Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი: უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების მანძილის შეზღუდვა მოხსნილია


გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების მანძილზე დაწესებული შეზღუდვა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 26 მაისს განაცხადა ტელერადიო კომპანიის, WDR-ის მიერ ბერლინში ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას.

„აღარ არის არანაირი შეზღუდვა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის სიშორეზე არც ბრიტანელების მხრიდან, არც ფრანგების მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან. ამერიკელების მხრიდანაც არ არის“, - მერცის ეს ციტატა გერმანულ მაუწყებელ DW-ს მოჰყავს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავი დაიცვას, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით, რაც ბოლო დრომდე არ შეეძლო, მცირე გამონაკლისების გარდა.

ფრიდრიხ მერცის მიერ გერმანიასთან ერთად ჩამოთვლილ კიდევ სამ სახელმწიფოს და უკრაინას ამ საკითხზე 26 მაისს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება მართლაც არსებობს, ის საკმაოდ სახიფათოა და ეწინააღმდეგება პოლიტიკური მოგვარების ძალისხმევას.

განახლება: გერმანიის ფედერალურ კანცლერს 27 მაისს, ფინეთში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რას ნიშნავს მისი განცხადება უკრაინისთვის შეზღუდვის მოხსნის შესახებ. ფრიდრიხ მერცმა განმარტა, რომ მისი განცხადება ეხებოდა არა ახალ, არამედ თვეების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მერცმა არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა გერმანია უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების, TAURUS-ის გადაცემას.

ფრიდრიხ მერცი ჯერ კიდევ გერმანიის კანცლერის უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებადე აცხადებდა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების, TAURUS-ის მიწოდებას, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით. უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა გერმანიის წინა კანცლერი ოლაფ შოლცი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელად ფრდრიხ მერცის მოსვლის შემდეგ, ბერლინი კიევს TAURUS-ებს გადასცემდა. ამ რაკეტებს 500-ს კილომეტრამდე მანძილზე მოქმედება შეუძლიათ.

აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გადასცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები ATACMS, რომლებიც უკრაინამ არაერთხელ გამოიყენა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთისგან მიღებული რაკეტები Storm Shadow. მედიასაშუალებების ცნობით, კიევს ლონდონისგან ამის ნებართვა ჰქონდა. საფრანგეთი უკრაინას აწვდის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს SCALP.



ფორუმი

XS
SM
MD
LG