვარი შედეგით დასრულებულიყო. ისევე, როგორც ჰუგმონი, პოკროვსკიც ბასტიონია, რომელიც იმპერიულ არმიას აკავებს.

თუ პუტინი მაინც აიღებს ამ ქალაქს - შარშან იქ პირადად ვიყავი, პოკროვსკის ჩრდილოეთით მასიური თავდაცვითი ხაზებია გამართული: „დრაკონის კბილები“, სანგრები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, მავთულხლართებით გამაგრებული ზონები ქვეითების დასაბრკოლებლად… - თუ რუსებმა მართლაც აიღეს პოკროვსკი, ამ ყველაფრის გარღვევა თავიდან მოუწევთ.

თუ ეფექტურად ახერხებ მტრის შეტყუებას და იბრძვი ისეთ ადგილზე, რომელიც თავად შეარჩიე, და თუ ისინი გაცილებით მეტ კაცს კარგავენ, ვიდრე შენ - მაშინ ბრძოლა უნდა გააგრძელო იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელია.

რადიო თავისუფლება: რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინელი სამხედროები გამაგრებული პოზიციების დაცვას ისე, რომ ალყაში არ მოექცნენ?

შონ პინერი: რასაც ახლა ვიტყვი, ბევრისთვის შესაძლოა არაკომფორტულად ჟღერდეს, ცინიკურადაც კი, მაგრამ სამხედრო გადმოსახედიდან ასეა: თუ ეფექტურად ახერხებ მტრის შეტყუებას და იბრძვი ისეთ ადგილზე, რომელიც თავად შეარჩიე, და თუ ისინი გაცილებით მეტ კაცს კარგავენ, ვიდრე შენ - მაშინ ბრძოლა უნდა გააგრძელო იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელია.

ერთი წლის წინ, ნოემბერში იქ ვიყავი - მაშინ რუსები პოკროვსკიდან 8 კილომეტრში იდგნენ. მარტო მშრალ სტატისტიკას შევხედოთ: მთელი ამ წლის განმავლობაში მათ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ეს რვა კილომეტრი ძლივს გაიარეს და ქალაქში შეღწევა დაიწყეს - წარმოუდგენლად მძიმე დანაკარგების ფასად.

რადიო თავისუფლება: და თუ საბოლოოდ აიღებენ პოკროვსკს - რა მძიმე დანაკარგებადაც არ უნდა დაუჯდეთ - შემდეგ სად გადავლენ?

შონ პინერი: პოკროვსკი გზაგასაყარია, გზაჯვარედინი. რუსები მას გაამაგრებენ, რელსებს აღადგენენ. ნამდვილად აქვს გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ ისეთი ნამდვილად არა, რომ ომი რადიკალურად შეცვალოს.

რუსი ქვეითები - და ეს პირდაპირ უნდა ითქვას - ცუდად არიან მომზადებული. სუსტები არიან. რასაც რუსები კარგად აკეთებენ, ესაა დაზვერვა, მცირე ზომის იერიშები, დაბომბვები, ავიაციის გამოყენება ტერიტორიის გასანადგურებლად. მაგრამ ქვეითი მათი აქილევსის ქუსლია.

თუ პოკროვსკს აიღებენ, წინ წასვლა ძალიან გაუჭირდებათ. სრულიად გამოფიტული იქნებიან. თან ზამთარიც მოდის, რაც მათ მოძრაობას კიდევ უფრო შეაფერხებს, ფაქტობრივად, გაიჭედებიან.

ლოგიკურად, შემდეგი მიმართულება იქნებოდა კრამატორსკი და იზიუმი, მაგრამ პოკროვსკის ჩრდილოეთით შეტევის მცდელობა რუსებისთვის ნიშნავს კოლოსალურ დანაკარგებს. პირდაპირ უკრაინელების მიერ მოწყობილ kill box-ში მოუწევთ შეაბიჯონ, ყველა მახესა თუ ხაფანგში.

ალყაზე რომ მკითხეთ: სამ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თავად პუტინმა თქვა: „მოდით და ნახეთ, პოკროვსკი ალყაშია. უკრაინელები ალყაში მოვაქციეთ“. ჟურნალისტებიც დაპატიჟა… და, აი, უკვე ლამის ერთი თვეა, რაც ეს თქვა, პოკროვსკი კი აშკარად არ არის ალყაში. რუსეთს სრული ბლოკადა არ აქვს, და ჩემი ინფორმაციით, მათ თავადვე შეაჩერეს იერიშები, რადგან მძიმე დანაკარგები აქვთ და დამხმარე ძალებს ელოდებიან.

მეთაურისთვის ეს მძიმე დილემაა, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება გიწევს - მაგრამ უნდა თქვა: „ბიჭებო, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიბრძოლოთ, რადგან აქ ბრძოლით ბევრად უფრო მეტს ვხოცავთ, ვიდრე ვკარგავთ.“

თუ უკრაინას ექნება საკმარისი რეზერვი და ცოცხალი ძალა, მაშინ გეგმა არ უნდა შეიცვალოს: ხოცავენ საკმარის რუსს? მაშინ ეს „ჯიბე“, რამდენ ხანსაც შეიძლება, ღია უნდა დარჩეს. თუ ხალხიც გყავს და გზაც - უკანდასახევი დერეფანი - ღიაა, პოკროვსკი უნდა შეინარჩუნო იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

პროგრესი არის. ბრძოლისთვის ნება, სურვილი და გამძლეობაც არსებობს. უკრაინელები არ დანებებულან და არც აპირებენ.

რადიო თავისუფლება: თქვენს სტატიაში აღნიშნავთ, რომ მოსკოვისთვის პოკროვსკი სიმბოლოა, ერთგვარი ალამი, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ ასაწევად; ხოლო უკრაინისთვის კი დროის მოგების შესაძლებლობა. მოდით, ამ “ალამს” შევხედოთ: რამდენად დიდი ეფექტი ექნება პოკროვსკის აღებას რუსეთის საზოგადოებაზე? და პირიქით - რამდენად მძიმე დარტყმა იქნება ეს უკრაინული მორალისთვის?

შონ პინერი: დავიწყოთ მორალით, რადგან ამაზე პასუხის გაცემა უფრო მარტივია. დიახ, პოკროვსკის დაკარგვა უკრაინული მორალისთვის საზიანო იქნება. ამის ართქმა ტყუილი იქნებოდა - არავის უნდა ქალაქის დაკარგვა. და თან ისიც ვიცით, რომ ჩვენ - უკრაინელები - ნელ-ნელა უკან ვიხევთ, და ადრე თუ გვიან დაგვჭირდება რაღაც დიდი, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. და აქ მივდივართ სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვებთან: საკმარისი ხალხი გვყავს? თავდაცვისთვის შესაძლოა კი, კონტრიერიშისთვის? მზად ვართ რეალურად ამისთვის?

მაგრამ მეორე მხარესაც შევხედოთ - რუსეთს. უკვე ყველაზე ფანატიკოს Z-პატრიოტსაც კი მკაფიოდ ესმის, რომ ეს ომი ყველაფერია, დაპირებული „სამდღიანი გასეირნების“ გარდა. მშვენივრად ხედავენ, რომ ჩვენ მხოლოდ ხურდას კი არ ვუბრუნებთ, რეალურად ვახდენთ ზეწოლას - რამდენჯერმე მაგრად მოხვდათ, ძალიან მწარედ, ისეთი „აპერკოტები“, როგორიცაა, მაგალითად, „ოპერაცია ობობას ქსელი“ და შავ ზღვაზე პოზიციების დათმობა - იქ ისინი აღარ არიან დომინანტები.

დღეს კი, პრაქტიკულად ყოველდღე, უკრაინა უკვე თვითონ ბომბავს რუსულ სამიზნეებს. და ახალი უკრაინული იარაღი - მაგალითად, „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები - აშკარად მუშაობს. პროგრესი არის. ბრძოლისთვის ნება-სურვილი და გამძლეობაც არსებობს. უკრაინელები არ დანებებულან და არც აპირებენ.

რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან დაღლილია. კორუფციული სკანდალებიც, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს, მაგრამ ისევ ვიმეორებ: ეს იმასაც ნიშნავს, რომ უკრაინაში დემოკრატია მუშაობს. მაინც მრჩება სერიოზული კითხვები იმის შესახებ, გვყავს თუ არა საკმარისი სამხედროები, საკმარისი ცოცხალი ძალა.

იმას არ ვამბობ, რომ 18–25 წლის ახალგაზრდები ფრონტის წინა ხაზზე უნდა გაეგზავნათ. ვამბობ: მოგემზადებინათ, გაგეწვრთნათ, „დაგესპეცებინათ“...

რადიო თავისუფლება: და როგორ შეივსება ეს ცოცხალი ძალა? ვიხილავთ თუ არა გაწვევის ასაკის შემცირებას? მოუწევთ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მოზიდვა?

შონ პინერი: ვერაფრით გავიგე, რატომ დაუშვეს 2022-ში, რომ 18 წლის ახალგაზრდები ქვეყნიდან წასულიყვნენ. ამ ხალხის ნაწილი დღეს უკვე ოფიცრული მომზადების ოთხწლიან პროგრამას დაამთავრებდა. უკვე 22 წლის იქნებოდნენ, სრული სამხედრო განათლებით. ამას დაემატებოდა სპეციალური მომზადება - ქვეითი, დრონები, საინჟინრო მიმართულებები…
იმას არ ვამბობ, რომ 18–25 წლის ახალგაზრდები ფრონტის წინა ხაზზე უნდა გაეგზავნათ. ვამბობ: მოგემზადებინათ, გაგეწვრთნათ, „დაგესპეცებინათ“...

ორი წლის წინ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. ისინი 25 წლამდე არ წავიდოდნენ ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ სამხედრო წვრთნა და კვალიფიკაცია ექნებოდათ. ისინი ერთმანეთის გვერდით გაიზრდებოდნენ, მეგობრები გახდებოდნენ, იქ იქნებოდა ერთიანობა. ნაკლები იქნებოდა დეზერტირობაც. სამხედრო სისტემას უკეთ გაეცნობოდნენ. ეს ორი წელი უაზროდ დაიკარგა.

დღეს კი რა ხდება? ახლა უკრაინა უკვე საკუთარ კუდს დასდევს. ზის და ფიქრობს: „ხალხი არ გვყოფნის, 18–25 წლის ახალგაზრდების ქვეყნიდან გასვლა დავუშვით და ახლა უკან აღარ ბრუნდებიან“. რა თქმა უნდა, არ დაბრუნდებიან. თავიდანვე უნდა დაგეწყოთ მათი მობილიზაცია და მომზადება. ასე დღეს გეყოლებოდათ ოფიცრების, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის ბევრად უფრო ძლიერი ბირთვი და, ალბათ, ნაკლები დეზერტირიც.

უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი „საბრძოლო ასაკის“ მამაკაცი დადის ქუჩაში - დნიპროშიც, კიევშიც, სხვა დიდ ქალაქებშიც. რესურსი არის, თუ პოლიტიკური ნება იქნება. უბრალოდ, ახლა ეს გადაწყვეტილება გაცილებით უფრო არაპოპულარული და მტკივნეული იქნება, ვიდრე მაშინ რომ მიეღოთ, ომის დასაწყისში. ვიღაცას - იქნება ეს ზელენსკი თუ სხვა - ძალიან მალე მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. თან მხოლოდ ძალითა და ბრძანებებით ფონს ვერ გახვალ – მობილიზაცია რაღაცნაირად მიმზიდველიც უნდა გახადო, რომ ადამიანებს ბრძოლაში ჩართვის მოტივაციაც ჰქონდეთ.

პუტინს ზამთარი კარს მოადგა - ტემპი დაეცემა, დიდი ოპერაციები აღარ იქნება, იწყება ცივი, მძიმე ზამთარი და მას კი მხოლოდ კუბოების, საგვამე ტომრებით, ცხედრებით და მინიმალური ტერიტორიული მოგებით შეუძლია „დაიკვეხნოს“.

რადიო თავისუფლება: და რუსეთისთვის? რამდენად დიდი მორალური მუხტი იქნება პოკროვსკის აღება?

შონ პინერი: პუტინს ეს „ტრიუმფი“ სასიცოცხლოდ სჭირდება. სჭირდება ეს ნადავლი, რათა ხალხს აჩვენოს: „ნახეთ, წინ მივდივართ, პროგრესი გვაქვს“. ვფიქრობ, ძალიან ცოტა იწერება იმაზე, რა წნეხის ქვეშ არის თავად პუტინი – განსაკუთრებით ეკონომიკის მხრივ. შეხედეთ, რა ზეწოლაა მის ეკონომიკაზე. მას წყალივით სჭირდება წარმატება, მცირე, მოკრძალებული, ლოკალური წარმატება მაინც.

ზამთარი კარს მოადგა - ტემპი დაეცემა, დიდი ოპერაციები აღარ იქნება, იწყება ცივი, მძიმე ზამთარი, და მას კი მხოლოდ კუბოების, საგვამე ტომრებით, ცხედრებითა და მინიმალური ტერიტორიული მოგებით შეუძლია „დაიკვეხნოს“. არანაირი რეალური წინსვლა. არცერთი შთამბეჭდავი წარმატება. ამიტომაც სჭირდება პოკროვსკი - რათა რუს ხალხს უთხრას: „ნახეთ, წინ მივიწევთ.“

სინამდვილეში არა, წინ კი არ მიიწევენ, მიღოღავენ. ამ ომს კლასიკური ფრონტის ხაზი აღარ აქვს. და ამას სულ ვამბობ - ასეთ ომში კაცობრიობას ჯერ არ უომია. არსებითად, ეს არის დაახლოებით 20-კილომეტრიანი „სასაკლაო ზონა“, სადაც ფრონტის ხაზზე გამწკრივებული ჯარისკაცების დაყენება სრული სიგიჟეა. აქ უკვე სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები გჭირდება - როგორც, მაგალითად, დობროპილიასთან, სადაც რუსულმა მცირე ჯგუფმა შეძლო ფრონტის ხაზის გარღვევა, მაგრამ მალევე მოსწყვიტეს ძირითად დანაყოფს, ორი კვირის განმავლობაში ნელ-ნელა „გაცხრილეს“ და ბოლოს მთლიანად გაანეიტრალეს.

დღეს ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთი დრონებით კონტროლდება. ერთ დრონს აკლდება ბატარეა, მეორეს უშვებ, მესამე ბრუნდება – მუდმივი როტაციაა. პრაქტიკულად არაფერია, რასაც არ აკვირდებიან.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG