Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლასტმასის სტალინის დაბრუნება მოსკოვის მეტროში


სტალინის ჰორელიეფი მოსკოვის მეტროში, 2025 წლის 15 მაისი
სტალინის ჰორელიეფი მოსკოვის მეტროში, 2025 წლის 15 მაისი

მოსკოვის მეტროპოლიტენში გაიხსნა ჰორელიეფი, რომლის ცენტრალური ფიგურაც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია.

კომპოზიციის ცენტრში სტალინის ფიგურა გარშემორტყმულია სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის წარმომადგენელთა ყვავილებიანი სკულპტურებით.

მოსკოვის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ეს სკულპტურული კომპოზიციის - „ხალხის მადლიერება ბელად-მხედართმთავრისადმი“ - ასლია, რომელიც დაიდგა სადგურების „ტაგანკსკაია-წრიული“ და „ტაგანკსკაია-კრასნოპრესნენსკი“ დამაკავშირებელ გადასასვლელში.

სტალინის სკულპტურული კომპოზიციის აღდგენა გააპროტესტა ოპოზიციურმა პარტია „იაბლოკომ“. პარტიის მოსკოვის ბიურომ მოუწოდა მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას უარი ეთქვა ინიციატივაზე და ეზრუნა „რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შენარჩუნებასა და უკვდავყოფაზე.

„სტალინიზმის სიმბოლოების მოსკოვში დაბრუნება დროისათვის სახეში შეფურთხება და რეპრესირებულთა შთამომავლების დაცინვაა, ეს მოსკოვის სირცხვილია“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ კი სტალინის მეტროში დაბრუნებას „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ უწოდა. რუსმა კომუნისტებმა იმედი გამოთქვეს, რომ სტალინის ძეგლები მოსკოვის სხვა ადგილებშიც გაჩნდებოდა.

მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტის სიტყვებით, რუსეთის დედაქალაქმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე საჩუქრად მიიღო ღირსშესანიშნავი თარიღისადმი მიძღვნილი აღდგენილი ისტორიული ჰორელიეფი, რომელიც 1966 წლამდე განთავსებული იყო მეტროს წრიული ხაზის სადგურის, „ტაგანკსკაიას“ ტორსში, თუმცა ტაგანკსკაია-კრასნოპრესნენსკაიას ხაზზე გადასასვლელის მშენებლობის დროს კომპოზიცია „დაიკარგა“. ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ექსპერტებმა კომპოზიცია საარქივო ფოტოებისა და დოკუმენტების გამოყენებით აღადგინეს „როგორც ორიგინალის ზუსტი ასლი.“

თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ აღდგენის სიზუსტესა და ხარისხში. საბჭოთა არქიტექტურის მკვლევარი ალექსანდრ ზინოვიევი, რომლის ციტირებასაც აკეთებს „გერმანული ტალღა“ (DW), აღნიშნავს, რომ კომპოზიცია მთლიანობაში იმეორებს ორიგინალს, მაგრამ ასლის სიზუსტეზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ახალ ძეგლში არ არის გამოყენებული ორიგინალის მასალა და ფერი, ნამუშევარს ასევე აკლია ორნამენტები პერიმეტრის გარშემო.

„საერთო ჯამში, მივიღეთ იდეოლოგიური ჟესტი, რომელშიც მეორეხარისხოვანია ისტორიული არქიტექტურული იერსახის აღდგენა“, - ამბობს ალექსანდრ ზინოვიევი.

მხატვარმა ანტონ სემაკინმაც აღშფოთება ვერ დამალა ასლის დაბალი მხატვრული დონის გამო:

„გამქრალია ფიგურის მთელი პლასტიკურობა, რომ აღარაფერი ვთქვათ პორტრეტულ მსგავსებაზე.“

მოსკოვის მეტროს წრიული ხაზი სტალინის მმართველობის დროს აშენდა. „პიროვნების კულტის“ გამოაშკარავების კამპანიის დროს (1950- 60-იანი წლები) მოსკოვის მეტროპოლიტენი მთლიანად გაიწმინდა სტალინის როგორც სკულპტურებისგან, ასევე ჰორელიეფებისა და მოზაიკური პანოებისგან, თუმცა 2009 წელს, სადგურ „კურსკაიას“ ვესტიბიულის რესტავრაციის დროს, აღადგინეს საბჭოთა ჰიმნის სტრიქონი, რომელშიც მოხსენიებულია სტალინის სახელი.

წუნდებული ეთიკურადაც და ესთეტიკურადაც

ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი რუსი ისტორიკოსის ანდრეი ზუბოვის თქმით, სტალინი, რომელიც დიდი ხნის წინ ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან და გაიტანეს მავზოლეუმიდან, რაც უნდა უცნაური იყოს, რუსული ბედისწერის ცენტრად რჩება.

„ის ჩვენი ცხოვრების სცენაზეა. მეტიც, ახლა მას კვლავ უდგამენ ძეგლებს, მის პატივსაცემად აეროდრომს უცვლიან სახელს და მოსკოვის მეტროში მის ჰორელიეფს აბრუნებენ. რატომ? რატომ არ შეგვიძლია სტალინის უტილიზაცია?“ - კითხულობს ისტორიკოსი, რომელიც თვითონვე უპასუხებს:

„ძალიან მარტივი მიზეზის გამო - სტალინი ბევრი ჩვენგანის არსი და ხატებაა. სტალინის არსი ადამიანის თავისუფლების, ღირსების, მისი „თვითმყოფადობის“ სიძულვილია. სტალინის არსია უზნეობა; ტოტალიტარული სახელმწიფო მანქანის უპასუხისმგებლო, მაგრამ საიმედო ჭანჭიკობა; ზემოდან მომავალი ნებისმიერი ბრძანების შესრულება და ამისთვის ბონუსების მიღება. სწორედ სტალინი იქცა რუსეთში აბსოლუტური ტოტალიტარიზმის ხატად და როდესაც ტოტალიტარიზმის ტემპერატურამ კვლავ მიაღწია აბსოლუტურობის ნიშნულს, რუსეთის საზოგადოება სიტყვებიდან კვლავ საქმეზე გადავიდა და დაიწყო სტალინის ძეგლების აღმართვა. სტალინი დღეს - ეს სიმპტომია“.

მოსკოვის მეტროში გახსნილი სტალინის ჰორელიეფის ხარისხსა და შინაარსზე ვრცელი კომენტარი გააკეთა ხელოვნებათმცოდნე ელიზავეტა ლიხაჩევამ - შჩუსევის სახელობის არქიტექტურისა და პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმების ყოფილმა დირექტორმა, რომლის თქმითაც, ყურადღების ცენტრშია იოსებ სტალინის გამოსახულება. მაგრამ ამ გამოსახულების მიღმა არ ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ის, რაც ჩვენს წინაშეა, საერთოდ არ არის რეკონსტრუქცია, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე, - ეს არის ნაყალბევი - და არა მხოლოდ მასალის თვალსაზრისით, არამედ შინაარსითაც. ეს არის ფსევდო დაბრუნება, რომელიც ეფუძნება შჩუსევის სახელობის არქიტექტურის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან აღებულ ერთ ფოტოსურათს. ნამდვილ რეკონსტრუქციაზე რომ იყოს საუბარი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ნამდვილი აღდგენა მოითხოვს მოქანდაკეების, ჩამოსხმის ოსტატებისა და ფაიფურის ტექნოლოგების ჩართულობას; გჟელში ან დულიოვოში მივლინებას, გამოწვისა და მოჭიქვის ტექნიკის გამოყენებას. 1950-იან წლებში შექმნილი ეს ნამუშევარი არ არის უბრალო საბჭოთა ხელოვნება, ეს არის ფაიფურის ქანდაკება, ე.წ. თეთრეული - შეუღებავი თეთრი ფაიფური, ესთეტიკურად და ტექნიკურად რთული ნამუშევარი“.

ელიზავეტა ლიხაჩევა
ელიზავეტა ლიხაჩევა

ელიზავეტა ლიხაჩევას თქმით, ის, რაც მოსკოვის მეტროში „დაამონტაჟეს“, 3D პრინტერზე უხარისხოდ გაკეთებული პლასტმასის „ბალვანკაა“, რომელიც უხეშად არის შეღებილი ისე, რომ მოჭიქული ფაიფურის იერი ჰქონდეს.

„ეს არც ხელოვნებაა და არც რეკონსტრუქცია. ეს პიარია. პრიმიტიული მცდელობა, ზემოდან მოექცე მორიგ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებულ „პატრიოტული ჰაიპის (hype)“-ის ტალღას. კარგად მახსოვს, როდესაც არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი ვიყავი, რამდენჯერმე მივმართეთ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას სადგურებისა და პავილიონების დეკორატიული ელემენტების შენარჩუნების საკითხების გადაჭრის თხოვნით. იმთავითვე ნათელი იყო, რომ დანაკარგები გარდაუვალი იქნებოდა. არანაირი რეაგირება არ ყოფილა. რადგან ნამდვილ რესტავრაციას არ მოაქვს იაფფასიანი დიდება. აი, პლასტმასის „სტალინს“ კი მოაქვს. სამწუხაროა, რომ ასეთი რთული და საკამათო ისტორიული ფიგურა გამოიყენება პიარის მიზნით. ორმაგად შეურაცხმყოფელია, რომ ამას აკეთებენ ნაყალბევით, თანაც არა არა იდეოლოგიური ნაყალბევით, არამედ ტექნოლოგიურით. ეს ყველაფერი ჩვენივე წარსულის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე მეტყველებს: ზედაპირულზე, ხმაურიანსა და უპასუხისმგებლოზე“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ელიზავეტა ლიხაჩევა.

სტალინის დაბრუნება

რა არის ეს, პიროვნების კულტის აღორძინება თუ ისტორიული რევიზიონიზმის მორიგი ტალღა? - ამ კითხვებს ყოველ ჯერზე სვამენ ანალიტიკოსები, როცა რუსეთის რომელიმე რეგიონში ან ქალაქში სტალინის მორიგი ძეგლი ან მემორიალი იხსნება. ყველაზე ხშირად, საუბარია კერძო პირების ან რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ინიციატივებზე, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ძეგლის დადგმას მხარს უჭერენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

მხოლოდ 2025 წლის აპრილ-მაისის დაკვირვებამ აჩვენა, რომ:

  • ვოლგოგრადის აეროპორტს ოფიციალურად ეწოდა „სტალინგრადის აეროპორტი“
  • ვოლოგდის ოლქში გაიხსნა სტალინის რიგით მეორე ძეგლი
  • ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში დასრულდა სტალინ-ცენტრის მშენებლობა.
  • ტულის მუზეუმში დააბრუნეს სტალინის სამოვარი
  • სტავროპოლში აღლუმზე უკვდავმა პოლკმა სტალინის უზარმაზარი პორტრეტი ჩამოატარა
  • სტალინის ძეგლი გაიხსნა ულან-უდეში
  • ჩუვაშიაში სტალინის რიგით მესამე ბიუსტი გახსნა
  • მოჟაისკში დაიდგა სტალინის ბიუსტი

წლების წინ ვლადიმირ პუტინი აღიარებდა სტალინის მმართველობის დროს მომხდარ დანაშაულებს, მაგრამ ის ასევე ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის განვითარებისთვის. პუტინის მმართველობის ბოლო პერიოდში შეიენიშნება სტალინის კულტის აღდგენის ნიშნები. მრავალი ქალაქის ქუჩები და მოედნები სტალინის სახელობისაა, ხოლო 9 მაისის აღლუმებზე ღიად ხდება სტალინის დამსახურების განდიდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია გარკვეულწილად უკავშირდება პუტინის სურვილს, აღადგინოს რუსეთის "ისტორიული დიდება".

2023 წელს რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში შემოიღეს ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც სტალინის რეპრესიებს მინიმალურად ეხებიან და უფრო მეტად აქებენ საბჭოთა კავშირის მიღწევებს.

ამბობენ სტალინს, გულისხმობენ პუტინს

2017 წელს პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რთული დამოკიდებულება აქვს სტალინის პიროვნებასთან. პუტინი სტალინის დემონიზაციის წინააღმდეგია, თუმცა, მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება სტალინიზმის საშინელებების დავიწყება.

„სტალინი იყო თავისი ეპოქის პროდუქტი ისევე როგორც ოლივერ კრომველი და ნაპოლეონი. სტალინის გადაჭარბებული დემონიზაცია საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე თავდასხმის ერთ-ერთი გზაა. იმის საჩვენებლად, რომ დღევანდელი რუსეთი სტალინიზმის გარკვეული ნიშნების მატარებელია“, - უთხრა ამერიკელ რეჟისორს პუტინმა, რომლის თქმითაც, ნიშანდობლივია ის, რომ სტალინის მიმართ „მოქნილი“ დამოკიდებულება ჰქონდა ისეთ „მხურვალე ანტისაბჭოთა“ ადამიანსაც კი, როგორიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იყო:

„როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ის საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის მგზნებარე მომხრე იყო და სტალინს დიდ მხედართმთავარსა და რევოლუციონერს უწოდებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ცნობილია, სწორედ ჩერჩილი იყო ცივი ომის ინიციატორი, თუმცა როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი გამოცადა, კვლავ უინსტონ ჩერჩილი ალაპარაკდა ორი სისტემის თანაარსებობის აუცილებლობის შესახებ“.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა ცდილობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უკრაინაში მიმდინარე ომის, ე.წ. СВО-ს ვეტერანებით ჩაანაცვლოს, ხოლო სტალინი - პუტინით.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე სტალინია“, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსმა ულტრაკონსერვატორმა პოლიტიკოსმა და მწერალმა მწერალმა ალექსანდრ პროხანოვმა ტელეკომპანია RTVI-თვის მიცემულ ინტერვიუში 2024 წლის აგვისტოში.

„პირველი სტალინი იყო წმინდა ვლადიმირი, მეორე სტალინი - ივანე მრისხანე, მესამე - პეტრე პირველი, რუსეთის იმპერატორი, მეოთხე - თვითონ იოსებ სტალინი, ხოლო მეხუთე სტალინი უდავოდ არის ვლადიმირ პუტინი“, - თქვა პროხანოვმა და დასძინა, რომ რუსეთის ამჟამინდელი მეთაური „უკვე ჩამოყალიბდა სტალინად და კვლავაც განაგრძობს სტალინად ფორმირების პროცესს “.

პროხანოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა „თმებით ამოათრია რუსეთის იმპერია 90-იანი წლების წყეული უდროობიდან“ და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სტალინის მსგავსად, „რუსეთის სიდიადის აღდგენისათვის“ აკეთებს.

იოსებ სტალინი
იოსებ სტალინი

იოსებ სტალინი-ჯუღაშვილი (1878–1953 წწ), - საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი 1920-იანი წლებიდან 1953 წლამდე. დაიბადა საქართველოში, გორში.

სტალტინის მმართველობა მოიცავდა:

  • მასშტაბურ რეპრესიებს (დიდი ტერორი);
  • იძულებით კოლექტივიზაციასა და ჰოლოდომორს (მასობრივ შიმშილს) უკრაინაში
  • ინდუსტრიალიზაციას
  • მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტ როლს

დიდი წმენდა - ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში 1930-50-იან წლებში, რომლის ფარგლებშიც დააპატიმრეს, გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი. რეპრესიებს შეეწირნენ:

  • ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები - უკრაინელები, პოლონელები, ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები და სხვ.
  • სოციალური ჯგუფები - გლეხები, ინტელიგენცია, პარტიული ლიდერები, არმიის კორპუსის წარმომადგენლები
  • სასულიერო პირები - მღვდლები, მოლები, რაბინები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები


ჰოლოდომორი - 1932–1933 წლებში უკრაინაში გამოწვეული ხელოვნური შიმშილი - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ისტორიკოსი რობერტ კონკუესტი თავის 1986 წლის ნაშრომში "Harvest of Sorrow" აღნიშნავს, რომ ჰოლოდომორის დროს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა კავშირის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა 3.9 მილიონი იყო. თუმცა, თანამედროვე დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალია და რეალურ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 4.5 მილიონი იყოს. საბჭოთა კავშირის პერიოდში შიმშილის შესახებ ინფორმაცია მკაცრად კონტროლდებოდა და დოკუმენტები ხშირად ნადგურდებოდა ან ყალბდებოდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG