Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურთაზ ზოდელავამ დემონსტრანტებს „ოცნების“ ოფისთან წასვლისკენ მოუწოდა, მაგრამ მალევე შეცვალა გეგმა


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს, კონკრეტულად „მამაკაცურ ძალას“, „ქართული ოცნების“ ოფისისკენ წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა მოწოდება მალევე შეცვალეს და "რუსთაველის გამაგრების" გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ განცხადებით მან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მანამდე, მურთაზ ზოდელავა აქციის მონაწილეებს ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გაუძღვა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოიყენა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, რომლის ინიციატორებიც იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება! გილოცავთ! გილოცავთ!“ - განაცხადა მან.

„საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

სცენაზე მასთან ერთად ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვა ლიდერები არიან.

„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ ხმების 77,4% მიიღო.

*თავდაპირველად ამ ახალი ამბის სათაური იყო "მურთაზ ზოდელავა აქციის მონაწილეებს "ქართულ ოფისთან" წასვლისკენ მოუწოდებს". რამდენიმე წუთში, გადაწყვეტილების შეცვლის შემდეგ, ახალი ამბის სათაური შეიცვალა. ამავე ტექსტიდან წაიშალა ციტატა: „იმ დროს, როცა მთელი ერი ქუჩაშია, როცა გაზით, ყველანაირად გვიპირისპირდებიან, ივანიშვილის ბანდა, პარალელურად, თურმე, "ქართული ოცნების" შტაბში ზეიმს აღნიშნავს, პროცენტები ავიღეთო. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველანი ვიყოთ თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და მამაკაცურ ძალას ახალი მიმართულებით მოგიხმობთ, ლესელიძის მიმართულებით წავიდეთ და ჩავაკითხოთ ივანიშვილს, რომელიც ახლა კალაძეს ულოცავს გამარჯვებას, გვაქვს 10-15 წუთი, რომ შევიკრიბოთ ამ ლოკაციაზე და მივადგეთ ივანიშვილს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG