"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა, რომ არავის ურჩევს, "გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს".
კობახიძის სიტყვებით, "ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს".
მან პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა გაერთიანებებს მოუწოდა, გაემიჯნონ შეკრებას, "რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა".
„საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა... ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავის შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი, სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, - თქვა კობახიძემ.
მისი სიტყვებით, "რადიკალური პოლიტიკური ძალების" მიერ დაანონსებულ მიტინგს, "რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება", მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და "მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება".
კობახიძის თანახმად, დაგეგმილის "აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, მან მოსალოდნელი სასჯელის შესახებაც თქვა:
"თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ზვიად კუპრავას, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობას“ აპირებს - დაგეგმილია აქცია პარლამენტის შენობასთანაც.
აქციის ორგანიზებაში ჩართულია მოძრაობა "რუსთაველის გამზირი", რომლის შემადგენლობაში შედიან პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
დღეს, 3 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. "არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია", - თქვა მან და აღნიშნა, რომ იღებენ "პასუხისმგებლობას, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება".
"თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. ხაზგასმით მინდა აღნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
ფორუმი