დანიური გამოცემა Danwatch-ისა და გერმანული ჟურნალის Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუსული საიდუმლო ბირთვული ობიექტების დაწვრილებითი გეგმა. ირკვევა, რომ ისინი ღიად ქვეყნდებოდა რუსეთის სატენდერო დოკუმენტაციებში.
რუსეთში ბირთვული იარაღი 11 ობიექტში ინახებოდა, რომელთა უმრავლესობა გაფართოვდა და მოდერნიზაცია განიცადა. მსგავსი ობიექტების შიდა გეგმარება განსაკუთრებული საიდუმლოებით დაცულ დოკუმენტაციას განეკუთვნება. თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჟურნალისტებმა, მათ შორის, აღმოაჩინეს ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნიში მდებარე სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბაზის ასობით დიაგრამა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბაზები გარედან აღჭურვილია მონიტორინგის კომპლექსური სისტემებით, დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა თანამედროვე სისტემებით. გარე პერიმეტრის გასწვრივ დამონტაჟებულია სამდონიანი დამცავი ელექტრონული ღობეები, სეისმური აქტივობისა და რადიოაქტიურების სენსორები, რკინაბეტონის კედლები, დაჯავშნილი კარები და ფანჯრები, ასევე მაგნიტური კონტაქტებითა და ინფრაწითელი სენსორებით აღჭურვილი სიგნალიზაციის სისტემები.
ასევე დეტალურადაა აღწერილი ობიექტების შიდა გეგმარება, მათ შორის დამცავი კოსტიუმებისა და იარაღის შესანახი სივრცეები, სადისპეტჩეროები და ნაგებობებს შორის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბების ადგილმდებარეობა. დოკუმენტებში მითითებულია, თუ სად იკვებებიან, სძინავთ, ისვენებენ და ვარჯიშობენ ჯარისკაცები, ასევე, რა სავარჯიშო აღჭურვილობას იყენებენ და რა თამაშებს თამაშობენ თავისუფალ დროს.
რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი და ნორვეგიის თავდაცვის აკადემიის ლექტორი, ტომ როზეთი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ რეალურია რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მოდერნიზაცია და რომ „ახალი ტიპის იარაღისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს ძალიან კონკრეტული ქმედებები ამყარებს“.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა მსგავსი დოკუმენტების გაჟონვას უწოდა რუსეთში „პროცედურების სერიოზული ამოვარდნა“ და განაცხადა, რომ დოკუმენტები სამხედრო ბაზებს პოტენციურად დაუცველად აქცევს გარე თავდასხმებისთვის.
ფორუმი