უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის მისაღწევად.
„რუსეთის მშვიდობისკენ იძულება მხოლოდ ძალით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა აქვს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთან შეხვედრის შემდეგ.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. მისი წყაროების ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში ჩატარდება.
ვაშინგტონში მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ჩადიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.
დასავლური მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოითხოვს უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან და ამის სანაცვლოდ მზადაა, გაყინოს დარჩენილი ფრონტის ხაზის ნაწილი.
ფორუმი