საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, როდესაც ათასობით მოქალაქე, - საარჩევნო ყუთების ნაცვლად, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე გაეშურა, - სამი ონლაინგამოცემა, ჩვეულებისამებრ, პროტესტის მასშტაბის დრონების გამოყენებით ჩვენებას აპირებდა. ოპერატორებმა დრონებზე კონტროლი დაკარგეს - ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სიგნალი სახელმწიფო უწყებებმა "გადაიჭირეს" და ისე შეუცვალეს მიმართულება. გადატაცების მცდელობა იყო რადიო თავისუფლების დრონზეც, რომელიც საღამოს 6 საათსა და 20 წუთზე აფრინდა რუსთაველის გამზირიდან - ის დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა და ოპერატორმა მისი დაბრუნება მოახერხა.
ამავე დღეს, ღამის 12-ის ნახევრამდე, რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ათონელსა და ახლო-მახლო ქუჩებზე მყოფ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს - ყველას, ვისაც ჩართული ჰქონდა ლოკაციის გაზიარების ფუნქცია, GPS-ის უჩვენებდა, რომ არა დედაქალაქის ცენტრში, არამედ ორი ათეული კილომეტრის დაშორებით, აეროპორტის სიახლოვეს იმყოფებოდა.
ამ სტატიაში ვარკვევთ, აქვს თუ არა კავშირი დრონების გატაცებას და GPS-სისტემის არევას ერთმანეთთან. რა ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი ამის გაკეთება და ვინ, სად, რა ვითარებაში და რისთვის იყენებს სანავიგაციო სისტემების გათიშვა/არევას?
ამ კითხვებზე პასუხების მოძიება ევროპის დედაქალაქებზე ბოლო დროს გახშირებული დრონით შეტევებისა და ევროპელი პოლიტიკოსების თვითმფრინავებში სანავიგაციო სისტემების გათიშვის შემთხვევების გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
რას ჰყვებიან გატაცებული დრონების პილოტები?
"ვეღარ ვიმორჩილებდი"
“დაახლოებით 5 საათისთვის პარლამენტთან ვიდექი, ერთი დრონი მქონდა გაშვებული და უკვე უკან უნდა წამომეყვანა, რომ გამტაცეს, ჩემგან დაახლოებით მეტრ-ნახევრის, ორი მეტრის დაშორებით იყო. რომ მივხვდი ვეღარ ვიმორჩილებდი, თვალით გავყევი, სად მიდიოდა. ჯერ “არწივისკენ” [სკულპტურა პარლამენტის შენობის წინ მდებარე ხელოვნების გალერეის ფასადზე - რ.თ] წავიდა, მერე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისკენ, იქ ეზოში ნაძვების თავზე ტრიალებდა ცოტა ხანს და საბოლოოდ სახურავზე ჩამოვარდა. ბოლომდე ვხედავდი, სად იყო”, - უყვება რადიო თავისუფლებას ზაზა ქარჩილაძე, ონლაინგამოცემა “მაუწყებლის” დრონის ოპერატორი. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დაცვამ “მაუწყებელს” დრონი [Dji AIR 3] 6 ოქტომბერს დაუბრუნა, ოღონდ მეხსიერების ბარათის, და შესაბამისად, გადაღებული კადრების გარეშე. მფრინავი აპარატის გატაცებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოპერატორი ერთ-ერთმა კოლეგამ გააფრთხილა, რომ 6 საათიდან დრონების სიგნალს დაახშობდნენ და ფრთხილად ყოფილიყო. დრონს, რომელიც ზაზამ ვეღარ გააკონტროლა 4 ოქტომბრის საღამოს, მაგრამ დაინახა, როგორ დაეცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სახურავზე, სანავიგაციო სისტემა იმ დღეს აეროპორტის სიახლოვეს აჩვენებდა.
"ფრენის ისტორია აჩვენებდა, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა"
"პარლამენტის თავზე ვიღებდი, მე ვიდექი ოპერასთან. უკან ვაბრუნებდი და უცებ უცნაურად დაიწყო ფრენა და მომენტალურად დავკარგე კონტროლი. ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ”, - ამბობს "პროექტ 64-ის" დამფუძნებელი გიორგი გოგუა. მან დრონზე კონტროლი, როგორც ბოლოს გადაღებულ კადრში ჩანს, 17:13 წუთზე დაკარგა. დრონმა ამ დროს ოპერის მოპირდაპირე მხრიდან ნახევარწრე დაარტყა, ზემელის საბაგიროს გადაუფრინა და 49 სკოლის უკან, ბარნოვისა და მაყაშვილის ჩიხის კუთხეში სიგნალი გათიშა.
“ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მაჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა", - ამბობს გიორგი.
მომდევნო დღეებში ის მივიდა სამშენებლო თხრილებთან, აეროპორტის სიახლოვეს, სადაც Gps-ის მიხედვით მისი საფრენი მოწყობილობა [DJI Mavic 4 Pro] უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ არც დრონი დახვდა და ვერც ვერავინ იპოვა, ვისაც იქ ჩამოვარდნილი დრონი ენახა. "პროექტ 64-ის" დრონს ფრენის მაქსიმალური დისტანცია 41 კილომეტრი აქვს - რუსთაველიდან აეროპორტამდე სულ 18 კილომეტრია, შესაბამისად, თეორიულად, დრონს შეეძლო ამ ადგილამდე ეფრინა.
პირველ სკოლასთან აფრენილ დრონზე დაკარგა კონტროლი აფრენიდან რამდენიმე წუთში "ნეტგაზეთის" ოპერატორმაც. კუთვნილი საფრენი აპარატის კვალს ამ დრომდე ვერც მან მიაკვლია.
4 ოქტომბრის აქცია არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიამ დრონები ვერ აფრინა, ან აფრენილ დრონებზე კონტროლი დაკარგა. თბილისში წინა წლებშიც შეუზღუდავს ხელისუფლებას სიგნალი ხალხმრავალ აქციებზე ან ჩამოუგდია კიდეც საფრენი აპარატი, როგორც მოხდა, მაგალითად, თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრების მხარდასაჭერად ფეხბურთის გულშემატკივრების შეკრების დროს, 2024 წლის 2 ივლისს. ამ დღეს თავისუფლების მოედანზე ათასობით ფეხბურთის ფანის გარდა შეკრებულები იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც.
4 ოქტომბრის შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივ, რომ ამ დროს არა მხოლოდ მედიის კუთვნილ დრონებს არ მიეცათ მუშაობის საშუალება, არამედ არეული იყო სანავიგაციო სისტემებიც - ამ ორი მოვლენის კომბინაცია ამ დრომდე თბილისის საპროტესტო აქციებზე არ მომხდარა.
დგას თუ არა დაკარგული დრონების უკან სახელმწიფო - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჯერჯერობით არცერთი უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.
იქამდე კი ვეცადეთ გაგვერკვია, რა ტექნოლოგიები და მოწყობილობები გამოიყენება მსგავსი შემთხვევებისას სხვადასხვა ქვეყანაში.
რა ტექნოლოგიებით შეიძლება დრონების გატაცება?
დრონების სიგნალის ჩასახშობი ან კონტროლის გადასატაცებელი ტექნოლოგიების ფლობა სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი, ისინი, როგორც წესი, სასაზღვრო ზონებში, სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე (აეროპორტები, სამთავრობო შენობები, ელექტროსადგურები) მტრული თავდასხმების აღსაკვეთად იქმნება და გამოიყენება.
მედიის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა ამ ტექნოლოგიების ერთ-ერთი “მავნე გვერდითი მოვლენაა”.
უკრაინის ფრონტის ხაზზე დრონების საწინააღმდეგო, სულ მცირე, 11 მოწყობილობას იყენებენ უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები.
დრონების ჩამხშობი ტექნოლოგიები გამოიყენება ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, ამ ფოტოზე, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს, ბრაზილიის დედაქალაქში ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციაზეა გადაღებული, ჩანს უსაფრთხოების აგენტი ანტიდრონული იარაღით ხელში, რომელიც ერთი შეხედვით ხელის ტყვიამფრქვევს ჰგავს. ეს კონკრეტული იარაღი DRONESHIELD-ის DroneGun Tactical-ია. დრონშილდმა 2023 წელს შეერთებულ შტატების მთავრობასთან 33 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. მოწყობილობა, რომლითაც ბრაზილიელი უსაფრთხოების აგენტია აღჭურვილი, შექმნილია არა დრონების გასანადგურებლად, არამედ ჰაერში მის გასაკონტროლებლად და შემდგომი გამოძიებისთვის მიწაზე დასასმელად.
13 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უსაფრთხოების ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს ამერიკის ცის დასაცავად დრონების საწინააღმდეგო სისტემების განსათავსებლად 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებზე. ფედერალური სახსრები განკუთვნილია როგორც დრონების “ჩასაკეტად”, ასევე მათი სრულად გათიშვის უზრუნველსაყოფი ტექნოლოგიებისთვის.
ევროპის დედაქალაქებში დრონებით თავდასხმების გახშირების პარალელურად გერმანია კანონმდებლობას ცვლის - ცვლილებების შემდეგ პოლიციას, რომელიც ამ დრომდე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ მათი აღმოჩენით შემოიფარგლებოდა, უფლება მიეცემა გაანადგუროს საეჭვო დრონები.
“ხმელეთზე, ჰაერში ან წყალზე უპილოტო საჰაერო სისტემების მიერ წარმოქმნილი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, ფედერალურ პოლიციას შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები სისტემის, მისი მართვის ბლოკის ან მისი მართვის კავშირის წინააღმდეგ, თუ საფრთხესთან ბრძოლის სხვა საშუალებები უშედეგო ან მნიშვნელოვნად რთული იქნება იქნება”, - ასეთ ინსტრუქციას იძლევა განახლებული კანონი. გერმანიაში საკანონმდებლო ცვლილებების ფონია დრონებით თავდასხმების გამო გახშირებული შეფერხებები აეროპორტებში, რომელიც 2025 წელს 33%-ით გაიზარდა.
დრონების შესაზღუდად ძირითადად ორი ტექნოლოგია გამოიყენება: სიგნალის ჩახშობა (Jamming) და დრონის კონტროლის გადატაცება/გადაჭერა (Spoofing/Hijacking). პირველი შედარებით მარტივია - ამ შემთხვევაში დრონის ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება იმ რადიოსიხშირული სიგნალების ჩახშობით ან დარღვევით, რომლითაც დრონი პულტს ან სანავიგაციო სისტემებს უკავშირდება. უფრო მარტივად - ეს ჰგავს ვითარებას, როცა ორი ადამიანის ჩურჩულს აყურადებ და უცბად რაიმე სხვა ხმა, მაგალითად, ბავშვის ტირილი მათ ლაპარაკს გადაფარავს და აღარაფერი გესმის.
სიგნალის ჩასახშობად შეიძლება გამოიყენებოდეს სპეციალური ხელსაწყო (jammer), რომელიც ქმნის ძლიერ რადიოსიგნალებს იმ სიხშირეზე, რასაც დრონი იყენებს, შედეგად დრონი კარგავს კავშირს პულტთან/GPS სისტემასთან და ან ადგილზე ეცემა, ან აფრენის წერტილს უბრუნდება.
შედარებით უფრო რთულია დრონის კონტროლის გადატაცება გლობალური სანავიგაციო სისტემების [GNSS, მათ შორის GPS) გარღვევით/არევით - ამ შემთხვევაში დრონს ეგზავნება რეალურის მსგავსი, მაგრამ უფრო ძლიერი ცრუ სიგნალები, რომლებიც ჰგავს ორიგინალურ სიგნალს და შეცდომაში შეჰყავს GPS-ის მიმღები, ამ შემთხვევაში დრონი. ისევ მარტივად რომ ავხსნათ, ეს ჰგავს შემთხვევას, როცა ორი ადამიანის ჩურჩულს აყურადებ, მათი ხმა გარკვევით გესმის, მაგრამ ისინი განზრახ, შეცდომაში შესაყვანად, არასწორ ინფორმაციას გაწვდიან.
ეს მეთოდი “მონადირეს” საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაამისამართოს საფრენი აპარატი მისთვის სასურველ ადგილას; დასვას იქ, სადაც სურს და წვდომა ჰქონდეს მის მონაცემებზე - ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად საჭიროა დრონის პროტოკოლებთან თავსებადობა. დრონები, რომლებიც ქართულმა მედიაგამოცემებმა 4 ოქტომბერს დაკარგეს, ამ ტიპის თავდასხმების მიმართ ადვილად მოწყვლადია.
ვარაუდს იმის შესახებ, რომ ხალხმრავალ აქციაზე მედიის საფრენი აპარატების წინააღმდეგ სწორედ ეს მეთოდი იყო გამოყენებული, ამყარებს ის გარემოება, რომ ამ დროს თავისუფლების მოედანზე, რუსთაველსა და მიმდებარე ქუჩებზე, არეული იყო სანავიგაციო სისტემები: სმარტფონებით ლოკაციის გაზიარებისას ან ტაქსის გამოძახებისას იქ მყოფები საკუთარ თავს აეროპორტის სიახლოვეს ხედავდნენ ტექნოლოგიების სპეციალისტების ვარაუდით, რომლებმა რადიო თავისუფლებას ანონიმურად გაუწიეს კონსულტაცია, შესაძლოა საქმე მარტივ “სპეცოპერაციასთან” გვქონდეს: რუსთაველი და თავისუფლების მოედანი მოინიშნა, როგორც აეროპორტის ტერიტორია და შესაბამისად, საფრენ აპარატებზე დაწესებული შეზღუდვა აქაც ავტომატურად გავრცელდა დრონებზე. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ მაუწყებლის დრონი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თავზე ჩამოვარდა, ნავიგაციის მიხედვით, აეროპორტის სიახლოვეს ჩანდა.
GPS-ის სიგნალის გადაჭერა - "სპუფინგი" სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, დრონების გადატაცება მხოლოდ ერთი მათგანია.
მაგალითად, რუსეთში, Uber-ის მგზავრებს, რომლებიც ქალაქში მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდნენ, ათასობით კილომეტრით დაშორებულ შორეულ აეროპორტებში მგზავრობისთვის დაუანგარიშდათ მგზავრობის საფასური; ფიტნეს-აპლიკაცია STRAVA-ს მომხმარებლებს კი, რომლებიც ქალაქის ცენტრში დარბოდნენ სავარჯიშოდ, ნავიგაცია უჩვენებდა, რომ აეროპორტის სიახლოვეს იყვნენ. ეს არის აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც, მომდევნო წლებში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების, მათი დაცვისა და ოჯახის წევრების ადგილსამყოფელს ადგენდნენ დეტექტივები.
ზოგადად, რუსეთი GPS-ის სიგნალის "სპუფინგის" ერთ-ერთი პიონერია. სირიაში, ყირიმისა და რუსეთის პორტებში ამ ტექნოლოგიას მოსკოვი ჯერ კიდევ 2016 წლიდან იყენებდა ამერიკული სანავიგაციო სისტემების “დასაბრმავებლად” - უპილოტო აპარატებისა თუ უფრო ფართოდ, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. სანავიგაციო სისტემების არევის ერთ-ერთი ადრეული, გახმაურებული შემთხვევა 2017 წელს მოხდა: საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, რომელსაც რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტისკენ ჰქონდა გეზი, GPS-სისტემამ გაფრთხილება გაუგზავნა, რომ ის რეალური ლოკაციიდან 40 კილომეტრის დაშორებით, გელენჯიკის აეროპორტთან იმყოფებოდა. როცა კაპიტანი ამ რეგიონში სხვა გემებს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ მათაც, ჯამში 20 სხვა ხომალდს, იგივე პრობლემა ჰქონდათ.
მომდევნო წლებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სანავიგაციო სისტემებს რუსეთი რამდენიმე შემთხვევისთვის აბრმავებს. მათგან ერთია პუტინის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტების დაფარვა, როგორც ამას აკეთებს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ გელენჯიკთანაც, სადაც ალექსეი ნავალნის გამოძიების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს და რომელსაც ხშირად სტუმრობენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. 2016-დან 2018 წლამდე ამ ტერიტორიაზე ნავიგაციის სისტემების 4 600 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც უსაფრთხოების მკვლევრებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ თავდამსხმელი სისტემა ხმელეთზე უნდა იყოს ბაზირებული და უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფა ელექტროენერგიის საიმედო და მდგრადი წყაროთი.
ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან სანავიგაციო სისტემების გაყალბების შემთხვევებზე ინტენსიურად დაიწყო ლაპარაკი არაერთმა ქვეყანამ აღმოსავლეთ ევროპიდან.
მაგალითად, ესტონეთში სანავიგაციო სისტემების არევის შემთხვევები, - რომლებიც ართულებს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას, - ხშირად ემთხვევა იმ დროს, როცა ნატო იქ წვრთნებს ატარებს. ავიაკომპანია Finnair-მა ტარტუში ფრენებიც კი შეაჩერა 2025 წლის გაზაფხულზე ერთი თვით, სანამ ამ აეროპორტში არ დაინერგა ალტერნატიული სისტემა, რომელიც GPS-ის სიგნალის გარეშე შეძლებდა ფუნქციონირებას.
ესტონეთისგან განსხვავებით, ლატვიაში GPS-ის გაყალბების შემთხვევები არა ცაში, არამედ ზღვაში ქმნის პრობლემებს. ბალტიის ზღვის მონაკვეთი, რომელიც რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მდებარეობს, მაღალი რისკის სივრცეა ამგვარი სპეცოპერაციებისთვის, რაც აფერხებს როგორც სამხედრო, ისე კომერციული გემების გადაადგილებას. ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების სამსახურის ცნობით, 2024 წელს თანამგზავრული სიგნალების ჩარევის 820 შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 26 იყო.
ბულგარეთში, პლოვდივის აეროპორტში 2025 წლის 1 სექტემბერს რუსეთის მხრიდან GPS-სისტემის სიგნალის ჩახშობის შემდეგ ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი. ამ დღეს თვითმფრინავს GPS-სიგნალის ჩახშობის შედეგად ბულგარეთის აეროპორტში ნავიგაციის სერვისები გაითიშა.
უფრო ადრე, 2024 წლის მარტში, ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თვითმფრინავს, რომელიც პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა, რუსეთის ანკლავის, კალინინგრადის თავზე დაუზიანდა თანამგზავრის სიგნალი - GPS-სიგნალზე ჩარევა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
GPS-ისა და GNSS-ის სიგნალების ჩახშობასთან დაკავშირებული საკითხების წყაროს, gnssjamming-ის ცნობით, რუსეთის მხრიდან სანავიგაციო სისტემების გაყალბების შემთხვევები საქართველოშიც აღირიცხება:
"საქართველოსგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო ძალებისა და ნატოს ძალების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები დაემთხვა GPS-ის მუშაობის შეფერხების მნიშვნელოვან ზრდას. ეს შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის მიზანმიმართულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევაა ”ნატოს წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველო GPS-ის გაყალბების მზარდ საფრთხეს აღიარებს, აქტიურად იკვლევს და ტესტავს ჩარევის საწინააღმდეგო სტრატეგიებს”, - წერდა gnssjamming-ი 2024 წელს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სტატიის გამოქვეყნებამდე არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, ნატოს წვრთნების პარალელურად რუსეთის მხრიდან GPS-სისტემებზე თავდასხმის შემთხვევებსა და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების სტრატეგიებზე.
ფორუმი