ექსპერტები არაერთ რისკზე ლაპარაკობენ, მათ შორის - დასავლური საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციაზე; ახალ ბარიერებზე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებენ.
მათ არც კი ეეჭვებათ, რომ ხელისუფლებამ უმაღლესი სასწავლებლებიდან განსხვავებული აზრის მქონე, კრიტიკულად განწყობილი პროფესურის გამოდევნა დაისახა მიზნად; მათი, ვინც პროევროპულ აქციებზე "ოცნების" პოლიტიკას აკრიტიკებს და "ვინც ვერ ეგუება ავტორიტარიზმის დამყარებასა და ევროპული მომავლის დაკარგვას".
ცვლილებების წარდგენის დღეს, 16 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ კეთილად გაიხსენა საბჭოთა დრო, როცა უნივერსიტეტები სპეციალობების მიხედვით იყო დაყოფილი. დაახლოებით იმავეს გეგმავენ ახლაც - "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".
„სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე" - ასეთია მიზანი. "ოცნებას" არ მოსწონს, რომ დღეს უნივერსიტეტებში “უთანასწოროა” როგორც სწავლების, ასევე დიპლომების ხარისხი და ცალკეული უნივერსიტეტები “უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე“, რაც არსებითად “სახელმწიფო სექტორის საქმე“ არ არის.
საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია. რეფორმა ჯერ მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება. რას უპირებენ უნივერსიტეტებს - ეს ნაწილი უკვე წერია 4-გვერდიან კონცეფციაში; სკოლებთან დაკავშირებული იდეები კი ამ ეტაპზე ზეპირად გამოცხადდა.
ფაკულტეტების შემცირება, შენობების გაყიდვა
"ოცნების" ახალი კონცეფციის თანახმად:
- უნივერსიტეტებს სახელმწიფო დააფინანსებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ახლებურად - საგრანტო სისტემას “სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული“ ჩაანაცვლებს;
- სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს გამონაკლის შემთხვევაში მიიღებენ;
- უნდა გადაწყდეს “ფაკულტეტების დუბლირების” პრობლემა და უნდა დაინერგოს პრინციპი - "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".
"ოცნებისთვის", მაგალითად, მიუღებელია, რომ "თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები”.
ექსპერტების შეფასებით, უნივერსიტეტების “მოთვინიერებასა” და “დამორჩილებას” “ოცნება” სწორედ დაფინანსების შეზღუდვის ბერკეტებით შეეცდება.
განათლების სფეროს სპეციალისტი, მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია მოელის, რომ “ქართული ოცნება” ამ მექანიზმებით სახელმწიფო უნივერსიტეტებს ავტონომიის სრულად შეზღუდვას უპირებს - “მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარების მიზნით”.
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ რეპრესიები ძირითადად მიმართული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, რომლის სტუდენტები და პროფესურის ნაწილი, მათ შორის - ქუჩაშიც, მკაფიოდ და აქტიურად აპროტესტებდნენ “ოცნების” პოლიტიკას - ე.წ. რუსული კანონების მიღებასა თუ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას.
“სტუდენტობა და პროფესურა საქართველოში იყო ყოველთვის ძალიან ძლიერი. ეს ვნახეთ 1978 წელსაც კი, საბჭოთა კავშირის პირობებში, როდესაც სტუდენტების და პროფესორების ნაწილის აქტიურობით მოხდა ქართული ენის შენარჩუნება. ეს არის პრობლემა "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ხვდება, რომ სტუდენტები არის ძალა, რომელზეც ჯერ კონტროლი არა აქვს და პროფესურაც არის ასეთივე ძალა”, - ამბობს ჯანაშია ფეისბუკლაივში.
"ოცნებას" უნივერსიტეტებში, როგორც აცხადებენ, რადიკალიზმის ხელშემწყობი ჯგუფებიც ეგულება.
- 1 ოქტომბერს პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში, სუსის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა მანამდე “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რადიკალიზმის უკანონო დაფინანსების პროცესში უმაღლესი სასწავლებლები და კერძოდ, “საქართველოს უნივერსიტეტია” ეჭვმიტანილი. მან ასევე თქვა, რომ გაშიფრულია არაერთი არხი.
- მდინარაძის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების გავლით რადიკალიზმის დაფინანსება გვერდს უვლის ახალი კანონის - “ფარას” - მიერ შექმნილ ბარიერებს - უნივერსიტეტებიდან “არამიზნობრივად, მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები” და მიმართულია “რადიკალიზმის დასაფინანსებლად, "ფრანკლინის კლუბის" ახალი ანალოგის დასაფინანსებლად” - რათა “დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა".
ვის [არ] გაუყიდიან შენობებს?
16 ოქტომბერს პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შენობების გაყიდვასაც გეგმავენ. უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში, რომელთა შენობებიც არ გაიყიდება, მან დაასახელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია. მას არ უხსენებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისის ცენტრში, ძირითადად, კონკრეტული შენობების რეალიზაციის ხარჯზე ახალი [საუნივერსიტეტო] ინფრასტრუქტურის განვითარება”, “დავაკონკრეტებ, რომ ეს არ შეეხება იმ შენობებს, რომლებიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის და ქართული კულტურის იდენტობის ნაწილი”, - განაცხადა კობახიძემ.
“დაბრუნება სსრკ-ში” - ფეისბუკზე “ბიტლზის” სიმღერა გამოაქვეყნა ყოფილმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, “ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა, რომელიც ასევე ეწევა აკადემიურ საქმიანობას.
„ოცნების“ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მანამდე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფეისბუკპოსტში, ზურაბიშვილი კობახიძის მიერ გახმაურებული პროგრამიდან გამოყოფს „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ იდეას და „აკადემიური თავისუფლების სერიოზულ ხელყოფას” უწოდებს.
“პირადად მე თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი მოგონილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას ჩამოერთვას ფაკულტეტთა უმრავლესობა და მიუერთდეს თსუ-ს. შენობების დიდი ნაწილი, კი, როგორც მოგვახსენა ბ-ნმა კობახიძემ, გაიყიდოს”, - ზურაბიშვილი ვარაუდობს ასევე, რომ არარსებული “ნაცების ბუდეების” წინააღმდეგ წამოწყებული ასეთი მცდელობები სხვა [“ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურ] უმაღლეს სასწავლებლებსაც შეეხება და საბოლოოდ - “ქაოსისა და საყოველთაო უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს”; “თავად სწავლების ხარისხი კი ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ასეთი რყევებისგან”.
როგორც საბჭოთა დროს?
განათლების რეფორმის პრინციპების წარდგენისას, კობახიძემ საუნივერსიტეტო განათლების “საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდად” მოიხსენია საბჭოთა კავშირის ეპოქა, როდესაც სასწავლებლები იხსნებოდა სპეციალობების მიხედვით - “დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები”; ხოლო, მისი თქმით, შემდეგ იყო ჩავარდნა.
“ვფიქრობთ, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან“, - ასე აღწერს მიზნებს კობახიძე.
“უნივერსიტეტების პროფილებად დაყოფა საბჭოური მოდელის მემკვიდრეობის აშკარა აღზევების მცდელობაა. შოკური და სახიფათო ჩარევის “მცდელობა” არა მარტო გაუმართლებელ დეცენტრალიზაციას, არამედ სისტემურ ფრაგმენტაციას გამოიწვევს და მთლიანად გაანადგურებს საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების პოსტსაბჭოთა სისტემის გარდაქმნის მცდელობებს", - ამას ფეისბუკპოსტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე აღნიშნავს.
მისი თქმით, საქართველოში „არც ერთი სხვა სფერო ისე ინტეგრირებული არ არის ევროპასთან, როგორ უმაღლესი განათლება, მთელი იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ბოლონიის პროცესის და ევროპული უმაღლესი განათლების ერთიანი სივრცის ნაწილია”, ხოლო “უნივერსიტეტის ავტონომიის იდეის” ხელყოფა, პირდაპირ უპირისპირდება “ბოლონიის პროცესის” მთავარ პრინციპებს.
ილიაუნის კანცლერის თქმით, “ვიწრო ჯგუფში მიღებული რეფორმის სურვილები და დაანონსებული გეგმა სრულ იზოლაციაში მოაქცევს ქართულ საგანმანათლებლო გარემოს და დააშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს”.
"ბოლონიის პროცესი” 40-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ეს ერთიანი მექანიზმი განათლების სტანდარტების დადგენას, გაძლიერებასა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. ეს პროცესი ემსახურება ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერებას, ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში გახდა შესაძლებელი საქართველოს სკოლებში მიღებული ატესტატებისა და უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების საერთაშორისო აღიარება.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელმა პაატა შეშელიძემ საქართველოში არსებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის მიხედვით დააჯგუფა ამ შესაძლო მოდელში - არსებული უნივერსიტეტები სტატუსს დაკარგავენ და ერთმანეთს შეერწყმებიან. შეშელიძის პირობით მოდელში ყველაფერი თბილისსა და ქუთაისში ოთხი მეგა-უნივერსიტეტის გარშემო გაერთიანდება. მაგალითად:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი): მისი ჰუმანიტარული, სამართლისა და ბიზნესის სკოლები, სავარაუდოდ, თსუ-ს კოლეჯებში და ფაკულტეტებში შევიდოდნენ, ხოლო მის შენობებში განლაგდებოდა, მაგალითად, პედაგოგიური კოლეჯი ან სკოლა, უცხო ენების კოლეჯი ან სკოლა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) დაკარგავდა ავტონომიურ სტატუსს და იქცეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლავრ სამედიცინო სკოლად ან კოლეჯად; და ამ ცენტრში შევიდოდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც - როგორც სპეციალიზებული სპორტისა და რეაბილიტაციის კოლეჯი.
“ამ სცენარის მთავარი შედეგი იქნებოდა დისციპლინური კონცენტრაცია, ადმინისტრაციული ცენტრალიზაცია და სრული პოლიტიკური კონტროლი, ყველა ამჟამად არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და იდენტობის სრული დაკარგვა”, - ასეთია შეშელიძის დასკვნა.
კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, “აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია”.
„ქართული ოცნების“ გეგმა ითვალისწინებს საკადრო პოლიტიკის „თვისებრივად გადახედვასაც“
- აკადემიური პერსონალის „ძირითად ბირთვს“ უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები და მათი მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 000 ლარი - თქვა კობახიძემ პრეზენტაციაზე.
- „იმედის“ ეთერში კი განაცხადა, რომ „არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ არ უნდა შექმნას”, რადგან ლაპარაკია არათუ პროფესორების გაშვებაზე, არამედ “დამატებით არის რესურსი საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს”.
თითო წლით შემცირებული სასწავლო პროცესი
“ქართული ოცნების” რეფორმით, სასწავლო პროცესის შემოკლება იგეგმება როგორც უნივერსიტეტებში, ასევე - სკოლებშიც.
- საუნივერსიტეტო სისტემაში - “გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას“.
- სკოლებში - ცოტა ხანში იგეგმება პრეზენტაცია ახალი იდეისა, რაც გულისხმობს “11-წლიან სასწავლო პროგრამას“; „ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“.
კობახიძემ “იმედთან” ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ფინანსები დაიზოგება “ბევრი მიმართულებით” და “მათ შორის სწავლების ხანგრძლივობიდან, საერთო ოპტიმიზაციიდან გამომდინარე”.
საქართველოში 12-წლიან სასკოლო სწავლების სისტემაზე გადასვლა 2005 წელს გადაწყდა - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს სიახლე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ჩაიწერა. ეს ახალი სისტემა “ბოლონიის პროცესთან” თავსებადობას ისახავდა მიზნად. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები საქართველოში 12-წლიან სწავლებაზე 2008-2009 სასწავლო წელს გადავიდნენ.
“12 წლიანი სწავლება აუცილებელია, რომ ჩვენი სკოლების დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში და ამერიკაში და ახალგაზრდებმა მარტივად გააგრძელონ სწავლა უცხოეთში. ამიტომ გადავედით 12 წლიან სწავლებაზე ბოლონიის პროცესის ფარგლებში”, - აღნიშნავს ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ში აკადემიური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.
დიხამინჯიას განმარტებით ასევე: სკოლაში 11-წლიანი სწავლის შემდეგ, “მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს სწავლა უცხოურ უნივერსიტეტებში, მაგრამ გაცილებით მეტი ბიუროკრატიული ბარიერებით”, ხოლო “ზოგ უნივერსიტეტში საერთოდ არც განიხილავენ მის აპლიკაციას”.
11-წლიან სწავლებასთან დაკავშირებული მსგავსი წუხილი განათლების სისტემის არაერთმა ექსპერტმა გამოხატა.
ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია „ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა", ხოლო ვისაც საზღვარგარეთ წასვლა სურს, მე-12 კლასის გავლის შესაძლებლობა ექნება “საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში” ანდა “საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ“.
“რამდენ მშობელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხოეთში გადაცხოვრდეს ერთი წლით, რომ იქ ატაროს შვილი სკოლაში? თუ უძვირეს, კერძო ბოარდინგ სქულებში უნდა გაუშვას?” - შეკითხვას სვამს ნანა დიხამინჯია.
- "მე-12 კლასში არაფერს არ აკეთებენ”, “ბოლოს მაინც რეპეტიტორები სჭირდებათ ჩვენს შვილებს”, - მშობლების ნაწილი სწავლის პროცესის ერთი წლით შემცირებას მიესალმება სოციალურ ქსელებში.
რაც შეეხება “3+1” სისტემას, რასაც “ქართული ოცნება” გეგმავს, ნანა დიხამინჯიას განმარტებით, აშშ-ში “ერთწლიან პროგრამებს თითქმის არ აქვთ კვლევის კომპონენტი” და შესაძლოა სირთულეებს წააწყდეს ადამიანი, თუკი საქართველოში ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ, სწავლის გაგრძელებას “საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე” გადაწყვეტს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბაკალავრის ხარისხის მისაღებად „სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის“, ხოლო ერთი წელი - “მაგისტრატურის დონის განათლების მიღებისთვის“, თუმცა, მისი განმარტებით, ეს არ შეეხება “მედიცინასა და მსგავს სპეციალობებს”.
ვადები
„ქართული ოცნების“ გეგმაა, რომ:
- 2-3-კვირიანი “საჯარო განხილვების” შემდეგ, მთავრობა დაამტკიცებს განათლების კონცეფციას და შეუდგება განხორციელებას;
- “სისტემის რეორგანიზაციის, საკადრო პოლიტიკის დახვეწის” მხრივ შედეგს - “შემდგარ ცვლილებებს” - ერთ წელიწადში ელოდებიან;
- არის საკითხები, რომლებსაც დასჭირდება რამდენიმე წელი, “მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას”;
- “ცვლილება შეეხება ახლად მისაღებ სტუდენტებს” და “რაღაცებს ექნება გარდამავალი პერიოდი”.
ვინ შეიმუშავა „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა?
განათლების რეფორმაზე სამუშაოდ შექმნილი კომისიის მდივანი ლევან იზორიაა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად განათლებისა და მეცნიერების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ მთავრობის განკარგულება 2025 წლის 20 იანვრით არის დათარიღებული.
კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; ხოლო მისი მოადგილის პოსტს „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე იკავებს.
კომისიაში ასევე არიან „ოცნების“ კულტურის, სპორტისა და იუსტიციის მინისტრები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
კომისიაში არიან ასევე სადავო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თბილისის მერი, “ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე.
ფორუმი