ღარიბაშვილის დეკლარაციებში „ყალბი მონაცემები“ ვერ დაინახა ანტიკორუფციულის ხელმძღვანელმა. რატომ?

რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი, იმხანად საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ); 10 თებერვალი, 2023

მოკლედ

  • არსებობის არასრული 3 წლის განმავლობაში ანტიკორიუფციულ ბიუროს არც ირაკლი ღარიბაშვილის და არც სხვა მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები არ შეუნიშნავს.
  • უწყება, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, თავიდანვე სუსტი დამოუკიდებლობის მქონე ინსტიტუტად იყო შეფასებული და ბოლო დროს, ის არა მთავრობის წევრების სავარაუდო კორუფციის შესწავლით, არამედ სამოქალაქო სექტორის შემოწმება-შევიწროებითაა დაკავებული.
  • არც ერთი გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ბიუროს მიმართვის საფუძველზე არ დაწყებულა - ღარიბაშვილის და სხვების საქმეებს სუს-ი და პროკურატურა იძიებს

“[ირაკლი ღარიბაშვილის] დეკლარაციაში არანაირი დარღვევები არაა” - უთხრა ჟურნალისტებს 2025 წლის 24 ივლისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 10 თებერვალს დანიშნა. ამ განცხადებიდან ზუსტად სამ თვეში, 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი ქონებრივ დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა. დეკლარაციების შემოწმება სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს საქმეა, თუმცა ღარიბაშვილი საბოლოოდ ბრალი წარედგინა არა ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტური მუშაობის შედეგად, არამედ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად.

“მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის საქმეზე, რაჟდენ კუპრაშვილი, "ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი", რომელსაც კორუფციის გამოვლენა ევალებოდა, პასუხისგებაშია მისაცემი, მინიმუმ გულგრილობისთვის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის” - ამბობს იურისტი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი.

ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ჯგუფების შეფასებით, რეპრესიული კანონებთან ერთად იქცა სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და კონტროლის მექანიზმად, ჯერ კიდევ 2023 წელს შეაფასა ვენეციის კომისიამ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არმქონე ორგანიზაციად. მაშინ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კომისიამ დაასახელა ის, რომ მისი ხელმძღვანელის დანიშვნაც და გათავისუფლებაც პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა.

საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით, ობიექტურად მუშაობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო სრულიად დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მას პარლამენტი უნდა ირჩევდეს.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილს 1 მლნ-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა


რას ედავება ღარიბაშვილს გამოძიება?

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თითქმის მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში დაკავშირებულია "ქართული ოცნების" მილიარდერ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო სამსახური 2012 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტით დაიწყო და შემდეგ ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და ერთხელ თავდაცვის მინისტრი. ჯამში მან მაღალ თანამდებობებზე 7 წელი და 7 დღე, ანუ 2 769 დღე იმუშავა.

მხოლოდ მისი ერთი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, გამოძიების მიერ დასახელებული თანხა, 6,5 მილიონი დოლარი ღარინაშვილის სახელმწიფო სამსახურში გატარებულ დღეებზე რომ გადაითვალოს, დღეში 2,347 დოლარის შემოსავალია.

გამოძიება, პროკურორის განცხადებით 2019-2024, ადვოკატის ვერსიით კი 2016-2024 წლებში ღარიბაშვილის უკანონო შემოსავლებით გამდიდრებას სწავლობს. ის 2016-2019 წლებში სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მაღალანაზღაურებადი მრჩეველი იყო, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ბოლოს პრემიერ-მინისტრი (მეორედ).

პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2024 წლის 20 იანვარს დატოვა. ღარიბაშვილის საქმესთან შესაძლოა კავშირში იყოს ისიც, რომ მისი მემკვიდრე თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე დაკავებულია - ფინანსური დანაშაულებია მისთვის წაყენებული ბრალის მთავარი კომპონენტიც. თუმცა, როგორც ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა უთხრა დღეს მედიას, "ბატონ ირაკლის ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება".

გამოძიების მიხედვით ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებში წილებსა და ავტომობილებს ოჯახის წევრებს უფორმებდა, არალეგალურად მიღებულ შემოსავალს დეკლარაციებში უთითებდა, როგოც საჩუქარს მამისგან, დაუსაბუთებელ ნაღდ ფულს კი, “მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით” უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდა და ისე ინახავდა სახლში. ადვოკატების მედიასთან გაკეთებული განცხადებებით იხატება სურათი, რომ პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადიდან გადადგომის შემდეგ წამოწყებული კერძო ბიზნესის მართვა და მისგან შემოსავლის მიღება კვლავ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნების შემდეგაც არის მთავარი პრეტენზია, რაც გამოძიებას აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი თავის სასამართლო სხდომას ესწრება

“6 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 24 ოქტომბერს გენერალურ გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიების გავრცელებული კადრი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და მათთან დაკავშირებული ადამიანების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ - გამოძიებას არ უთქვამს, ამ ნივთებიდან და ფულიდან რა რომელი სახლიდან იყო ამოღებული.

“ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებიდან შემოსული თანხები", - თქვა ამავე დღეს ადვოკატმა ლილი გელაშვილმა და დააკონკრეტა, რომ ბიზნესი, რომელშიც ღარიბაშვილი საქმიანობდა, იყო ღვინის ინდუსტრია. მან ეს განცხადება იმ სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ყოფილი პრემიერი 1 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლეს და გირაოს გადასახდელად 30 დღე მისცეს.

უკანონო შემოსავლების მიღებას თავად ღარიბაშვილი არ უარყოფსო - ცნობა იმის შესახებ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ 22 ოქტომბერს გაავრცელა.

ასევე ნახეთ სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა

რა ვერ დაინახა ანტიკორუფციულმა ბიურომ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში?

მას შემდეგ რაც ანტიფორუციული ბიურო შეიქმნა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამჯერ შეავსო დეკლარაცია.

ბოლო დეკლარაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის რანგში მანდ 2025 წლის მარტში შეავსო - ბოლოს წინა 2024 წლის გაზაფხულზე, 2023 წელს კი ოქტომბერში.

2025 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი პრემიერი და მისი ოჯახი თბილისში სამ ბინას ფლობს და არც ერთი მათგანი მისი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს არ არის შეძენილი. მოსაშვილზე ორი ბინა, რომელშიც ღარიბაშვილის ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობს, 2011 წელს არის ნაყიდი, გაგარინის ქუჩაზე 121 კვადრატული მეტრის ფართის ბინა და ავტოფარეხი ამავე ბინასთან კი 2009 წელს.

ოჯახის უძრავი ქონების სიაში ვხვდებით ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც მან 2022 წელს შეიძინა 76 500 $-ად და რომელზეც 700 კვადრატულ მეტრზე მეტის ფართის სამსართულიანი სახლია განთავსებული.

ამ დეკლარაციაში წერია, რომ ყოფილ პრემიერს აქვს 50 000 ლარის დანაზოგი და 20 000 ლარამდე თანხა საბანკო ანგარიშზე.

ასევე ნახეთ როგორ ვაჩუქოთ ცოლს ტყე

ნახატების, ძვირფასი ნივთების, სამკაულებისა და საათების შესახებ ამ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი - პროკურატურის და სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, რომლებიც ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და მათთან დაკავშირებული პირების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ფულს და ძვირფას ნივთებს ასახავდა, ჩანდა ყოფილი პრემიერის ძვირადღირებული საათებიც, რომლებმაც რადიო თავისუფლების ყურადღება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიქცია - ამ დროს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ნახევარ მილიონ ლარზე მეტის საათებს ფლობდა.

რადიო თავისუფლების 2020 წელს გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, იმხანად ღარიბაშვილის მაჯის საათების ფასი ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებდა

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათები

გამომძიებელ ჟურნალისტებს ნაპოვნი ჰქონდათ ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის ძვირადღირებული სამკაულები და კაბებიც - 2023 წლის აგვისტოში სტუდია მონიტორმა დაადგინა, რომ ამ წელს, საფრანგეთის საელჩოში მიღებაზე მას 5 900 ლარის ღირებულების კაბა ეცვა და ჯამში 30 000 ლარის ღირებულების საათი და სამაკური ეკეთა.

მედია მუდმივად საუბრობდა ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე - პერიოდულად ქვეყნდებოდა გამოძიებები მისი ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავ პომპეზურ დაბადების დღეზე, რომლის სტუმრებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრები იცავდნენ რესტორანში, მისი ბიძის მხრიდან ბიზნესმენების შევიწროების ფაქტებზე, სახელმწიფო ვიზიტებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავით შვილის უნივერსიტეტში გასამგზავრებელ რეისსა და ცოლისთვის ნაჩუქარ ტყეზე.

ასევე ნახეთ ჯაველიძე ჩარტერული რეისის დაფინანსებაზე: ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროცესში?!

2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ხელფასი შვილების განათლებაში გადახდილ თანხებზე და დასვენების ხარჯებზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო - პრემიერის წლიური ხელფასი 40 000 ლარიც არ იყო, მაშინ როცა ღარიბაშვილის ოჯახი სამი არასრულწლოვანი შვილის განათლებაში 52 000 ლარზე მეტს ხარჯავდა წელიწადში, დასვენებაში კი 60 000 ლარს.

ამ დეკლარაციაში, ისევე როგორც წინა წლებში, ღარიბაშვილი უთითებდა, რომ ფინანსურ დახმარებას იღებდა მშობლებისგან:

2025 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა მას 200 000 ლარი აჩუქა.

2024 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.

2023 წელს მშობლების საჩუქარი 180 000 ლარი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა 109 500 ლარიც ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში. ამ წელს მისი ხელფასი პრემიერი პოსტზე 45 104 ლარი იყო, ოჯახის მოგზაურობაში დახარჯული თანხა კი 20 000 დოლარი.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის ცოლისძმა: უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიებას

გარდა დეკლარაციებისა, კიდევ რა იყო საეჭვო?


ტარიელ ღარიბაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ 2023 წელს დაარსა კომპანია “შპს ღარიბაშვილის მარანი.”

ამ დროს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, უკვე ფლობდა შპს „ქართული ფესვების“ 50-პროცენტიან წილს. მან კომპანიის ნახევარი, 2023 წლის თებერვალში, 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა).

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დასაბუთებაზე - მედიის წარმომადგენლებმა, 2024 წლის 31 მარტს, არაერთი შეკითხვა დაუსვეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ამ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს ჰქონდა ამბიცია, მოხვედრილიყო კორუფციისგან თავისუფალი ევროპული ქვეყნების სამეულში.

„ნებისმიერი გამოცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვადევნებთ თვალ-ყურს როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ასევე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაციებს. რაც შეეხება დეკლარაციას, ბატონ ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილია გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას გაივლის მიმდინარე წელს“, - ასე უპასუხა მედიის კითხვებს 2024 წლის გაზაფხულზე რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ბიუროს დადებითად ჰქონდა შეფასებული პრემიერის 2022 წლის დეკლარაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ორი წლის განმავლობაში, არ არსებობს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყებამ ჩინოვნიკების და საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემოწმებისას ხარვეზები და შესაძლო კორუფციული დანაშაულები დაინახა. ოცნების მაღალჩინოსნების საქმეებს ბოლო თვეებია სუს-ი და პროკურატურა იძიებენ ერთობლივად.

რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის გამოძიებას განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია - ასევე კომენტარის გარეშე ადევნებს ის თვალს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, გრიგოლ ლილუაშვილის ჯუანშერ ბურჭულაძის, რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს და მათ განხილვებს სასამართლოში.

ასევე ნახეთ ვინ არის ფარცხალაძის მეგობარი, რომლის სეიფებიდანაც $2,9 მილიონი ამოიღეს