28 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში მართავს შეხვედრებს.
შორი მანძილის იარაღის საკითხის წამოწევას ანალიტიკოსები უკავშირებენ მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის იგნორირებას და უკრაინულ ქალაქებზე მასობრივი შეტევის გაგრძელებას, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს “შეშლილიც” უწოდა. "პუტინი ცეცხლს ეთამაშება", - თქვა ტრამპმა ბოლო განცხადებაში. "ვაფასებთ ტრამპის სამშვიდობო მცდელობებს", - უპასუხეს კრემლიდან.
რას შეცვლის TAURUS-ი ომში?
თუკი რუსეთ-უკრაინის ომში გერმანული TAURUS-ები გამოჩნდება, ექსპერტების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება კიევისთვის - რუსეთთან ომში უკრაინას დღემდე არასოდეს ჰქონია 500-კილომეტრზე მოქმედი, მძლავრი და სიზუსტით გამორჩეული ფრთოსანი რაკეტები. თუმცა სამხედრო ექსპერტები ძირითადად აღნიშნავენ, რომ ეს იარაღი გარდატეხას ვერ შეიტანს ომის მიმდინარეობაში.
- „ჰაერი-მიწის“ ტიპის TAURUS-ს მიწიდან 50 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ ფრენა, რაც მათ მიუწვდომელს ხდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. ამ რაკეტებს ნებისმიერი სიმტკიცის ბეტონის წინაღობის გარღვევაც შეუძლიათ.
- TAURUS-ის მოქმედების ზონაში ექცევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ნებისმიერი ტერიტორია უკრაინაში და რუსეთის ევროპული ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, მოსკოვის ჩათვლით.
27 მაისს ფინეთში მყოფმა ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე არ უპასუხა მედიის შეკითხვას უკრაინისთვის დაპირებული გერმანული რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. თუმცა აპრილში, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე კანცლერად აირჩევდნენ, ფრიდრიხ მერცმა ტელეარხ ARD-სთან დაპირება დაადასტურა და თქვა, რომ TAURUS-ების გადაცემა პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდება.
მანამდე ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკის (CDU-CSU) წინასაარჩევნო დაპირებებს შორის.
2024 წლის დეკემბერში, ფრიდრიხ მერცი ჩასული იყო კიევში და პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისგან სამხედრო დახმარების დამაიმედებელი დაპირებები მიიღო.
26 მაისს ბერლინში, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, WDR-ის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინას უკვე მოხსნილი აქვს შეზღუდვა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აშშ-ის მიერ და კიევს თავისუფლად შეუძლია მიზანში ამოიღოს სამხედრო სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზე.
27 მაისს რუსეთის სახელმწიფო მედია ინტენსიურად იმეორებდა გერმანიის ვიცე-კანცლერის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენლის, ლარს კლინგბაილის განმარტებას, რომ გერმანიას არ შეუცვლია მიდგომა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ ახალი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა ექსპერტებს SPD-ს მიდგომები არ უკვირთ, რადგან მმართველ კოალიციაში შემავალი ეს პარტია და მისი ლიდერი - ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი - TAURUS-ების გადაცემაზე ყოველთვის უარს აცხადებდნენ.
“შოლცის მმართველობის დროს გერმანიის ყოყმანმა რუსეთს მისცა ოპერატიული უპირატესობა და საკუთარი თავდაცვისა და ტაქტიკის ადაპტირების საშუალება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დიდი ბრიტანეთის ყოფილმა სამხედრო ატაშემ, ჯონ ფორმანმა. ის ფიქრობს, რომ, დაგვიანების მიუხედავად, "TAURUS"-ის სახით ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, თუმცა არ ჰგონია, რომ "ეს შეცვლის ომის ტრაექტორიას".
26 მაისს ფრიდრიხ მერცმა ამავე თემაზე ცალკე განცხადებაც გამოაქვეყნა.
“გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს ასევე ნიშნავს, რომ აღარ იქნება არავითარი შეზღუდვა - იმ იარაღის მოქმედების მანძილზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. უკრაინას ახლა ასევე შეუძლია საკუთარი თავდაცვის მიზნით შეუტიოს სამხედრო პოზიციებს რუსეთში”, - ფრიდრიხ მერცის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს არასრულ 24 საათში მილიონზე მეტი ნახვა შეუგროვდა.
27 მაისს ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა დაამატა, რომ სრულყოფილი თავდაცვისთვის აუცილებელია დარტყმები მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე.
რატომ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი ახლა?
სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი უკრაინულ მედიას უზიარებს, მისი აზრით, საფუძვლიან ვარაუდს, რომ TAURUS-ების მიწოდების საკითხი გერმანიის კანცლერს უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს, ანდა უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.
“სხვა შემთხვევაში აზრმოკლებული იქნებოდა მისი [მერცის] სიტყვები, რომ გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე, მაშინ, როცა ახლა გერმანია არანაირ შორი მოქმედების რაკეტებს არ აწვდის უკრაინას… არც ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხსენება არ იყო შემთხვევითი [მერცის განცხადებაში] - როგორც ჩანს, ამ ქვეყნებსაც აქვთ გარკვეული გეგმები უკრაინისთვის Storm Shadow-ს [ფრანგული დასახელებით - SCALP] უფრო შორი მოქმედების ვარიანტის გადაცემის შესახებ. ამ რაკეტების მოქმედების მაქსიმალური მანძილი 560 კილომეტრია”, - აღნიშნავს ფიოდოროვი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკვე 8-9 თვეა, უკრაინა დიდწილად საკუთარი დრონებითა და რაკეტებით “ინტენსიურად ზემოქმედებს სამხედრო ობიექტებზე რუსეთში” და რომ აზრადაც აღარავის მოსდის, კიევს “აკურატულობა” მოსთხოვოს ამ შეტევების დროს.
“განცხადება კარგია, მაგრამ ლოგისტიკა კიდევ უფრო უკეთესია. ლოგისტიკაში იგულისხმება მოწოდების მასშტაბი და ამა თუ იმ გადაწყვეტილების დროულად მიღება… ყველაფერი საჯაროდ არ ითქმის...” - ამბობს პოდოლიაკი
The Breakfast Show-ს ეთერში ინტერვიუს მსვლელობისას, მან თავად დასვა შეკითხვა, აქვს თუ არა უკრაინას ამ ეტაპზე 500+ კილომეტრზე მოქმედი რაკეტებიო, მაგრამ პასუხი აღარ გაუცია.
ფრიდრიხ მერცის განცხადებების შემდეგ, ექსპერტებს შორის გაჩნდა ასევე ვარაუდი, რომ შესაძლოა, გერმანიას TAURUS-ები უკვე მიწოდებული აქვს უკრაინისთვის.
რას იყენებდა უკრაინა?
ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან ომში უკრაინა იყენებდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ მიწოდებულ რაკეტებს - ATACMS-ს, Storm Shadow-ს და SCALP-EG-ს. მათ, ყველას, შორი მოქმედების რაკეტებად მოიხსენიებენ, თუმცა ამ შეიარაღების წვდომა 300 კილომეტრს არ აღემატება.
- მაგალითად, 2023 წლის სექტემბერში Storm Shadow-მ და SCALP-მა დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „მინსკი“ და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“. თუმცა ამ რაკეტების მთავარ ნაკლად შეზღუდული მოქმედების მანძილი მიიჩნეოდა.
- „მოგვაწოდეს რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრამდეა. რომც დავიწყოთ სროლა თითქმის ფრონტის ხაზიდან, მაგალითად, ორეხოვიდან (ზაპოროჟიეს ოლქი), ყირიმის ხიდს ამ რაკეტებით მაინც ვერ მივწვდებით”, - აცხადებდა 2023 წელს უკრაინის ავიაციის ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ვალერი რომანენკო.
2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად პირველად გამოაცხადა, რომ უკრაინას მიეცა უფლება ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავდნენ, ევროპულ და ამერიკულ ნებართვებს მაინც ახლდა დათქმები და სხვადასხვა სახის შეზღუდვა.
რუსეთს ისევ დრო გაჰყავს
გერმანიის კანცლერის სიტყვებს გამოეხმაურა მოსკოვი. ითქვა, რომ ეს „სახიფათო გადაწყვეტილებაა“. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ისიც განაცხადა, რომ შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების ნებართვა ხელს შეუშლის სამხედრო კონფლიქტის „პოლიტიკური დარეგულირების“ გეგმებს.
მაგრამ კრემლი თავად აჭიანურებს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივისა და მოწოდებების შესრულებას.
უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო 2-საათიან სატელეფონო საუბარს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად გაგრძელების იმედს გამოხატავდა. მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კით კელოგმა 27 მაისს “ფოქს ნიუსს” უთხრა, რომ, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვს ვაშინგტონისთვის შეთანხმებული სამშვიდობო ხედვა ჯერ არ წარუდგენია, რაც აუცილებელია მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ.
ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმისთვის კონკრეტული ხედვების შემუშავების ვალდებულება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა 16 მაისს სტამბოლში შეათანხმეს და როგორც ამერიკული მხარე იუწყება, ეს საკითხი განიხილებოდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 19 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც.
კელოგი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ ომის დასრულება ერთადერთ ადამიანს - პრეზიდენტ ტრამპს - შეუძლია და როცა დაპირისპირებულ მხარეთა წინასწარი პოზიციები შეჯერდება, შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ჟენევაში, რადგან რუსეთმა უარი განაცხადა შეხვედრის ვატიკანში გამართვაზე, რაც პრეზიდენტ ტრამპის იდეა იყო.
ამასობაში, რუსეთი არ ჩერდება - დღისით თუ ღამით ბომბავს უკრაინის ქალაქებს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ბოლო სამ დღეში, უკრაინაში რუსული დრონების 900 შეტევა აღირიცხა და ისროლეს ბალისტიკური რაკეტებიც.
უქმეებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის - სამი არასრულწლოვანი. რუსეთის საგანგებო სამიზნე იყო დედაქალაქი კიევიც.
მოსკოვიდან განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ პასუხია უკრაინის თავდასხმებზე.
25 მაისს უკრაინაზე რუსეთის მორიგი ძლიერი შეტევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს „რაღაც დაემართა“ და „აბსოლუტურად შეიშალა“, რადგან კვლავ კლავს უამრავ ადამიანს, უკრაინის ქალაქებს რაკეტებს ესვრის.
აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უდავოდ განიხილავდა დამატებითი სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ - სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად; თუმცა სანქციების თემა მას აღარ განუვრცია.
ამერიკის პრეზიდენტის ბრაზი კრემლმა ევროპელ ლიდერებს დააბრალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ლოგიკით, ევროპელი ლიდერები უკრაინას მოსკოვზე და სხვა ქალაქებზე თავდასხმისკენ აქეზებენ, რაც სამშვიდობო პროცესის საბოტაჟია და ტრამპს ემოციები იმის გამო სძლევს, რომ სამშვიდობო პროცესი წინ ვერ მიდის.
„რა თქმა უნდა, მას [ტრამპს], როგორც ადამიანს, რომელსაც არ უყვარს წინაღობები კეთილშობილური მიზნების მიღწევის გზაზე, უჩნდება გარკვეული შეფასებები, გარკვეული რიტორიკა“, - განაცხადა ლავროვმა თურქი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხრეა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც თურქეთში გაიმართოს. მასპინძლობის მზადყოფნა გამოხატა თურქმა მინისტრმაც.
27 მაისს ტრამპმა ისევ ახსენა პუტინი. თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი “ცეცხლს ეთამაშება” და მას არ ესმის, რა საშინელება შეიძლებოდა დამართოდა.
„რომ არა მე, რუსეთს უკვე დიდი ხნით ადრე დაემართებოდა მართლაც საშინელება. მხედველობაში მაქვს - მართლა საშინელება“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს სანქციები შესაძლოა მიმდინარე კვირაში დაუწესოს. გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ სამშვიდობო პროცესის უგულებელყოფით.
ევროპელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობას ხედავენ.
საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, პოლონეთი მუდმივად უდგანან მხარში უკრაინას და კიევის დასახმარებლად სხვა თანამოაზრეების შეკრებას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ. მათ მხარს უჭერენ ევროკავშირის ლიდერები. ბრიუსელმა უკვე დაამტკიცა სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. მოელიან, რომ მას სწრაფადვე მოჰყვება უკვე დაანონსებული მე-18 პაკეტი.
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა 150 მილიარდი ევროს [170 მილიარდი დოლარი] ხარჯი თავდაცვის მიზნებისთვის.
ფორუმი