„შავი ზღვის რეგიონის იგნორირება აშშ-სთვის სერიოზული შეცდომა იქნებოდა - პოსტსაბჭოთა პერიოდში სწორედ აქ მოხდა ათამდე სამხედრო კონფლიქტი - და როგორც წესი, რაც შავ ზღვაში ხდება, შავ ზღვაში არ რჩება, გაცილებით დიდ რეგიონზე აქვს გავლენა“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ მეთიუ ბოიზი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ცენტრალური ევროპის საკითხებში. სექტემბრის ბოლოს ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე - „აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიის მომავალი“. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ბოიზი განიხილავს ვაშინგტონის მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ამ სივრცის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზღვისპირა სახელმწიფოებისთვის და იმ შედეგებს, რომლებიც საქართველოსთვის რუსეთთან „მიბმას“ შეიძლება მოჰყვეს.
„2008 წლამდე პერიოდი აღარ დაბრუნდება - რუსეთმა საქართველო ზღვისპირა, მაგრამ ფლოტის არმქონე ქვეყნად აქცია.“
რადიო თავისუფლება: დასაწყისისთვის ფართო სურათს შევავლოთ თვალი - ვისია დღეს შავი ზღვა და რა ელის ამ ზღვას და მის მიმდებარე მიწებს მომავალში?
მეთიუ ბოიზი: ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ შავი ზღვა ვერ დაუბრუნდება 2014 წლამდე არსებულ სტატუს-კვოს - მანამ, სანამ რუსეთი აგრძელებს ყირიმისა და უკრაინის ტერიტორიული წყლების ოკუპაციას და სანამ აზოვის ზღვას „რუსულ ტბად“ მიიჩნევს. და მით უმეტეს ვერ დაუბრუნდება 2008 წლამდე პერიოდს, რადგან 2008 წელს რუსეთმა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოფიციალურად მიიტაცა და საქართველო ზღვისპირა, მაგრამ ფლოტის არმქონე ქვეყნად აქცია. თანაც იმის ფონზე, რომ კრემლი გამალებით აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოჩამჩირეში. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2008 წლამდე პერიოდი იყო დადებითი დინამიკის პერიოდი როგორც შავი ზღვისთვის, ასევე სანაპირო ქვეყნებისათვის, მაგრამ ის დრო აღარ დაბრუნდება - წარმოუდგენელია, კრემლმა უარი თქვას ამხელა მიღწევებზე.
ძალთა ეს ახალი ბალანსი წამგებიან პოზიციებზე ტოვებს როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს, ისე რეგიონს მიღმა მოქმედ ყველა მოთამაშეს. 2008 წლის შემდეგ რუსეთი ღიად დესტრუქციულ ძალად იქცა - „ხანძრის გამჩაღებლად“ რეგიონში, რომელიც, რომ არა რუსეთი, შეიძლებოდა ყოფილიყო აყვავებული, მშვიდობიანი და სტაბილური ეკონომიკური სივრცე, რომელიც, შუა დერეფნის მეშვეობით, ერთმანეთთან დააკავშირებდა კავკასიას, ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. რუსეთის ქმედებები ცხადყოფს მის იმპერიალისტურ, რევანშისტულ მიდგომას - მოსკოვის მიზანია შავი ზღვის რეგიონზე დომინირება.
„[უკრაინის] ომის დასრულების შემდეგ შავი ზღვა დემილიტარიზებული სანაოსნო სივრცე უნდა გახდეს.“
რადიო თავისუფლება: რამდენად შეარყია უკრაინის სამხედრო წარმატებებმა რუსეთის ეს „შავ ზღვაზე ბატონობის“ ამბიციები? ერთი მხრივ, რუსული გემები იძულებული გახდნენ უსაფრთხო ნავსაყუდელი უფრო შორს, აღმოსავლეთით და სამხრეთით - ნოვოროსიისკსა და აფხაზეთში ეძებნათ, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ სწორედ რუსეთი აკონტროლებს დღეს იმ პორტების უმეტესობას, რომლებითაც 2022 წლამდე უკრაინას საკუთარი მარცვლეული გაჰქონდა მსოფლიო ბაზრებზე.
მეთიუ ბოიზი: უკრაინის სამხედრო მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია - შავი ზღვის ფლოტი ყირიმში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და ეს, ცხადია, დამამცირებელია როგორც რუსული ფლოტისთვის, ისე მთლიანად კრემლისთვის. მიუხედავად ამისა, ამ ფლოტს კვლავ გააჩნია სერიოზული სამხედრო პოტენციალი, რასაც რეგულარულად ვხედავთ - რუსეთი ისევ აგრძელებს შეტევებს უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვიდან, იქნება ეს სარაკეტო თუ სხვა, თუმცა ძალიან ფრთხილობენ, დისტანციას იცავენ და მალევე ბრუნდებიან ხოლმე პორტში. და ყირიმი კვლავ რჩება რუსულ „ჩაუძირავ ავიამზიდად“ - პლატფორმად, საიდანაც კრემლს შეუძლია ნებისმიერ დროს შეაფერხოს რეგიონში მიმდინარე თითქმის ნებისმიერი აქტივობა.
როდესაც ამ ომის ცხელი ფაზა დამთავრდება, კრემლი, დიდი ალბათობით, შეეცდება აღადგინოს შავი ზღვის ფლოტის გავლენა და ყველას აჩვენოს, ვინც ამ წყლებს იყენებს, რომ აუცილებელია, მოსკოვს ანგარიში გაუწიონ, როგორც დომინანტ ძალას შავ ზღვაზე. ამიტომ, მიმდებარე ქვეყნებისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ ომის დასრულების შემდეგ შავი ზღვა დემილიტარიზებული სანაოსნო სივრცე გახდეს.
რადიო თავისუფლება: მონაპირე ქვეყნებზე გადავიდეთ - როგორია მათი სტრატეგია, ტაქტიკა, დღის წესრიგი?
მეთიუ ბოიზი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ერთობ კომპლექსურ რეგიონზე - ამ ქვეყნების დღის წესრიგი რთულია და მრავალმხრივი. ამიტომ მოდით, მოკლე, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩამონათვალით შემოვიფარგლოთ. მაშ ასე:
უკრაინა: გააგრძელოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, მათ შორის მაქსიმალურად შეინარჩუნოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი.
მოლდოვა: გააგრძელოს ევროპისა და დასავლეთისკენ სვლა, რუსეთის საბოტაჟისა და დივერსიის მცდელობების მიუხედავად. შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
რუმინეთი: დარჩეს ტრანსატლანტიკური ალიანსის საყრდენად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. განავითაროს თავის მიმდებარე წყლებში აღმოჩენილი შავი ზღვის მდიდარი ნავთობ-გაზის რესურსები.
ბულგარეთი: დარჩეს ნატოს, ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის პარტნიორად. გაუმკლავდეს რუსეთის მავნე გავლენასა და ჩარევის მცდელობებს. რუმინეთის მსგავსად, განავითაროს შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები.
საქართველო: აქ, ალბათ, ორ დღის წესრიგზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ: მოსახლეობა ცდილობს შეინარჩუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი და პროდასავლური სახელმწიფო, მაშინ როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მომავალს მოსკოვთან, პეკინთან და სხვა ავტორიტარულ ძალებთან ალიანსში ხედავს.
რადიო თავისუფლება: თურქეთი ალბათ ცალკე უნდა გამოვყოთ - როგორ ხედავთ ანკარის როლს ამ პროცესებში?
მეთიუ ბოიზი: ანკარას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი შეასრულოს, თუ უზრუნველყოფს, რომ [ომის შემდეგ] კრემლმა ვერ შეძლოს შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება და მომარაგება; იმის გათვალისწინებით, რომ დამატებით სამხედრო ხომალდებს ბოსფორის სრუტის გავლა მოუწევთ, რომლის ერთპიროვნული ჰეგემონიც სწორედ თურქეთია მონტრეს კონვენციის საფუძველზე. შავი ზღვის რეგიონში უკვე ისედაც ზედმეტად ბევრია რუსული სამხედრო რესურსი.
დასანანია, მაგრამ ფორმალურად არც არსებობს აშშ-ის „შავი ზღვის სტრატეგია“.
რადიო თავისუფლება: როგორ აღწერდით შეერთებული შტატების ამჟამინდელ მიდგომას შავი ზღვის მიმართ - რა სტრატეგია, რა ხედვა არსებობს?
მეთიუ ბოიზი: დასანანია, მაგრამ ფორმალურად არც არსებობს აშშ-ის „შავი ზღვის სტრატეგია“ - მაგალითად, იმ ფორმით, როგორც არსებობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ან ცალკეული „ინტეგრირებული ქვეყნის სტრატეგიები“. კონგრესი უკვე წლებია ითხოვს ამგვარი დოკუმენტის შექმნას, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროკრატიამ ჯერ ვერ წარმოადგინა ერთიანი, მთელ სახელმწიფო აპარატზე დაფუძნებული სტრატეგია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს ერთიანი, შეერთებული შტატების მთავრობის ყველა სტრუქტურის გათვლით ჩამოყალიბებული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.
თუმცა ეს რეგიონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მოითხოვს ფართო სტრატეგიულ ხედვას. და ის, რასაც ამჟამად შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონში აკეთებს, იძლევა გარკვეულ მინიშნებებს, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები, როგორი შავი ზღვის ხილვა სურს ამერიკას. მთავარი აქცენტი, როგორც ჩანს, კეთდება ნატოს წევრ სამ ქვეყანასთან: რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე - იქნება ეს შეკავების ფაქტორი, ტერიტორიულ წყლებზე კონტროლის გაუმჯობესება თუ ინფრასტრუქტურის თავსებადობა ალიანსის ფარგლებში.
შეერთებული შტატების მიდგომა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად ამბიციურია - ნაწილობრივ იმიტომ, რომ კრემლმა, პრორუსული მთავრობის მეშვეობით, პრაქტიკულად უკვე „მძევლად აიყვანა“ ქართული სახელმწიფო. „ქართული ოცნება“, რბილად რომ ვთქვათ, რთული პარტნიორია და უშუალოდ მას ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც ვაშინგტონთან, ისე ბრიუსელთან ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებაზე. თუმცა შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აიღოს ხელი ქართველ ხალხზე და არ უნდა გადაულოცოს საქართველო სამუდამოდ „რუსულ სამყაროს“. მტკივნეულია იმის ყურება, თუ რა მასშტაბის ზიანი მიაყენეს რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს - მის რეპუტაციასა და პროდასავლურ ამბიციებს. სწორედ „ქართული ოცნება“ და მოსკოვია პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს ბევრი ყოფილი ახლო პარტნიორი ახლა ტაშს აღარ უკრავს თბილისს. მე პირადად აღარ წარმოვადგენ შეერთებული შტატების მთავრობას, თუმცა ვიცი, რომ ვაშინგტონში კვლავ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - მიუხედავად მათი მთავრობის პოზიციისა.
„ჩინეთი არ არის და არც უნდა იქცეს მოთამაშედ შავ ზღვაში, თუმცა ანაკლიის პორტის სცენარის განხორციელების შემთხვევაში სწორედ ეს მოხდება.“
რადიო თავისუფლება: ისევ საქართველოზე: რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტი ჩინეთს გადასცა, მაშინ როდესაც რუსეთი ოჩამჩირეში თავის სამხედრო-საზღვაო ბაზას აძლიერებს?
მეთიუ ბოიზი: ორივე შემთხვევაში შედეგი ძალიან უარყოფითი იქნება. ჩინეთი არ არის და არც უნდა იქცეს მოთამაშედ შავ ზღვაში, თუმცა ანაკლიის პორტის სცენარის განხორციელების შემთხვევაში სწორედ ეს მოხდება. რაც შეეხება ოჩამჩირეს, რუსეთს შავ ზღვაზე დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზა არ სჭირდება. განსაკუთრებული წარმოსახვის უნარი არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ როგორ გააძლიერებს კრემლი თავისი მავნე ზეგავლენის ქსელს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, თუკი იქ კიდევ ერთი ბაზა ექნება.
რადიო თავისუფლება: როგორ თავსდება შავი ზღვის რეგიონი ამერიკის „ჩინეთისკენ შემობრუნების“ ფართო სტრატეგიაში?
მეთიუ ბოიზი: როგორც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ისე ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, პრიორიტეტს ანიჭებს კომუნისტური ჩინეთის საფრთხეს და ცხადია, საფუძვლიანადაც. შავი ზღვის რეგიონი ამ დოკუმენტებში ცენტრალურ ადგილს ვერ დაიკავებს. თუმცა შავი ზღვა იმსახურებს ხსენებას და ყურადღებას ორივე სტრატეგიაში, რადგან მისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა გადამწყვეტია როგორც ევროპის, ისე ევრაზიის ძალთა ბალანსისათვის - რაც თავისთავად შეერთებული შტატების ინტერესებშია. შავი ზღვის რეგიონის იგნორირება აშშ-სთვის სერიოზული შეცდომა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მიმდინარე ტენდენციები პოზიტიურისგან ძალიან შორს არის: პოსტსაბჭოთა პერიოდში სწორედ აქ მოხდა ათამდე სამხედრო კონფლიქტი - და როგორც წესი, რაც შავ ზღვაში ხდება, შავ ზღვაში არ რჩება, ფართო გავლენა აქვს.
„არ შეიძლება, ევროპელებზე მეტად, შეერთებულმა შტატებმა ზიდოს შავი ზღვის უსაფრთხოების ტვირთი... არ უნდა ჩამოუყალიბდეთ „ჩვენ ნაცვლად ვაშინგტონი მიხედავს“ სინდრომი.“
რადიო თავისუფლება: ცოტა ხნის წინ ევროკავშირმაც დაამტკიცა საკუთარი "შავი ზღვის სტრატეგია". როგორ იმოქმედებს ვაშინგტონი - ბრიუსელთან თანასწორი პარტნიორის როლში ვიხილავთ, პროცესების მართვას თავის თავზე აიღებს თუ პირიქით, ძირითადად დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება? [take a backseat]
მეთიუ ბოიზი: დიახ, ევროკავშირმა, როგორც იქნა, დაამტკიცა შავი ზღვის სტრატეგია მაისში, თუმცა მიღებული დოკუმენტი განსაკუთრებული კონკრეტიკითა და ამბიციურობით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად ამისა, ფაქტია, სუსტი სტრატეგიის ქონა სჯობს სულ არქონას. ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკომისიას უნდა მოუწოდოს, მეტი პრიორიტეტი მიანიჭოს შავი ზღვის რეგიონს, რადგან სწორედ ეს რეგიონი იყო და რჩება ევროპაში დესტაბილიზაციისა და კონფლიქტების კერად ათწლეულების განმავლობაში.
აშშ-მ ასევე უნდა მოუწოდოს ნატოსაც, გააძლიეროს შეკავების მექანიზმები შავი ზღვის რეგიონში, რადგან უკვე ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და საჰაერო სივრცეს არღვევს. უკვე ზედმეტად ბევრი რუსული დრონი შეხეტიალდა რუმინეთის ტერიტორიაზე იმის საფიქრებლად, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობაა ანაც შეცდომა. ეს სრულიად მიუღებელია და რუმინეთმა ისინი უნდა ჩამოყაროს. ბულგარეთიც რუსეთის ჰიბრიდული ომის ყოველდღიური სამიზნეა - ეს უნდა შეწყდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი საკუთარი ინიციატივით დაიხევს უკან. რაც შეეხება თურქეთს, მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, აშშ-სთან, ევროპის წამყვან წევრ ქვეყნებთან და თავად მოსკოვთან მისი უნიკალური ურთიერთობებისგან გამომდინარე.
თავისუფალი და ღია შავი ზღვა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია, და სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობამ უნდა იმუშაოს მჭიდროდ როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ამ რეგიონში. სასურველია ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობაც, რადგან არ შეიძლება, ევროპელებზე მეტად შეერთებულმა შტატებმა ზიდოს შავი ზღვის უსაფრთხოების ტვირთი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ამერიკა მყარად დგას ნატოსა და მოკავშირეთა გვერდით, მან ასევე საკმაოდ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა ჩამოუყალიბდეთ „ჩვენ ნაცვლად ვაშინგტონი მიხედავს“ სინდრომი.
ფორუმი