უკრაინის პოლიტიკის ერთ-ერთმა ყველაზე საკამათო ფიგურამ, ტრუხანოვმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მერის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს და არ თვლის, რომ გადაყენებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრუხანოვს მოქალაქეობა ჩამოართვა და თანამდებობიდან გადააყენა რუსული პასპორტის სავარაუდო ფლობის გამო.
ტრუხანოვს, რომელიც ოდესის მერის თანამდებობაზე იყო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკავშირებენ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს, პრორუსულ სიმპათიებს და ქალაქის არასწორ მართვას მას შემდეგ, რაც ოდესაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა.
გენადი ტრუხანოვი კატეგორიულად უარყოფს, რომ აქვს რუსეთის პასპორტი და ამბობს, რომ ოდესის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების თაობაზე სარჩელს შეიტანს. ტრუხანოვი 10 წელი იყო საპორტო ქალაქის, ოდესის მერი.
„მე განვაცხადე, ვაცხადებ და გავაგრძელებ განცხადების გაკეთებას და ვარწმუნებ ყველა უკრაინელს, ყველას, ვინც ხედავს და სურს იცოდეს სიმართლე დღეს - არასდროს მქონია რუსეთის მოქალაქეობა. არ მქონდა მისი მიღების უფლება, რადგან არასდროს მიმიმართავს რუსეთისთვის მოქალაქეობის მოთხოვნით და ვერასდროს მივიღებდი მას“, - განაცხადა ტრუხანოვმა 15 ოქტომბერს, საღამოს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ტრუხანოვს, სავარაუდოდ, ჰქონდა მოქმედი რუსული პასპორტი და ამიტომ მოქალაქეობის საკითხებში საპრეზიდენტო კომისიამ გადაწყვიტა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა.
„ეს გადაწყვეტილება, კერძოდ, ეფუძნება უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ საბუთებს და დამტკიცდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით“, - განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურმა.
ის, რომ ტრუხანოვს რუსეთის შიდა პასპორტი ჰქონდა და მოსკოვის მახლობლად, სერგიევ პოსადში იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, 2014 და 2016 წლებში გამოვლინდა. 2018 წელს, საგამოძიებო ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მისი სხვა საერთაშორისო პასპორტის ასლი, რომელიც 2003 წლიდან 2008 წლამდე იყო ძალაში.
2014 წელს უკრაინელმა პარლამენტის წევრმა ვოლოდიმირ არიევმა გამოაქვეყნა რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის (FMS) ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრუხანოვის სახელზე რუსეთის პასპორტი საბჭოთა პასპორტის საფუძველზე 1992 წელს გაიცა. იქვეა ცნობა, რომ მან 2011 წელს ახალი პასპორტი მოითხოვა 45 წლის შესრულებასთან დაკავშირებით.
ოდესის მაშინდელი მერის რუსული მისამართი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ ინფორმაციის პროექტმა (OCCRP), პანამის იურიდიული ფირმა Mossack Fonseca-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნეს ეს ინფორმაცია. ერთ-ერთ დოკუმენტში ტრუხანოვი აცხადებს, რომ მისი ოფშორული კომპანია (პანამის დოკუმენტებში აღმოჩენილ 20-დან ერთ-ერთი) უკანონო საქმიანობაში არ ჩაერთვებოდა. დეკლარაციაში მან თავისი მისამართი მიუთითა: სერგიევ პოსადი, პარკოვაიას ქუჩა, მე-5 კორპუსი. ეს ტიპური საბჭოთა ეპოქის პანელური მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია.
რუსეთის მოქალაქეობის ფლობის ბრალდებების საპასუხოდ (უკრაინის კანონმდებლობით ორი მოქალაქეობა, ანუ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია), ტრუხანოვმა ოდესაში რუსეთის საკონსულოს მიერ გაცემული მოწმობა გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ ტრუხანოვს „არ მიუღია რუსეთის მოქალაქეობა და, რუსეთის მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე“. იმავე წელს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ტრუხანოვის რუსული პასპორტის შესახებ ინფორმაცია „არ დადასტურდა“.
მიუხედავად ამისა, ორი წლის შემდეგ, 2018 წელს, OCCRP-მა გამოაქვეყნა პანამის დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის, ტრუხანოვის რუსული პასპორტის ასლი, რომელიც 2003 წელს გაიცა და რომლის ვადაც 2008 წელს ამოიწურა.
უკრაინის უშიშროების სამსახური ამჟამად ამბობს, რომ ტრუხანოვმა თავისი უახლესი რუსული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის 15 დეკემბრამდეა, მიიღო „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების და ყირიმის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილების დროებითი ოკუპაციის შემდეგ“. უწყება ასევე ამტკიცებს, რომ 2017 წელს ტრუხანოვმა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა მისი შიდა პასპორტის ბათილად ცნობა, თუმცა ამან რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა არ გამოიწვია.
რუსული გამოცემა The Insider-ი ამტკიცებს, რომ ტრუხანოვის პასპორტის ასლი, რომელიც უშიშროების სამსახურმა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა და უკრაინის მოქალაქეობის გასაუქმებლად გამოიყენეს, ყალბია: სახელი არასწორად არის გადაწერილი და მონაცემთა ბაზების მიხედვით, არსებობს და მოქმედებს, იმავე ნომრის მქონე პასპორტი, მაგრამ ის სხვაზეა გაცემული.
გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ ტრუხანოვის ყალბი პასპორტი, რომლის ფოტოც უშიშროებამ გამოაქვეყნა, შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მის წინააღმდეგ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ყოფილიყო დამზადებული. „The Insider“-ის ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები ტრუხანოვით დაინტერესდნენ მისი „2013-2014 წლებში უკრაინის მოვლენების განვითარებაში მონაწილეობის“ გამო.
„თუ ეს ყალბი აღმოჩნდება, ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საზოგადოების ნდობა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიმართ. ეს უზარმაზარი პრობლემა იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რადგან ეს სააგენტო რეალურად უდიდეს სამუშაოს ასრულებს სრულმასშტაბიანი ომის დროს“, - განაცხადა ვიტალი ბეზგინმა, უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას წევრმა უკრაინის მმართველი პარტიიდან - „ხალხის მსახური“ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
ამის ფონზე, ტრუხანოვისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით პეტიციამ, რომელიც 13 ოქტომბერს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, სწრაფად შეაგროვა საჭირო 25 000 ხელმოწერა.
„ნამდვილი მერი“
გენადი ტრუხანოვის პოლიტიკური კარიერა უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ტიპურია. ის იოლად იცვლიდა პარტიებსა და ფრაქციებს, ზოგჯერ საპირისპირო იდეოლოგიებით; მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, ემალებოდა გამოძიებას საზღვარგარეთ, მისთვის გადახდილი იყო დიდი გირაოები, სასამართლო საქმეები მოიგო, ტრუხანოვი თავგამოდებით უჭერდა მხარს ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც რუსეთში გაიქცა, შემდეგ კი, არანაკლები მონდომებით, პეტრო პოროშენკოს, რომელმაც თანამდებობა მაიდანის საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა.
ქვემოთ მოცემულია გენადი ტრუხანოვის პოლიტიკური ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყოფილმა წევრმა მიკოლა ტომენკომ შეადგინა, ოდესის ყოფილი მერის შეხედულებების არასტაბილურობის უკეთ გასაგებად:
- 2010 წელი – საქალაქო საბჭოს წევრი, რეგიონების პარტიის ფრაქციის (ამჟამად უკრაინაში აკრძალულია) ხელმძღვანელი;
- 2012 წელი – სახალხო დეპუტატი რეგიონების პარტიიდან.
- 2013 წელი – რეგიონების პარტიისა და უკრაინის კომუნისტური პარტიის დეპუტატების პოლონეთის სეიმისადმი მიმართვის თანაავტორი, რომლითაც ითხოვდნენ „ვოლინის ტრაგედიის პოლონელი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდად აღიარებას და უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულებრივი ქმედებების დაგმობას“;
- 2014 წელი – ხმა მისცა ვიქტორ იანუკოვიჩის „დიქტატორულ კანონებს“ (რომლებიც შექმნილია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩასახშობად - რადიო თავისუფლების შენიშვნა);
- 2015 წელი – ოდესის მერად აირჩიეს პარტიიდან „ენდე საქმეებს“ (სახელის გადარქმევამდე - „მუშათა კომუნისტური პარტია“);
- 2016 წელი – ICIJ-ის ჟურნალისტური გამოძიება ტრუხანოვის რუსული პასპორტისა და 20 ოფშორული კომპანიის შესახებ;
- 2017 წლის დეკემბერი – 2018 წლის თებერვალი – გამოძიებისთვის თავის არიდების მიზნით გაიქცა საზღვარგარეთ;
- 2018 წლის თებერვალი – დააკავეს ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების მითვისების საქმესთან დაკავშირებით, ქალაქს მიადგა 185 მილიონი ჰრივნის ზარალი. სასამართლომ ტრუხანოვი პარლამენტში პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრის, დმიტრო გოლუბოვის თავდებით გაათავისუფლა. საქმე ერთი წლის შემდეგ დაიხურა;
- 2019 წელი – გამოვიდა მოწოდებით, ხმა მიეცათ პრეზიდენტობის კანდიდატ პეტრო პოროშენკოსთვის;
- 2019 წელი – უმაღლეს რადაში იყარა კენჭი ოპოზიციური ბლოკის პარტიის (ამჟამად პრორუსულად შერაცხილი - აკრძალული) მეოთხე ნომრად;
- 2020 წელი – ოდესის მერად აირჩიეს პარტიიდან „ენდე საქმეებს“. არჩევნების წინა დღეს, მას შემდეგ, რაც მიწა, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი მდებარეობს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა, მიტროპოლიტმა ონოფრემ იგი მერის პოსტზე აკურთხა.
- 2021 წელი – ტრუხანოვს ბრალად წაუყენეს მონაწილეობა დამნაშავეობრივ ორგანიზაციაში, რომელმაც უკანონოდ მიითვისა სახელმწიფო აქტივები - ფული და მიწა - ოდესაში. მისი გირაო, 30.2 მილიონი ჰრივნის ოდენობით (იმ დროისთვის გაცვლითი კურსით მილიონ დოლარზე მეტი) გადაიხადა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა მთავარმა სპონსორმა, პარლამენტის წევრმა ვადიმ ნოვინსკიმ (რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშაა და საზღვარგარეთ იმალება).
- 2022 წელი – ის ემხრობოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისს და ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე დიდის ძეგლის დანგრევას. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ ის ეჭვმიტანილი იყო კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, რომელიც ქალაქის ქონებას ითვისებდა.
- 2023 წელი – კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ წამოაყენა წინადადება სასამართლო სხდომაზე ტრუხანოვის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ტრუხანოვის დაპატიმრება ბრძანა გირაოს სახით 13 მილიონი გრივნის გადახდის უფლებით.
- 2024 წელი – აქტიურად უჭერდა მხარს პუშკინის ძეგლის, როგორც „ჩვენი ისტორიის ნაწილის“, შენარჩუნებას.
2023 წლიდან 2025 წლის 14 ოქტომბრამდე ის შეუფერხებლად მსახურობდა მერის თანამდებობაზე და მოგზაურობდა საზღვარგარეთ.
რატომ სწორედ ახლა?
სტანდარტული პასუხი არ არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის ცენტრალურ მთავრობას „მოთმინების ფიალა აევსო“ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოდესაში ძლიერ წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქალაქის მთავრობამ კატასტროფისთვის სრული მოუმზადებლობა გამოავლინა და ვერ შეძლო მის შედეგებთან გამკლავება.
სტანდარტული პასუხი არ არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის ცენტრალურ მთავრობას „მოთმინების ფიალა აევსო“ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოდესაში ძლიერ წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქალაქის მთავრობამ კატასტროფისთვის სრული მოუმზადებლობა გამოავლინა და ვერ შეძლო მის შედეგებთან გამკლავება.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინაში არჩევნების, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების, შესაძლებლობა მდგრადი ზავის შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, გენადი ლეონიდოვიჩი ხელისუფლებას იმიტომ არ ჩამოაშორეს, რომ რუსული პასპორტი ჰქონდა, არა კორუფციის ან სისხლის სამართლის საქმეების გამო და არც წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო. ამას აქამდე მნიშვნელობა არ ჰქონდა. და აღარც ექნება. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძირითადად ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის შემოღებისთვის გზის გასაწმენდად იქნა მიღებული“, - ამბობს ანატოლი ბოიკო, უკრაინელი პოლიტოლოგი და უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის ოდესის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი.
ბოლო წლებში ჩერნიგოვისა და სუმის, ასევე დნეპრის საქალაქო ადმინისტრაციებმა და ფრონტის ხაზის ქალაქებმა - კრამატორსკმა, სევეროდონეცკმა და ხერსონმა - უკრაინაში „სამხედრო“ სტატუსი მიიღეს.
„ჩვენი ნიკოლაეველი კოლეგები ამბობენ, რომ ნიკოლაევშიც აქტიურად მზადდება სიტუაცია სამხედრო ადმინისტრაციის შემოღების მიზნით. გარდა ამისა, მერები როვნოსა და პოლტავაში დარჩნენ, მაგრამ მათ იქ სამხედრო ადმინისტრაციები არ შეუქმნიათ, სულ მცირე, ამ ეტაპზე. არჩევნები საბოლოოდ მაინც ჩატარდება და რეგიონული ცენტრების ბიუჯეტები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს“, - დასძენს ბოიკო.
ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოდესაში სამხედრო ადმინისტრაციის შემოღება ლოგიკურია: ქალაქი ხშირად ხდება რუსეთიდან დრონებისა და რაკეტების სამიზნე, იქაა განთავსებული უკრაინის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა და ის უკრაინის მთავარი ნავსადგურია, საიდანაც საქონელი გადის შავი ზღვის საზღვაო დერეფნით.
ოდესა ასევე ფიგურირებდა კრემლის გეგმებში, რომელიც ეხებოდა ე.წ. „დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის“ შექმნას დიდი ომის ადრეულ ეტაპზე. ეს გეგმები ჩაიშალა უკრაინის არმიის წინააღმდეგობის გამო.
„ოდესა იმსახურებს მეტ დაცვას და მეტ მხარდაჭერას. ოდესაში უსაფრთხოების ძალიან ბევრი საკითხი დიდი ხანია უპასუხოდ რჩება“, - განმარტა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება გენადი ტრუხანოვისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ.
„მოქალაქეობის ჩამორთმევა სახელმწიფოს სიძლიერე არ არის. ეს მართლმსაჯულების უძლურების ნიშანია. თუმცა მე მხარს ვუჭერ ოდესაში სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილებას. მისი ეფექტიანობა საკამათოა, მაგრამ ის კანონიერი, ლოგიკური და გამართლებულია ამჟამინდელ ვითარებაში“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი.
კომენტატორების უმეტესობა მოახლოებულ შესაძლებელ არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ომის დასასრული ნამდვილად მოახლოებულია და ტრუხანოვის მთელი ეს ეპოპეა ამის კიდევ ერთი დასტურია. ზელენსკი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ხოლო ოდესა მისთვის დიდი საარჩევნო ბაზაა, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მისი ხელახალი არჩევისთვის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“, - ამბობს ზელენსკის ოპონენტი, ოპოზიციონერი პარლამენტარი ალექსეი გონჩარენკო.
„ზელენსკი თანდათან კარგავს ძალაუფლებას და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში. ტრუხანოვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის შექმნა ყველა მერისთვის აშკარა სიგნალია, რომ ყველა მეთვალყურეობის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიზანში ამოიღებენ. ეს მერების უმეტესობის დაშინებას და ხელისუფლებისადმი მორჩილებას გამოიწვევს“, - დასძენს გონჩარენკო.
უმაღლესი რადის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი, ოლეჰ სინიუტკა, საკუთარ თავს „ტრუხანოვის პოლიტიკურ ოპონენტს“ უწოდებს და დასძენს, რომ ის ხშირად „ანტიუკრაინულ პოზიციას“ იკავებდა.
„მეორე მხრივ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოდესელებმა ის აირჩიეს. მთელ ამ ამბავს ადგილობრივ თვითმმართველობაზე თავდასხმის ნაწილად აღვიქვამ. რადგან საქმე ნამდვილად არ ეხება ტრუხანოვს - ტრუხანოვთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია! საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ავტორიტარიზმი დიდი ხანია ყალიბდება და ამ ავტორიტარიზმს ქვეყანაში, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უშლიან ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ გავლენიანი და საკმაოდ დამოუკიდებლები არიან“, - განაცხადა სინიუტკამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
უკრაინის ლუგანსკის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ცნობილი მოხალისე, გიორგი ტუკა, Facebook-ზე შეკითხვას სვამს: „განა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ოდესის ხელმძღვანელობის „ზელენსკის გუნდის“ წარმომადგენლით ჩანაცვლება არ არის? კლიჩკოს ფონზე, რომელიც ჯიუტად უარს ამბობს დაემორჩილოს ზელენსკის, ტრუხანოვის თანამდებობიდან გადაყენება უნებლიედ ბადებს ეჭვებს“.
გაისმის სხვა ხმებიც. მაგალითად, ოდესის ოლქის მკვიდრი ჟურნალისტი ზოია კაზანჯი სოციალურ მედიაში წერს: „ნუ წუწუნებთ იმაზე, რომ „ოდესა ირყევა“ და რომ „ტრუხანოვი ქალაქში სტაბილურობას უწყობს ხელს“. ოდესა ყველაზე რთულ პერიოდში ჩვეულებრივ ადამიანებს ეჭირათ ხელში, ჩვეულებრივ ადამიანებს უფლებამოსილების და რესურსების გარეშე. იგივე ადამიანები იცავდნენ მას 2014 და 2022 წლებში. ზუსტად ასეთ ადამიანებს უჭირავთ უკრაინა და აგრძელებენ ამას“.
თავად გენადი ტრუხანოვი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, შესაძლო არჩევნების ფაქტორს ასე ხსნის: „მე არასდროს ვყოფილვარ პრეზიდენტის ოპოზიციაში. თუ ვინმემ რუსეთის აგენტად მიმიჩნია, დაეყრდნოს ფაქტებს და არა მოსაზრებებს“.
ვინ არის ლისაკი?
14 ოქტომბერს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილ მალიუკთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მალიუკმა რამდენიმე თანამდებობის პირის რუსული პასპორტების ქონა დაადასტურა, ზელენსკი დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰიი ლისაკს ესაუბრა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოფიციალურად მადლობა გადაუხადა მისთვის მინიჭებული რეგიონის დაცვაში ეფექტიანი მუშაობისთვის, მან თქვა: „მას შემდგომი დავალებები მივეცი. დოკუმენტები მალე იქნება მზად“.
მალე გავრცელდა ინფორმაცია ახლად შექმნილი ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლისაკის დანიშვნის შესახებ.
ლისაკის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ის უშიშროების სამსახურის კარიერული ოფიცერია, მსახურობდა სპეცრაზმ „ალფაში“ და ბრიგადის გენერლის წოდება აქვს.
მუშაობდა უშიშროების სამსახურის რამდენიმე რეგიონულ დეპარტამენტში, კერძოდ, ჟიტომირსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში და აქტიურად მონაწილეობდა დონბასში „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.
2023 წელს ლისაკი დაინიშნა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად. ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის შეფასება რთულია. ერთი მხრივ, საბრძოლო მოქმედებები უკვე გადავიდა ამ რეგიონში და ამჟამად რუსული ჯარები დონბასის მიმდებარე მის მცირე ტერიტორიას აკონტროლებენ. მეორე მხრივ, რეგიონი კვლავ რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების საიმედო ზურგად.
„როგორც ჩანს, ლისაკს ცენტრალური მთავრობა დადებითად აფასებდა: მაგალითად, გასულ წელს მან რამდენჯერმე წარადგინა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ევროპის ქვეყნების ადგილობრივი საბჭოების შეხვედრებზე“, - წერს BBC.
ვიკიპედიამ ოპერატიულად განაახლა ლისაკის შესახებ ინფორმაცია: 2025 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, ის ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად არის მითითებული. ამასობაში, ამ დღეს გამოცხადდა, რომ ოდესის საქალაქო საბჭოს მდივანი იჰორ კოვალი დროებით ქალაქის თავის მოვალეობის შემსრულებელი იქნება - შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო ორგანოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ის ხელმოწერილია თავად კოვალის მიერ, რომელმაც, დოკუმენტის თანახმად, თავი ამ თანამდებობაზე დანიშნა „უკრაინის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უკრაინაში“ 42-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად“.
კიევს ამ თვითდანიშვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის.