Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტექნიკური უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღებას და გადაცემას ითხოვს


საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორი, დავით გურგენიძე მოითხოვს, დააყადაღონ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონება, მოკვლევის შემდეგ კი დაუბრუნდეს, რადგან ის წლების წინ მათ ეკუთვნოდათ. ამ შინაარსის განცხადებით მან პროკურატურას დღეს, 17 ოქტომბერს მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვკითხულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ ქონების გადაცემას „თავხედური“ უწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც სტუ-ს რექტორმა პროკურატურას მიმართა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა თავის დროზე გადაეცა ერთ ლარად სააკაშვილის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - თქვა კობახიძემ.

ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხა „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ. მისი თქმით, შენობა, რომელზეც პრეტენზიას ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს, ყიდვის დროს იყო დაუმთავრებელი და განკარგავდა ეკონომიკის სამინისტრო:

„აქ არასდროს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა“.

„საქართველოს უნივერსიტეტი“, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ბოლო პერიოდია ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტია. მას ადანაშაულებენ „ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის არ გაუცნიათ.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ეხმარებოდა იმ ყოფილ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ და სამსახური დაკარგეს - ამისთვის მათ 200 000-ლარიანი ფონდი შექმნეს.

„საქართველოს უნივერსიტეტზე“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თავდასხმა წლების წინ დაიწყო - მაშინ, როცა 2023 წელს „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად პარლამენტთან მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ ამ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა „ახალგაზრდების ტინის გამორეცხვა“. „იმედის“ ეთერში მანვე ახსენა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ქონების 1 ლარად გადაცემაზე, რასაც „საქართველოს უნივერსიტეტმა“ განცხადებით უპასუხა.

„გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით... გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი“, - ეწერა განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს - სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG