თბილისში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, ყოფილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა.
ესენი არიან:
- ირაკლი ნადირაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", თბილისის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი;
- მურთაზ ზოდელავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი მთავარი პროკურორი. 2025 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დააკავეს ლევან ხაბეიშვილთან ერთად - სასამართლომ ზოდელავა 13 სექტემბერს 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა;
- ლაშა ბერიძე -პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე;
- პაატა მანჯგალაძე - მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი;
- პაატა ბურჭულაძე - საოპერო მომღერალი (ბანი), მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი, ამჟამად მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთი სპიკერი.
"ჩვენ ვართ ეს ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის [დემონსტრაციის] ორგანიზაციას, ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა და მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მურთაზ ზოდელავა: "ეს არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის მხრიდანაც წამოსული ინიციატივები არის ის ინიციატივები, რომელსაც უნდა გავყვეთ დღეს, 4 ოქტომბერს, გამარჯვებისკენ."
პაატა მანჯგალაძე: „ეს არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი.“
დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში იგეგმება დემონსტრაცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ასევე იყო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით. ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც.
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც აქციის ორგანიზატორები სცენას ამონტაჟებენ, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“.
დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვას, მიიღებენ ამაზე პასუხს".
4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.
ფორუმი