Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,15% იყო


საარჩევნო უბანი მარნეულში
საარჩევნო უბანი მარნეულში

მერების და საკრებულოების წევრების ასარჩევად დღის 12 საათისთვის ხმა მისცა 602 666 ამომრჩეველმა, რაც ცესკოს ინფორმაციით, საერთო რაოდენობის 17,15%-ია.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 513 818 ამომრჩეველი.

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 30,76% იყო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი, 12,93% - თბილისში.

წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 12:00 საათისთვის აქტივობა 17,72% იყო.

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.

პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 3 061 საარჩევნო უბნიდან 2 284-ზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება.

არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებში დაპირისპირება ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან გადაწყვიტეს „ძლიერი საქართველო - ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩმა“.

ძირითადი ოპოზიციური ძალებიდან არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პარტიების გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

წინა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა შეინარჩუნა ყველა საკრებულოში, გარდა რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხისა.

ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდა 15 თვითმმართველ თემშიც. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხა იყო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG