Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა BBC-ის სტატიის შემდეგ „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლებით დაიწყო გამოძიება


ეს მუხლებია „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
ეს მუხლებია „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ეს მუხლებია:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.

პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:

  • „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
  • „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.

„გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას“, - აცხადებს სუსი.

დღეს ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი გამოეხმაურა BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას თბილისში 2024 წლის აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ და განაცხადა:

„ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“.

დღეს დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.

ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG