Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ ოპონენტების მასობრივ აკრძალვას იწყებს - რას ამბობს კონსტიტუცია ამ გეგმაზე


"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას უპირებს, ხოლო მათთან დაკავშირებულ ადამიანებს - პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს.
"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას უპირებს, ხოლო მათთან დაკავშირებულ ადამიანებს - პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს.

“ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ამა თუ იმ აკრძალული პარტიის წევრებსა თუ დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება სამუდამოდ აუკრძალონ. კანონის ახალი ჩანაწერი მათ - “შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ სათანადო პირებს” არქმევს.

იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აიკრძალოს, “ოცნების” ახალი გეგმით, ჯერ კონკრეტული პარტიები უნდა აკრძალონ.

პარტიების აკრძალვის საფუძვლები უცვლელია - კონსტიტუციაში გაწერილი.

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა “1 არხს” უთხრა, რომ მათ სარჩელში “შეიძლება იყოს 10-მდე პარტია… მცირე პარტიების ჩათვლით“– რომლებსაც ისინი “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად” მიიჩნევენ და რომლებიც, კობახიძის თქმით - “სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში” იყვნენ ჩართული. სიას ჯერ არ ამხელენ.

კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” წამოწყებული პროცესი თავად არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და “ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში” ამგვარი მექანიზმებით ვერც პარტიას აკრძალავდნენ და ვერც კონკრეტული ადამიანებს შეუზღუდავდნენ პოლიტიკურ საქმიანობას - “დღევანდელ საქართველოში კი უკვე ყველაფერი მოსალოდნელია”.

ვერც პარტიაში, ვეღარც თანამდებობებზე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ კონსტიტუცია არაფერს ამბობს ფიზიკური პირის საარჩევნო უფლების უვადო შეზღუდვაზე და და შესაბამისად - “ასეთი აკრძალვა არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს”.

“კონსტიტუციის 24-ე მუხლში წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას - 18 წლიდან და არა აქვს მხოლოდ მას, ვინც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. მორჩა. მეტს არავის უზღუდავს ამ უფლებას. სულ ეს არის. ეს აქტიურ უფლებასაც შეეხება და პასიურსაც [პოლიტიკოსების მონაწილეობა არჩევნებში]”, - ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კონსტიტუციის ეს მუხლი არ მოიცავს დათქმას, “რომ, ვთქვათ, არჩევნებში კენჭისყრა შეიძლება შეიზღუდოს რაიმე სხვა დამატებითი მოტივით”.

“ქართული ოცნების” ახალი პაკეტით, აკრძალულ პარტიასთან “დაკავშირებულ სათანადო პირებს” უნდა აეკრძალოთ, მათ შორის:

  • პოლიტიკური პარტიის შექმნა
  • პოლიტიკური პარტიის წევრობა
  • პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობა
  • პარტიული თანამდებობის დაკავება
  • საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა
  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება
  • პოლიტიკური თანამდებობის დაკავება
  • კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის პოსტის დაკავება


კონსტიტუციის 23-ე მუხლით, პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არა აქვს თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენელს, მოსამართლეს.

იურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეკრძალებათ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავება, ისიც - გარკვეული ვადით და არა უვადოდ.

როგორც ახალი კანონის ავტორები განმარტავენ, თითოეული ფიზიკური პირისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლო ინდივიდუალურ რეჟიმში იმსჯელებს. სიას სასამართლოს სარჩელთან ერთად მიაწვდიან.

  • ახალმა წესებმა “ოცნების” ყოფილი მოკავშირეებიც დააფიქრა. „ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი ჩვენგანის (თქვენგანის) პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს...მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო", - დაწერა ფეისბუკზე „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.
  • „საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად დემოკრატიის დაცვას ისახავს“ - თქვა 15 ოქტომბერს, კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას, სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.


“ქართული ოცნება” თვლის, რომ ახალი კანონი კონსტიტუციის 24-ე მუხლს არ არღვევს. როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, “თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციიდან გამომდინარეობს” საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით (საარჩევნო უფლება) დაცული პასიური საარჩევნო უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შესაძლებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვით”. ამავე ჭრილში მაგალითად მოჰყავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება, რომ - „დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი საკუთარი თავი დაიცვას“.

განმარტებითი ბარათში, საკონსტიტუციო სასამართლოზე დაყრდნობით, აღნიშნულია ასევე, რომ თავად კონსტიტუცია გამორიცხავს “ძალადობრივ სუბიექტებს”. აქ მითითებულია 23-ე მუხლი, სწორედ რომლის მიხედვითაც “ოცნება” მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას გეგმავს.

როგორ იკრძალება პარტიები?

კონსტიტუციის 23-ე მუხლი - “პოლიტიკური პარტიების თავისუფლება” - კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • [პარტია] რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
  • დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით


16 ოქტომბერს, სადავო პარლამენტში დაჩქარებული წესით დამტკიცებული პაკეტი უშუალოდ პარტიების გაუქმების მოქმედ ნორმებს არ ცვლის - ეს საფუძვლები კონსტიტუციასა და ორგანულ კანონში ერთნაირად არის გაწერილი.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში მაისში დამტკიცებული ცვლილებებით, მაქსიმუმ 14 დღეში შეიძლება აკრძალონ პარტია, რომელიც “არსებითად იმეორებს" მანამდე უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ არაკონსტიტუციურ მიზანს, საქმიანობის არსსა თუ შემადგენლობას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ თვეების წინ განაცხადა, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვას საფუძვლად დაედებოდა სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] დასკვნა.

„ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას”, - აცხადებდა “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, ამჟამად სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე, 27 მარტს, როცა “წულუკიანის კომისიის” მუშაობა სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო.

ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ კონსტიტუციით პარტიის აკრძალვა - “სამართლიანი სასამართლოს პირობებში, რთული ამოცანა იქნებოდა", თუკი პარტიას ეს აკრძალული მიზნები წესდებაში არ უწერია, აქტიური მოქმედებებით არ გამოხატავს და ბრალდებები სამართლებრივად არ არის დადასტურებული.

“ეს უნდა დაამტკიცონ, რომ პარტია სწორედ კონსტიტუციით აკრძალულ საქმიანობას ეწევა… ხალხი მთავრობას რომ მიადგება და “გადადექიო” უყვირის, ეს ყველგან მოსულა… რომელი პარტია აცხადებს, რომ მისი მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა?! … მე აქ სამართლებრივ საფუძველს, კონსტიტუციურ საფუძველს ვერ ვხედავ”, - გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე, თუმცა არ მოელის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" ნების წინააღმდეგ შეძლებს წასვლას.

ასეთი რამ საქართველოში პირველად ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არცერთი პარტია არ აუკრძალავს. საბჭოთა დროს მოქმედი კომუნისტური პარტია, 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ აკრძალა. მაშინვე სხვა კომუნისტური გაერთიანებები. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განცხადება.

2024 წლის აპრილში, როდესაც - “ალტ-ინფოს” პარტიას რეგისტრაცია ტექნიკური საფუძვლების დასახელებით [არა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობით] გაუუქმეს, იურისტებმა და პოლიტიკის ექსპერტებმა ეს ძალიან სახიფათო სიმპტომად ჩათვალეს - ამ პრორუსული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების მიუხედავად. გამოხატეს შიში, რომ სახელმწიფო მიერ დაშვებული ეს პრეცედენტი მომავალში სახიფათო იქნებოდა.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა იყოს უკიდურესი ზომა დემოკრატიულ საზოგადოებებში, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას, როგორც პოლიტიკური მოწყობის არსს.

ამიტომ უნდა არსებობდეს ძალიან მყარი, უმყარესი არგუმენტები, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია სერიოზულ რისკს წარმოადგენს დემოკრატიის შენარჩუნებისთვის”, - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მთავარი მრჩეველი, ადამიანის უფლებების იურისტი, გიორგი ბერაია ჩვენთან საუბრისას სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას იხსენებს, როცა თურქეთში მოქმედი პარტიის [Refah] აკრძალვა მართებულად ჩაითვალა - ამ პარტიის გაცხადებული მიზანი შარიათის კანონის დამკვიდრება იყო, როცა თურქეთი, კონსტიტუციით, სეკულარიზმს აღიარებს. ასევე, ამ პარტიის წევრები ღიად მოუწოდებდნენ ძალადობისკენ.

გიორგი ბერაია გვეუბნება, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის სტანდარტებით, პარტიის აკრძალვა დასაშვებია ორ ძირითად შემთხვევაში:

  • როცა პარტიის მიზანია, დაამკვიდროს ისეთი წყობა, რომელიც სისტემურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის იდეებს და ადამიანის უფლებებს [ასეთი რამ პარტიას შესაძლოა წესდებაში ეწეროს].
  • ანდა როცა პარტია თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს - სურს ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა.


“მაგრამ ეს ყველაფერი პარტიებს ჯერ უნდა ობიექტურად დაუმტკიცონ, [საკუთარ ქვეყანაში]” - გიორგი ბერაიას არ აქვს იმედი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა საკითხის მიუკერძოებლად განხილვას შეძლებს და შესაბამისად, მოელის, რომ - განხილვის შემდეგ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ახალი საქმეები გაიგზავნება.

  • 2024 წლის სექტემბერში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ - „ევროსაბჭოს სახელმწიფოებს შორის პარტიების აკრძალვის 150-მდე ფაქტია“. მის ჩამონათვალში იყო: უკრაინა 22, საფრანგეთი 13, რუმინეთი 9, ესპანეთი 4, იტალია 3, ნიდერლანდები 3, ბელგია, გერმანია, ავსტრია, ესტონეთი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი.
  • ფაქტების მკვლევარმა პორტალმა “მითების დეტექტორმა” მაშინ ეს ინფორმაცია მანიპულაციურ დეზინფორმაციად და იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის მცდელობად შეაფასა, რომ “თითქოს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა”, მაშინ, როცა “ჩამოთვლილ ქვეყნებში პარტიები ნაცისტური, კომუნისტური, სეპარატისტული ან ისლამისტურია და ძალადობრივი, ტერორისტული, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წამქეზებელი, ან სეპარატისტული საქმიანობის გამო აიკრძალა”.
  • სხვადასხვა წყაროს თანახმად, ევროპაში ძირითადად ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე რადიკალური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა არსებობს.
  • 1945-დან 2015 წლამდე ევროპის 20 ქვეყანაში 50-ზე მეტი პარტია აკრძალეს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG