რუსეთში განიხილავენ სცენარს, რომლის მიხედვით, ვერშემდგარი "ტერორისტული აქტის" გეგმის უკან ევროკავშირი დგას და მათთვის არც ის არ არის შემთხვევითი, რომ ჩაშლილი აფეთქება დროში ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
კრემლის ხელწერას ცნობენ ექსპერტები - ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულება ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველოდან შესაძლოა რაღაც მართლაც „გაპარულიყო“.
რუსეთის ვერსიით
Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, შევიდა რუსეთში უკრაინიდან, „მთელი რიგი ქვეყნების გავლით“, - წერია "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - ФСБ) განცხადებაში, მაგრამ სატრანზიტო ქვეყნებიდან დასახელებულია მხოლოდ საქართველო.
ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი სტეფანწმინდა-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთა, ხოლო კრასნოდარის მხარეში ტვირთი „კერძო გადამზიდავის ავტომზიდით” უნდა გადაეტანათ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური 18 აგვისტოს უკვე მიუთითებდა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების გეგმა უკრაინის სპეცსამსახურებს ეკუთვნოდათ და რომ სწრაფად დააკავეს ავტომობილის რუსეთის ტერიტორიაზე გადამყვანებიც და თანამზრახველებიც, მათ შორის - მძღოლი, რომელიც, "ეფესბეს" ვერსიით, ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად თვითმკვლელად ისე უნდა გამოეყენებინათ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
"ეფესბეს" ინფორმაცია თანდათან რუსეთის სახელმწიფო მედიაში "გაჟონილი" ამბებით ივსება, რომელთა მიხედვით:
- ავტომობილში ჩამალული იყო 130 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.
- დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები სტარონიჟესტებლიევსკაიაში დააკავეს; კონკრეტულად - რკინიგზის სადგურთან ახლოს. ეს სოფლის ტიპის დასახლებაა, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში [ყუბანი].
- სტარონიჟესტებლიევსკაია ყირიმის [ქერჩის] ხიდიდან 200 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული.
- ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ „უნებლიე თვითმკვლელი მძღოლი“, დააკავეს ქალაქ მინვოდში - რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში, რომელიც სტარონიჟესტებლიევსკაიადან თითქმის 500 კილომეტრით არის დაშორებული.
რუსეთის ტელევიზიის “1 არხის” ინფორმაციით, Chevrolet Volt-ი განკუთვნილი იყო კაცისთვის, რომელსაც ავტომობილი ქალაქ ლერმონტოვში უნდა დაერეგისტრირებინა.
ცნობებიდან არ ჩანს:
- კონკრეტულად სად, რომელ ქვეყანაში ჩატვირთეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში და როდის განათავსეს ავტომობილი ავტომზიდზე.
- სტარონიჟესტებლიევსკაია, სადაც გადამზიდავების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა, 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული სტეფანწმინდა-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ამ გზის დაფარვას 9 საათზე მეტი დასჭირდებოდა.
"ეფესბეს" გამოძიების ვერსიას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება მთელი ამ დროის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა ქვეყნის სიღრმეში. მანამდე კი ის თავისუფლად შეუშვეს რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან; ხოლო კიდევ უფრო ადრე „რიგი ქვეყნები“ გაიარა.
ბუნდოვანია ასევე, პირდაპირ უკრაინიდან [ზღვით] შემოვიდა თუ არა ეს ავტომობილი საქართველოში.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ტერაქტის მომზადებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. ყველაფერი უკრაინულ სპეცსამსახურებს ჰბრალდებათ. კიევს პასუხისმგებლობა არ აუღია.
რა ინფორმაციაა საქართველოზე?
რუსეთის საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი აკავებს ორ კაცს ავტომზიდთან, რომელზეც Chevrolet Volt-ის მარკის მანქანაა განთავსებული.
დაფარულია ავტომზიდის სანომრე ნიშანი, მაგრამ ემბლემა მიანიშნებს, რომ ის ГАЗ-ის მარკისაა.
შემდეგ ნაჩვენებია, თუ როგორ ჩხრეკენ Chevrolet Volt-ის ავტომობილს და მანქანის სხვადასხვა ნაწილის სამალავებიდან ამოაქვთ ყვითელი ფერის ნივთიერება.
რამდენიმე კადრში მკაფიოდ ჩანს, რომ ავტომობილს საქართველოს სანომრე ნიშანი [1215 BQ] აქვს - ეს არის შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშანი, რომლის მსგავსიც საქართველოში 2024 წლის აპრილიდან გაიცემა.
კადრში ასევე ჩანს პოლონური სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, ასევე სატრანზიტო. ამით, სავარაუდოდ, მინიშნებენ, რომ მარშრუტში ჩართული იყო პოლონეთიც.
შიდა ტრანზიტისთვის სანომრე ნიშნებს საქართველოში შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს - მაქსიმუმ 90 დღით, ვიდრე მფლობელი ავტომობილს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. ნომერი გაიცემა პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეუძლია.
შს სამინისტროს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა და რა შემთხვევებშია შესაძლებელი შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნებით გასვლა ქვეყნიდან. პასუხი ვერ მივიღეთ. ასევე არ მიგვიღია პასუხი შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ან მოკვლევა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
დაიწყო თუ არა გამოძიება? ხომ არ ყოფილა რუსეთის ოფიციალური მიმართვა? - რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, რომელსაც უშუალოდ ევალება შესაძლო ტერორიზმთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი და გამოძიება. შეკითხვები ჯერჯერობით სუსისგანაც უპასუხოდ არის დატოვებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 18 აგვისტოს, დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი იცის ამ ამბის შესახებ, მაგრამ "ყველა ქვეყანას - ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს - აქვს თავისი ინტერესები” და “მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე".
მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, რაღაც მართლაც “გაიპარა” საქართველოდან.
რა ინტერესი აქვს რუსეთს (ამ შემთხვევაში)?
დასავლეთის "შეთქმულების" მხილება - რუსეთის მედიასა თუ სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ, რომ უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ.
რუსი ექსპერტი, „პოლიტიკური კვლევებისა და ტექნოლოგიების“ ცენტრის ხელმძღვანელი გრიგორი კისელევი ФедералПресс-თან აღნიშნავს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების გეგმა უკრაინისა და უცხოური სპეცსამსახურების ერთობლივ დანაშაულზე მიუთითებს.
„უცხო ქვეყნების მხარდაჭერაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულმა ტრანსპორტმა იოლად გაიარა ბევრ ისეთ ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირს უჭერენ მხარს“, - კისელევს ქვეყნები არ ჩამოუთვლია და არც ის არ აუხსნია, როგორ შეუშვა „სახიფათო ტრანსპორტი“ თავად რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე.
„მოსკოვის მიერ გავრცელებული ეს ბოლო ამბავი [ყირიმის ხიდის აფეთქების გეგმის შესახებ], რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწოდებულია, როგორც დასტური, რომ მთელი ევროპა ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში; რომ აგერ ევროკავშირის ქვეყნებს უნდათ ომი, უკრაინას უნდა ომი და პუტინს უნდა მშვიდობა. ეს შინაარსი თბილისის რიტორიკასაც ჰგავს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხების სპეციალისტი, დავით ძიძიშვილი.
ექსპერტი მიუთითებს კიდევ ერთ მოტივზე - მოსკოვი ყოველთვის ცდილობს, რომ მისთვის საინტერესო ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, არ გაუნელდეთ მისგან მოსალოდნელი საფრთხის შიში - რადგან ტერორიზმის თემას რუსეთი ომის დაწყების საბაბადაც განიხილავს.
ძიძიშვილის თქმით, მამუკა მდინარაძისგან, როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისგან, საზღვარზე რაღაცის „გაპარვის“ დაშვება, თუკი ამას გამოძიება და შესაბამისი სამუშაო არ მოჰყვება, სამომავლოდ დატოვებს ეჭვს, რომ „სხვა დროს, შესაძლოა, საზღვარზე უფრო დიდი რაღაცაც გაეპაროთ“. ექსპერტი გვეუბნება, რომ სახელმწიფოს ჯანსაღი რეაქცია იქნებოდა მკაფიო საჯარო განცხადებების გაკეთება და, არსებობის შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცებულებების გამოქვეყნება.
სამი წლის წინ
2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე მსხვერპლით დასრულებული აფეთქების შემდეგ, რუსეთი აცხადებდა, რომ მის ტერიტორიაზე ასევე საქართველოდან შევიდა უკრაინიდან ჯერ ბულგარეთში გაგზავნილი და შემდეგ ფოთის პორტით საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალებები, საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო მანქანით. ამ სცენარში იყო სომხეთიც, სადაც ტვირთი განაბაჟეს.
ბულგარეთის მთავრობამ მაშინ საჭიროდ ჩათვალა, დაეწყო რუსეთის ბრალდებების საფუძვლიანი მოკვლევა და დასაბუთებული პასუხის გაცემა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2022 წელს განაცხადეს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ქვეყანას "შემხებლობა არ აქვს" ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები გამოცხადდნენ. 2024 წლის მარტში, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს. არ გავრცელებულა ცნობები მისი დაკავების შესახებ. დეტალები უცნობია, როგორ წარიმართა პროცესი კიდევ ერთი ქართველის - ლევან ბენაშვილის - შემთხვევაში.
ამავე საქმეზე რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ ვასილი მალიუკს.
ფორუმი