„ქართულ ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა, ყველა შეკითხვას უპასუხა. აცხადებენ, რომ - უკრაინაში ომის თავიდან აშორება შესაძლებელი იყო ისევე, როგორც საქართველოში.
მსოფლიოსთვის ჯერ ნათელი არ არის, რა შედეგს გამოიღებს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობა - დაასრულოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში.
აშშ-ის პრეზიდენტი, თავის გუნდთან ერთად 15 აგვისტოს, ალასკაში შეხვდა პრეზიდენტ პუტინსა და მის დელეგაციას. 18 აგვისტოს კი, ვაშინგტონში გამართა სამიტი - უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.
არ გამართლდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მოლოდინი, რომ ვაშინგტონში ჩასულ ზელენსკის ტრამპი კაპიტულაციის ტოლფას დათმობებზე წასვლას აიძულებდა.
რუსეთის სახელმწიფო მედია ბოლო დღეებში მონდომებით აშუქებს „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს.
- “ალიასკაზე შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას [რომ “უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი”]. ომის აცილება შესაძლებელი იყო”, - დაწერა ფეისბუკზე სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 16 აგვისტოს.
- “ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო”, - აღნიშნავს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.
მდინარაძე ასევე წერს, რომ „მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა", "მთავარ გამოწვევად მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს” და რომ “ოცნებამ” “გაცილებით ადრე, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან” დაიწყო ლაპარაკი “არაფორმალური, ჩრდილოვანი ძალების” წნეხსა და “ომისა და მშვიდობის დილემაზე”.
უკვე 18 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „[ალასკაზე] შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ, უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც და პაიკად გამოიყენეს... და საქართველომ ამისი საშუალება არავის მისცა“.
მისი ეს სიტყვები მალევე მოხვდა რუსეთის სახელმწიფო მედიის ყურადღების ცენტრში. სააგენტო „ტასი“ ასევე ყურადღებას ამახვილებს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის სიტყვებზე, რომ 2022 წელს საქართველოზე იყო წნეხი რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ.
“პროქსი ომი” - დასავლეთსა და რუსეთს შორის?
რუსეთის მედიაში არაერთგან მოხვდა შალვა პაპუაშვილის განცხადებებიც. “სამიტმა ალასკაში დაადასტურა: “რუსეთის წინააღმდეგ ომი უნდა დაეწყო საქართველოს” - პუბლიკაციაში ამ სათაურით ვხვდებით პაპუაშვილის არგუმენტს, რომ „თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს” და რომ „უკრაინის ომი ე.წ. პროქსი-ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი“.
პაპუაშვილი თავის ფეისბუკპოსტში აღნიშნავს, რომ უკრაინის ომს "პროქსი ომი" აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც უწოდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „პროქსი ომს“ [Proxy war] უწოდებენ სამხედრო კონფლიქტს, რომლის დროსაც მესამე მხარე არაპირდაპირ ერთვება არსებულ ომში, რათა მისი მოკავშირე ძალის დახმარებით ზეგავლენა მოახდინოს მისთვის სასურველი სტრატეგიული შედეგის მისაღწევად.
მარტში, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს „პროქსი ომი“ ბირთვულ სახელმწიფოებს - რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც "ეხმარება უკრაინას". რუბიოს არ უთქვამს, რომ ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რის შესახებაც ხშირად ლაპარაკობს კრემლი. კრემლის რიტორიკით ასევე, მას ებრძვის ნატო, ანგლოსაქსური სამყარო.
"ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ ომი გაჭიანურდა, ჩიხში შევიდა და პრეზიდენტი ტრამპი მის დასრულებას ცდილობს.
21 მაისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ ხმაურიან განხილვაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და ის შეიჭრა უკრაინაში.
- 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პარტნიორები - აშშ და ევროპის ქვეყნები, იარაღითა თუ ფინანსებით, ღიად ეხმარებოდნენ უკრაინას, საკუთარი ქვეყნის დაცვაში. დაწესდა მკაცრი სანქციები აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ.
- უკრაინის დახმარებაზე უარი არც პრეზიდენტ ტრამპს უთქვამს, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. ტრამპი ხშირად აღნიშნავდა, რომ, მისი წინამორბედის დროს, აშშ ბევრად მეტს ხარჯავდა უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე ევროპის ქვეყნები.
დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარებას კვლავ აპირებს. ეს მან მედიასთან 18 აგვისტოსაც დაადასტურა.
უკრაინის ომის დასრულებას აშშ-ის პრეზიდენტი უკვე მე-7 თვეა ცდილობს, ინაუგურაციის შემდეგ. მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს ძალიან სწრაფად დაასრულებდა.
იმის დასტურად, რომ ომს საქართველოშიც დასავლეთი გეგმავდა - რუსეთის მედია საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას როგორც მდინარაძის, ასევე პაპუაშვილის განცხადებებში გამოკვეთილ აქცენტზე, რომ, ომამდე რამდენიმე თვით ადრე, “უცხოურმა სპეცსამსახურებმა, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს”.
“ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე, რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე წირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს“, - თქვა 18 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
შეეძლო თუ არა უკრაინას ომის აშორება?
არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ მას სურს ომების დასრულება და მშვიდობის დამყარება, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი და ეს ვერ შეძლო მისმა წინამორბედმა - ჯო ბაიდენმა.
ალასკაზე შეხვედრისას პუტინმა უთხრა ტრამპს - 2020 წელს, აშშ-ში არჩევნები გაყალბდა, ხოლო ეს რომ არ მომხდარიყო და ხელისუფლებაში დარჩენილიყავით - ომის თავიდან არიდებაც შესაძლებელი იქნებოდაო.
სწორედ ეს დასტური მიაჩნია "ოცნებას" მნიშვნელოვან ფაქტად და მტკიცებულებად იმისა, „თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ [საქართველოს] უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები”.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსოფლიო მასშტაბის მოვლენას - ტრამპისა და პუტინის შეხვედრას - “ქართული ოცნება” ისევ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებს - „თითქოსდა, მისი [„ქართული ოცნების“] პოლიტიკა შეესაბამება მსოფლიო ტრენდს, მათ შორის - მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით“ და რომ, თითქოს, სწორედ ახლა მჟღავნდება ის, რასაც საქართველოს მოქალაქეებს უხსნიდნენ.
„პუტინი ამბობს, მშვიდობა მინდაო, მაგრამ რეალურად ხომ საქმე სულ სხვაგვარად არის... უკრაინას შეეძლო ომის თავიდან არიდება, თუ ის აღიარებდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს და თუ ის ისევ შეუერთდებოდა წარმოსახვით საბჭოთა კავშირს; სწორედ იმ საბჭოთა კავშირს, რომლის მაისურითაც [წარწერით СССР] ლავროვი ჩაბრძანდა ალასკაში. ეს არ იყო შემთხვევით, ბუნებრივია. ეს იყო მინიშნება, რომ მოლაპარაკებაზე რუსეთი ჯდება იმ პერსპექტივით, რომ საბჭოთა რესპუბლიკებზე, საბჭოთა სივრცეზე მისი გავლენა აღდგება“, - ეუბნება ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას.
მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, ამერიკელ ამომრჩევლებზე, შიდა მოხმარებისთვის, არის გათვლილი და შესაძლოა, „მოლაპარაკებებში რუსეთის შეყოლიებასაც“ ისახავდეს მიზნად; სხვა საკითხია, რომ ანალიტიკოსს „კონტრპროდუქტიულად“ მიაჩნია.
ანდრო გოცირიძეს არ უკვირს, რომ რუსეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით ასე ინტერესდებიან და ხშირად აქებენ კიდეც, რადგან - მესიჯებში დიდი თანხვედრაა და არც ეს არის გასაკვირი მისთვის, რადგან "მუდმივად ან ძალიან ხანგრძლივად ყოფნა ხელისუფლებაში შესაძლებელია მხოლოდ რუსულ გარემოში“.
პრორუსული ძალები აბრალებდნენ უკრაინის პრეზიდენტს, რომ ომამდე რუს კოლეგასთან შეხვედრასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაურბოდა. თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.
ზელენსკიმ პუტინს შეხვედრისკენ არაერთხელ მოუწოდა და ამას 2021 წლის აპრილშიც ცდილობდა. პუტინთან შეხვედრის თანხმობა მან მისცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანსაც - 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, კიევში მისი სტუმრობის დროს.
მოსკოვი კიევს მიუთითებდა, რომ შეხვედრა, პირველ რიგში, ოკუპირებული დონბასის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან უნდა გაემართა; „მინსკის შეთანხმებებსაც“ სათავისოდ განმარტავდა და უკრაინისგან, ფაქტობრივად, „ოკუპაციასთან შეგუებას მოითხოვდა“.
პუტინმა ომი უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწყო - ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე (2019 წელი) და ექსპერტებისთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ კრემლი მასშტაბური, ღია თავდასხმისთვის ემზადებოდა.
- უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს, როცა ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, პუტინმა გარკვევით თქვა, რომ უკრაინა (მისთვის) არის არა სახელმწიფო, არამედ ლენინის დახმარებით შექმნილი გაურკვეველი წარმონაქმნი.
- რუსეთის სახელმწიფო მედია ბეჭდავდა სტატიებსა და გაურკვეველ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც - “უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი” და საბოლოოდ არც სახელწოდება “უკრაინა” უნდა შენარჩუნდეს.
2022 წელს დაწყებული ომის წინ რუსეთს მოთხოვნების გრძელი ნუსხა ჰქონდა - რაც “მსოფლიო დონის გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობდა“. მაგალითად, კრემლი მოითხოვდა, რომ ნატო უნდა დაჰბრუნებოდა 1997 წლის საზღვრებს, ანუ უნდა დაჰბრუნებოდა მდგომარეობას, როდესაც მის შემადგენლობაში არ იყვნენ მაგალითად - პოლონეთი თუ ბალტიის ზღვის ქვეყნები.
„უბედურებაა უკრაინაში“
18 აგვისტოს, ვაშინგტონში ევროპელი ლიდერების ჯგუფური და ორგანიზებული ვიზიტის ფონზე - თბილისიდან ბრიუსელს უტევდნენ.
მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „დიპ სტეიტი“ და ევრობიუროკრატია” საქართველოს უყენებენ მოთხოვნებს, “რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის” და “სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან”.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატად მესამედ დასახელებულმა კახა კალაძემ, სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავინ უნდა დაიჯეროს ევროპელების სიყვარული და კეთილგანწყობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
კალაძემ „მეორე ფრონტის“ სცენარიც გაიხსენა.
“არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესების გამო. ნახეთ რა ხდება უკრაინაში, სრული კატასტროფა, სრული უბედურებაა უკრაინაში, შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“ - თქვა მან.
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებას “ქართული ოცნება” “დიპ სტეიტის დაკვეთად” თვლის;
- ამ სცენარის დამტკიცებას ცდილობდა სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაც [“წულუკიანის კომისია”].
- აგვისტოს ომზე მსგავსი აქცენტი არის შალვა პაპუაშვილის პოსტშიც, რომლითაც რუსეთში დაინტერესდნენ.
“[“ქართული ოცნების” ლიდერების] ტერმინოლოგიას რომ მივყვეთ, ეს რუსული ტერმინოლოგიაა - მენტალიტეტი, მიდგომები, შეფასებები; ლგბტ პროპაგანდას თავს გვახვევსო, გლობალური ომის პარტიაო, დასავლეთი გვებრძვისო… რა განსხვავებაა 2008 წლის ომის შეფასებაში რუსეთსა და ამათ [“ოცნებას”] შორის?! საქართველომ დაიწყო ომიო… ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ დაიწყო ეს ომი. პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ემზადებოდა ამ პროცესებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია მხარდამჭერთა რეაქციების ახალი ტალღა - რომ კუთხეში მიმწყვდეულ, „საწყალ“ უკრაინას ყველაფრის დათმობა მოუწევს; უკრაინა დაიშლება მარტივ მამრავლებად; ხოლო ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ზელენსკის უჭერენ მხარს - ომის გაგრძელება სურთ.
მოელოდნენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონში შეხვედრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის კუთხეში მიიმწყვდევდა და კიევისთვის მიუღებელ კომპრომისებს, მათ შორის - საჯაროდაც უბრძანებდა.
მსგავსი არაფერი მომხდარა. შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და კმაყოფილი დატოვა როგორც პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე ევროპელი ლიდერები.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მოკავშირეები უკრაინას “ძალიან კარგ დაცვას, ძალიან კარგ უსაფრთხოებას” მისცემენ.
ევროპელი ლიდერები მოითხოვენ წნეხს პუტინზე, რომ - შეწყვიტოს ცეცხლი, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ტრამპს ეეჭვება, რომ ეს შესაძლებელი იქნება.
მოლაპარაკებები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ - დაახლოებით ორ კვირაში, პუტინი და ზელენსკი შეახვედროს ერთმანეთს. პუტინს შეხვედრის გამართვა მოსკოვში უნდა.
18 აგვისტოს პრეზიდენტი ტრამპი ზელენსკის დაჰპირდა, რომ პუტინთან მის შეხვედრაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი