საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
გირაოს თანხის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
" - რამის თქმა ხომ არ გსურთ?“, - მიმართა მოსამართლემ.
„ - არაფერი“, - უპასუხა ღარიბაშვილმა.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ირაკლი ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.
მანამდე, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თავად ღარიბაშვილმაც თქვა: "არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება".
ადვოკატმა არჩილ გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან გაიმეორა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავს დამნაშავედ ცნობს, ეთანხმება ბრალს "იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებასთან, რაც ებმის იმ პერიოდს, როცა ის ბიზნესით იყო დაკავებული და შემდგომ პერიოდს, როცა ის იკავებდა მაღალ თანამდებობას".
მან განმარტა, სისხლის სამართლის მძიმე მუხლით წარდგენილი ბრალის მიუხედავად, რატომ მოითხოვა პროკურატურამ და შესაბამისად გაიზიარა მოსამართლემ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება.
"არცერთი საქმე არ ჰგავს ერთმანეთს... როცა ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არის პროცესუალური სტანდარტი", - თქვა ამირან გიგუაშვილმა და გამოძიების და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.
მან მხოლოდ ის თქვა, რომ "ბატონ ირაკლის ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება".
ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის განმარტებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი წარედგინა "არა სხვა თანამდებობის პირებთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის ან ბიზნესის დატერორების და ა.შ. [გამო], არამედ კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი და დატოვა თანამდებობა, ის წავიდა კერძო ბიზნესში, თქვენთვის ცნობილია, რომ ამ პერიოდში ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა თანამშრომლობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები, ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი. ამ პერიოდში გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ დღეს, როდესაც მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო კონკრეტული ოდენობის თანხა, 6 მლნ 500 ათასი დოლარი, ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებიდან შემოსული თანხები", - თქვა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.
მისი სიტყვებით, ეს არის სწორედ "დაუსაბუთებელი ქონება", "ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და ეს აღიარა".
შეკითხვაზე, ვინ ეხმარებოდა მას ამაში, ადვოკატმა უპასუხა, რომ "არავინ ეხმარებოდა". მისივე განმარტებით, ეს ბიზნესსფერო იყო ღვინის ინდუსტრია, "ეს იყო ღვინის ქარხნები". შემდეგ დააზუსტა: "ღვინის ქარხანა", "რომლის ხელმძღვანელიც არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი".
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 9-დან 12 წლამდე.
ფორუმი