მას მიაჩნია, რომ 2025 წელს მიღებული ცვლილებები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
მართალია, ის ოთხი საქმე, რომელთა მსვლელობაც მან შეაჩერა, დემონსტრაციებისას დაკავებულებს არ ეხება, მოსამართლის განმარტებით, დავის შედეგებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს აქციებისას დაკავებულთა თუ დაჯარიმებულთა შემთხვევებზე.
რა ხდება?
1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შეაჩერა თავისი განსახილველი 4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება.
ოთხივე ადმინისტრაციული საქმე პოლიციამ აღძრა ადგილობრივების - თეთრიწყაროს და წალკის მკვიდრების - წინააღმდეგ და ისინი პირდაპირ არ ეხება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს, რომელთა მონაწილეებსაც ხშირად სჯიან ამავე წესებით.
ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა. წარდგინებები ჯერ სასამართლოს საიტზე არ გამოქვეყნებულა. ჯერ უცნობია, რა ვადაში იმსჯელებს მათს დასაშვებობაზე სასამართლო.
ვლადიმერ ხუჭუა ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის ზაფხულში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება:
- სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას“;
- ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.
მოსამართლე ხუჭუამ დღეს, 1 დეკემბერს, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიაჩნია, ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციის სამი მუხლითაა გარანტირებული:
- მუხლი 9: ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა;
- მუხლი 11: თანასწორობის უფლება;
- მუხლი 13: ადამიანის თავისუფლება.
რას ნიშნავს პრაქტიკაში?
2025 წლის ზაფხულში, „ქართული ოცნების“ მიერ დომინირებულმა პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სამართალდარღვევათა კოდექსში, - 166-ე, 173-ე და 160-ე მუხლებში.
როგორც მოსამართლე განმარტავს, ცვლილების არსი ასეთია:
„თუ ადამიანმა ვერ გადაიხადა ჯარიმა [რაც სამართალდარღვევისთვის დააკისრეს], ხოლო შემდეგ იგივე სამართალდარღვევა ჩაიდინა, მოსამართლე ვალდებულია, მიუსაჯოს მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა, - მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქციის [60-დღიანი პატიმრობის] არანაკლებ ნახევარი“.
პრაქტიკაში ეს წესები შემდეგნაირად გამოიყურება:
- ვთქვათ, ადამიანი დააჯარიმეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით;
- მან არ გადაიხადა ჯარიმა (2000 ლარის ოდენობით);
- შემდეგ ის კვლავ ცნეს სამართალდამრღვევად იმავე მუხლით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობით - მოსამართლე ვალდებულია, მას შეუფარდოს მინიმუმ 30-დღიანი პატიმრობა.
„ჩემს წარმოებაში როცა შემოვიდა ეს საქმე [რაც ეხებოდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას] მე მივიჩნიე, რომ ეს ცვლილებები იყო და არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო“, - ამბობს მოსამართლე. ამის შემდეგ მიმართა მან საკონსტიტუციო სასამართლოს.
რაც შეეხება მარიხუანის მოხმარებას - მოსამართლის განმარტებით, 2025 წელსვე მიღებული ცვლილებებით, მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს სამი ან ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის მართვის უფლება.
„ადამიანი, რომელიც მართვის უფლების გამოყენებით ინახავს ოჯახს, - მაგალითად, ტაქსის მძღოლია, - გამოდის, რომ სარჩოს გარეშე რჩება. მიმაჩნია, რომ ესეც არაა სამართლიანი სასჯელი, - მოსამართლეს არ რჩება სივრცე, ინდივიდუალურად განსაზღვროს სასჯელი, პირდაპირ წერია სამი წელი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განმარტებითვე, დავა, რომელიც მან წამოიწყო, პოტენციურად შეეხება ბევრ ადამიანს, - მათ შორის მანიფესტაციებისას დაკავებულებს.
„თუ სხვა მოსამართლეებიც გადაწყვეტენ, მათაც შეუძლიათ იგივე წესით საქმისწარმოება შეაჩერონ“, - ამბობს იგი.
ვინ არის მოსამართლე ხუჭუა
2024 წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.
ამის შემდეგ ხუჭუა და მისი ოჯახი „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების სამიზნე გახდა. მმართველი პარტია და ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებენ, რომ მოსამართლე არაობიექტური და მიკერძოებული იყო.
საია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა - ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება 5 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ხუჭუას განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 7 ნოემბერს გააბათილა და არ დააკმაყოფილა სხვა არცერთი სარჩელი დარღვევებზე, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა აღნუსხეს.
ფორუმი