Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის შემდეგ, საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს


საფრანგეთის საელჩო
საფრანგეთის საელჩო

პოლონეთის საელჩოს შემდეგ, საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში მოგზაურობა სურთ. მიზეზი იდენტურია: ქვეყანაში არშეშვების რისკები, მათ შორის აქციებში მონაწილეობა.

„საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი შეიძლება უთხრან საქართველოს ბინადრობის ნებართვის მფლობელსაც კი“, - წერია საფრანგეთის საელჩოს მიერ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საელჩო საქართველოში მოგზაურობის მსურველებს მოუწოდებს, „გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას“.

ასეთ ფაქტორებს შორის საელჩო ასახელებს „საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“ და „სოციალურ მედიაში აქტიურობას“.

„[2024 წლის] 28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღე იმართება დემონსტრაციები, ხანდახან დიდი მასშტაბის“, - აღნიშნავს საელჩო და დასძენს, რომ ეს დემონსტრაციები „ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება“.

დაზუსტებულია ისიც, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება „მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს“.

ამასთან, საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ „თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს“.

მოგვიანებით, 29 მაისს, საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების განცხადებას გამოეხმაურება უნგრეთში მყოფი ირაკლი კობახიძე.

„როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს ცხადყოფს“, - თქვა მან და პასუხად პოლონეთი გააკრიტიკა:

„პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი. არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უარი უთხრეს პოლონეთში შესვლაზე“, - თქვა მან.

„რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს? ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა.

მანამდე, 29 მაისს დილას, ფეისბუკზე საფრანგეთის საელჩოს განცხადების მსგავსი განცხადება გაავრცელა პოლონეთის საელჩომაც.

„საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ამ ქვეყანაში გამგზავრებამდე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს“, - წერია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

ასეთ ფაქტორებს შორის პოლონეთის საელჩოც ასახელებს, რომ „ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ მახლობლად ყოფნას, ასევე სოციალურ მედიაში გარკვეულ აქტივობას“.

3 დღით ადრე, 26 მაისს, - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, გერმანიასთან ერთად („ვაიმარის სამკუთხედის“ წევრებმა), გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.

„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამ განცხადებას ქართველ ხალხზე „სამარცხვინო თავდასხმა“ უწოდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG