რუსული მედიის მიხედვით, საწვავი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაძვირდა, თუმცა ყველაზე მძიმე ვითარება ყირიმსა და პრიმორიეს მხარეშია შექმნილი. საწვავი არა მხოლოდ მაგისტრალებზე მდებარე გასამართ სადგურებში არ არის, არამედ ბევრ დასახლებულ პუნქტშიც. ხაბაროვსკის ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტების დიდმა ნაკადმა გამოიწვია საწვავის კრიზისი ფედერალურ მაგისტრალ „უსსურიზე“.
ყირიმშიც და იმიერბაიკალის მხარეშიც ბენზინი ტალონებით იყიდება. ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებთა თქმით, АИ-95 ტიპის ბენზინი ფაქტობრივად გაქრა გასამართი სადგურების უმეტესობიდან, ხოლო სადაც ჯერ კიდევ არის, იქაც ძირითადად საწარმოების ტალონებზე გაიცემა.
ვითარება ყირიმში
როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Krym.Realii იუწყება, 2025 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში ანექსირებულ ყირიმში ბენზინთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა – ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე სრულად გაქრა ბენზინი, სხვებზე კი პერიოდულად თუ გამოჩნდება ხოლმე, თუმცა მთლიანობაში ნახევარკუნძულზე შეინიშნება საწვავის მდგრადი დეფიციტი.
14 აგვისტოს Telegram-არხმა „კრიმსკი ვეტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნახევარკუნძულის ავტოგასამართ სადგურებიდან გაქრა პოპულარული მარკის, АИ-95 ბენზინი. პუბლიკაციას თანდართული ჰქონდათ ფოტო ბენზინის ფასების გრაფაში ჩამწკრივებული ნულებით.
15 აგვისტოს, ყირიმის რუსული ადმინისტრაციის საწვავისა და ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბენზინის დეფიციტის მიზეზი დროებითი სირთულეებია, რომლებიც თავის მხრივ გამოწვეულია ქერჩის სრუტით საწვავის ტრანსპორტირებასთან.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სრუტეზე საბორნე გადაზიდვების სამუშაო გრაფიკის დამოკიდებულება ამინდის პირობებზე. გარდა ამისა, მიღებული ნავთობპროდუქტი გადის ტექნოლოგიურ შემოწმებას, ვიდრე საცალო ქსელში მოხვდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამინდი და საბორნე გადასასვლელი - მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, 2025 წლის აგვისტოში ქერჩის სრუტეში ქარიანი დღეები (25-32 კმ/სთ) მხოლოდ 7, 8 და 15 აგვისტოს იყოს. და ეს მაშინ, როცა ბორნები შეუზღუდავად მოძრაობენ 36 კმ/სთ სიჩქარის ქარის პირობებში. აგვისტოში ქერჩის სრუტეზე საბორნე გადასასვლელის ტელეგრამ-არხში არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია ამინდის გამო ბორნების გაჩერების შესახებ. ამჟამად ყირიმს საწვავი არ მიწოდება რკინიგზით ანუ ქერჩის ხიდის გავლით, რადგან 2022 წლის ოქტომბრის აფეთქების შემდეგ ხიდის კონსტრუქცია საგრძნობლად მოირყა]
ყირიმის რუსული ადმინისტრაციის საწვავისა და ენერგეტიკის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე არ იშოვება АИ-95 მარკის ბენზინი, თუმცა„ეს დეფიციტი არ არის სერიოზული საწვავის საერთო მარაგებთან და სადგურების რაოდენობასთან შედარებით“.
„უახლოეს პერიოდში, როგორც კი სადისტრიბუციო კომპანიები მოახდენენ ბენზინის განაწილებას ყირიმის ავტოგასამართ ქსელში, АИ-95 ბენზინის საჭირო მოცულობა შევსებული იქნება“, – ირწმუნება ყირიმის რუსული ადმინისტრაცია.
თუმცა მომდევნო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „უმნიშვნელო დეფიციტი“ გადაიზარდა ბენზინის თითქმის სრულ გაქრობაში.
„იმ სადგურებზე, სადაც АИ-95 ბენზინი ჯერ კიდევ არის, მისი გაყიდვა ძირითადად ხდება საწარმოებიდან გაცემული ტალონებით. ამასთან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასიც. მაგალითად, ერთ-ერთ სადგურზე 1 ლიტრი АИ-95 ბენზინი უკვე 69,95 რუბლი ღირს“, – იტყობინებოდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერი“.
სულ მალე АИ-95 მარკის ბენზინთან ერთად ყირიმის უმეტესი ბენზინ გასამათ სადგურებში ასევე გაქრა უფრო ძვირი და ხარისხიანი АИ-95 Ultra ბენზინიც; გაქრობა დაბალი ოქტანობის მქონე АИ-92 ბენზინიც. ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მხოლოდ დიზელის საწვავთან დაკავშირებით არ შეინიშნება პრობლემები.
რუსეთის მიერ დანიშნულმა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა აღიარა, რომ ნახევარკუნძულს შეფერხებებით მიეწოდება საწვავის გარკვეული სახეობები. მისი თქმით, ეს გამოწვეულია როგორც საწარმოო მოცულობების შემცირებით, ასევე ლოგისტიკური პრობლემებით. "საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონს ავტომობილებით მიეწოდება“, - განაცხადა მან ტელეარხ "კრიმ 24"-ის ეთერში.
საწვავის ინფლაცია - სრულიად რუსეთის პრობლემა
რუსეთში ბენზინის ფასები 2025 წლის იანვრის შემდეგ 47%-ით გაზარდა. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, „საწვავის ინფლაცია“ პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები რეგულარულად ესხმიან თავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს (ნგქ), რის გამოც ეს ობიექტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაწილობრივ ან სრულად გამოდიან მწყობრიდან. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული დრონების დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა „როსნეფტის“ კუთვნილი ნგქ-ები რიაზანში, ნოვოკუიბიშევსკსა და სარატოვში. აგვისტოში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნეში მოხვდნენ აფიპის ნგქ კრასნოდარის მხარეში, „ლუკოილ-უხტანეფტეპერერაბოტკის“ ქარხანა კომის რესპუბლიკაში, ნავთობის გადამქაჩი სადგური „უნეჩა“ ბრიანსკის ოლქში (მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“), ვოლგოგრადის ნგქ „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ და ასევე კიდევ ერთი ქარხანა „სლავიანსკ-ეკო“ ყუბანში.
საერთო ჯამში, საკონსულტაციო კომპანიის, S&P Global-ის შეფასებით, ბოლო კვირაში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნები, რომელთა წარმოების ჯამური მოცულობა შეადგენს დღეში დაახლოებით 1,5 მილიონ ბარელს. ვითარებას ამძიმებს საწვავის მოხმარების სეზონური ზრდა, რომელიც გამოწვეულია შვებულებებისა და მოსავლის აღების პერიოდით.
ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელები, როგორც წესი, არ ასაჯაროებენ ზუსტ მონაცემებს დაზიანებების ხარისხის თაობაზე. თუმცა Reuters-თვის ცნობილი გახდა, რომ „როსნეფტის“ რიაზანისა და ნოვოკუიბიშევსკის ქარხნების აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. გამოცემა The Bell-იც აღნიშნავს, რომ სარატოვის ნგქ-მაც სერიოზული ზიანი მიიღო. არადა, ჯამში, მხოლოდ ეს სამი საწარმო უზრუნველყოფს რუსეთის ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 14%-ს.
18 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 1 ტონა АИ-92-ის მარკის ბენზინის ეროვნული ინდექსი (რომელიც ასახავს საწვავის საშუალო ფასს ნავთობის გადამამუშავებელ დიდ ქარხნებში) გაიზარდა 71,5 ათას რუბლამდე, ხოლო АИ-95-ისა კი — 80,43 ათასამდე. АИ-92-ის წინა მაქსიმუმი თითქმის ორი წლის წინ დაფიქსირდა.
„კომერსანტის“ თქმით, კრიზისული ვითარება შეიქმნა მოსავლის აღების სეზონის წინ. საწვავის მარაგები არ აქვთ ბაზრის დამოუკიდებელ მოთამაშეებსაც. სექტორის ექსპერტები აცხადებენ, რომ ფასები ბენზინზე კვლავაც გაიზრდება. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორის, ლიუდმილა კრივკოს პროგნოზით, სექტემბერში АИ-92-ის 1 ლიტრი ეღირება 60,55-72,10 რუბლი, АИ-95-ისა კი - 61,00–78,50 რუბლი.
უკრაინული დრონების როლი ბენზინის კრიზისში
თუ რამდენად უკავშირდება რუსეთში შექმნილი ბენზინის კრიზისი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სარკინიგზო კვანძებზე? როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია წერს, აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური იერიში მიიტანეს რუსეთის იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის სამხრეთ რეგიონების, ანექსირებული ყირიმის, ფრონტის მიმდებარე ტერიტორიებისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მომარაგებაში.
3 აგვისტოს ღამეს კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა „როსნეფტ-კუბანნეფტეპროდუქტ“-ის ნავთობსაცავს, რომელიც „როსნეფტის“ მნიშვნელოვანი ობიექტია.
7 აგვისტოს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კვლავ ეწვივნენ ყუბანს - ამჯერად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
„უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების ჩამოვარდნის გამო, ცეცხლი გაუჩნდა ქარხნის გაზისა და გაზის კონდენსატის კომბინირებული გადამუშავების ტექნოლოგიურ ობიექტს. ხანძარს სირთულის მეოთხე რანგი მიენიჭა“, - აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს, რომ იერიში მიიტანეს აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ქარხანა სპეციალიზებულია ბენზინის, დიზელის საწვავის, გაზის კონდენსატის დისტილატების, მაზუთისა და გოგირდის წარმოებაზე. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 6,25 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო ამუშავებს ნავთობისა და გაზის კონდენსატის ნარევს დასავლეთ ციმბირისა და ვოლგა-ურალის საბადოებიდან.
10 აგვისტოს ღამეს, უკრაინულმა დრონების ჯგუფმა იერიში მიიტანა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს საწარმო „რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია, რომელიც მონაწილეობს საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში“.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 140 000 ბარელი ნავთობია დღეში. როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, მისმა ხანგრძლივმა გაჩერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბენზინის შიდა მარაგებზე იმ დროს, როდესაც საწვავზე მოთხოვნა სეზონურ ზრდას აჩვენებს. 12 აგვისტოს, „როსნეფტის“ კუთვნილმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წარმოება შეაჩერა.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა დრონებმა 14 აგვისტოს ღამით შეუტიეს - საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „ნამსხვრევების ცვენისა და საწვავის დაღვრის შედეგად გაჩნდა ხანძარი“, - განაცხადა მაშინ გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა. როგორც თვითმხილველების კადრებიდან ჩანს, დრონებმა იერიში მიიტანეს ქალაქის კრასნოარმეისკის რაიონში მდებარე „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკის“ საწარმოზე.
ქარხანა კომპანია „ლუკოილის“ ნაწილია და ის სპეციალიზებულია ნავთობის გადამუშავებასა და ნავთობპროდუქტების ფართო სპექტრის წარმოებაზე, მათ შორის აწარმოებს: ევრო-5 სტანდარტის საავტომობილო ბენზინსა და დიზელის საწვავს; რეაქტიულ საწვავს; ბიტუმს; თხევადი გაზს; ნავთობკოქსს; ზეთებს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 15,7 მილიონი ტონა ნავთობია, ხოლო გადამუშავების ხარისხი 93,1%. გაყიდვების ბაზარი: რუსეთის სამხრეთ რეგიონები, დსთ-ს ქვეყნები, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, ცენტრალური აზია, გარკვეული ტიპის პროდუქცია ექსპორტზე გადის ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
„ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების საჭიროებების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.
15 აგვისტოს, ღამით უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქში, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ეს ქარხანა „როსნეფტის“ სისტემაში ერთ-ერთი უდიდესია - აწარმოებს საწვავის ფართო სპექტრს, მათ შორის საავიაციო ნავთს და მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში. საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 8,5 მილიონი ტონა ნავთობია.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე გამიზნულად უტევენ რუსეთის რკინიგზის კვანძებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საავტომობილო საწვავის ტრანსპორტირებაში.
20 ივლისს, როსტოვის ოლქში უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის ქვესადგური „ზამჩალოვო“, ხოლო 21 ივლისს, კამენოლომნის სადგურზე - ორი ელექტროცენტრალი, რამაც მატარებლების მოძრაობა შეაფერხა არა მხოლოდ როსტოვში, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ტრაფიკი.
რას აპირებს რუსეთის მთავრობა?
რუსეთის მთავრობა ცდილობს ფასების დაჭერას ბენზინის ექსპორტის აკრძალვით და იმედოვნებს, რომ შემოდგომით, შვებულებების დასრულების შემდეგ, საწვავზე მოთხოვნა დაიკლებს. გამოცემა The Bell წერს, რომ რუსეთის მთავრობის ძალისხმევას მხოლოდ რამდენიმე პირობით შეიძლება მოჰყვეს სასურველი შედეგი: თუ საწვავის ექსპორტი შეიზღუდება მეგობარი ქვეყნებისთვისაც, თუ საწვავის რეალიზაცია მოხდება ბირჟებიდან (გასამართი სადგურებისათვის პირდაპირი მიწოდების ნაცვლად) და თუ მოხდება ბელარუსული ბენზინის შესყიდვა.
თუმცა ეკონომისტ ვიაჩესლავ შირიაევის თქმით, ამ სამი პირობის გათვალისწინების შემთხვევაში არსებითად მაინც არაფერი შეიცვლება.
„ბენზინის ბირჟაზე გაყიდვის სავალდებულო წილი ახლა 15%-ია. თუნდაც ეს მაჩვენებელი გახდეს 17%, მერე 20% - ეს არაფერს ცვლის. 100%-ით ბენზინის ბირჟაზე გაყიდვა შეუძლებელია: არსებობს გრძელვადიანი კონტრაქტები, ვერტიკალურად ინტეგრირებული ჰოლდინგები, როგორიცაა, მაგალითად, „გაზპრომნეფტი“, რომელიც თავად მოიპოვებს ნავთობს, თავადვე გადაამუშავებს და თავადვე ყიდის ბენზინს თავის სადგურებზე. ამას ვერ შეცვლი. მთავრობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია ბირჟაზე სავაჭრო მოცულობის გაზრდის შესაძლებლობებში“, - უთხრა ეკონომისტმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.
ვიაჩესლავ შირიაევი უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლების მოლოდინს, რომ ბენზინზე მოთხოვნა შემცირდება შვებულებების სეზონის დასრულების შემდეგ:
„ხელისუფლება ვერ აკრძალავს ავტომობილებით მოძრაობას სეზონის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ბენზინის ფასებს „დაიჭერს“. რაც უფრო მეტად ეცდებიან ფასების შეკავებას, მით მეტად გაღრმავდება დეფიციტი და გაიზრდება რიგები. რიგების შემცირების ერთადერთი გზა ფასების გათავისუფლებაა. თუ მთავრობა შეწყვეტს ფასებზე ზეწოლას, ბაზარი დაბალანსდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავის ბიზნესს აღარ ექნება მოგება და ბენზინგასამართი სადგურები დაიხურება არგუმენტით: „დაველოდებით, არ ვიმუშავებთ ზარალზე“. სახელმწიფოს მიერ საბაზრო პროცესებში ჩარევა ყოველთვის იწვევს დეფიციტს და რიგებს“.
რუსეთში საწვავის კრიზისს თან ახლავს კრიზისი რუსეთის ავტომრეწველობაშიც: ქვეყნის უდიდესი ავტომწარმოებელი „ავტოვაზი“ სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. კომპანიას გაყიდვები კატასტროფულად შეუმცირდა და სექტემბრის ბოლოდან „ავტოვაზი“ გეგმავს ტოლიატის ქარხანაზე არასრული სამუშაო კვირის შემოღებას და თანამშრომლების ანაზღაურების შემცირებას. როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, მძიმე კრიზისში შედის მთლიანად რუსეთის ეკონომიკა, რომელიც რეცესიის ზღვარს უახლოვდება.
უჭირს მთლიანად რუსეთის ეკონომიკას
რუსეთის ეკონომიკა აგრძელებს გაციებას: 2025 წლის მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდის ტემპი, „როსსტატის“ წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში 1,4%-ის შემდეგ 1,1%-მდე შემცირდა. შედარებით შემცირდა, მაგრამ კვლავ მაღალია ინფლაცია - 8,8%. მაღალი რჩება (18%) რუსეთის ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთი, რაც, ეკონომისტების თქმით, კვლავაც შეამცირებს მომხმარებელთა მოთხოვნას და, შედეგად, შეანელებს ეკონომიკას.
შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, კარგზე არაფერზე მიუთითებს რეგისტრირებული უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი - 2,2%: რუსეთის ეკონომიკა განიცდის შრომის ბაზრიდან მამაკაცების განუწყვეტელ გადინებას, მათ შორის სამხედრო დანაკარგების სახითაც.
ფრონტის საჭიროებებმა და ომის გამო კვალიფიციური სპეციალისტების გადინებამ რუსეთის თითქმის მთელი სამუშაო ძალა შთანთქა, რამაც შექმნა პერსონალის მწვავე დეფიციტი და ნომინალური ხელფასების რბოლა. ხელისუფლებამ სიკვდილიანობის მაჩვენებლები იმდენად საშიშად მიიჩნია, რომ მთავრობამ Rosstat-ს დაავალა თითქმის მთელი დემოგრაფიული მონაცემების გასაიდუმლოება. ყოველივე ამის გამო, რუსეთის შრომის ბაზარი კვლავ გადახურებულია და ხელფასების რბოლა ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის ძალისხმევას მოთოკოს ინფლაცია.
სპეციალისტების მწვავე დეფიციტის მიუხედავად, ბევრ საწარმოს (მაგალითად, ცემენტის მწარმოებელი „ცემროსი“, საავტომობილო კომპანიები „კამაზი“, „გაზი“ და „ლიაზი“, ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხანა, „ურალასბესტი“) თანამშრომლები მოკლე სამუშაო კვირაზე გადაჰყავს. ამის მიზეზი მოთხოვნის შემცირებაა, რაც, სპეციალისტების მტკიცებით, სამხედრო და არასამხედრო ეკონომიკებს შორის მზარდი დისბალანსის გამო ხდება. ყველა ფინანსური და შრომითი რესურსი სამხედრო-სამრეწველო წარმოებაში იხარჯება საზიანოდ სამოქალაქო ინდუსტრიებისა, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციის შესამცირებლად გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის ზეწოლას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც მუშაკთა გათავისუფლებას გეგმავენ, გაიზარდა - იანვრის 6,9%-დან ივლისის 11,5%-მდე.
რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის (CMASF) მონაცემებით, ავტოინდუსტრიის, ასევე ძირითადი სამშენებლო მასალების, პირველ რიგში ცემენტის, წარმოება სწრაფად იკლებს. თუ 2025 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო მასალების წარმოების შემცირება თვეში საშუალოდ 1,2%-ს შეადგენდა, მეორეში ის - 1,9%-მდე აჩქარდა (მათ შორის -2,1%-ით ივნისში). შედეგად, ივლისისთვის ინდუსტრიაში წარმოების აქტივობა თითქმის ხუთი წლის წინანდელ დონემდე დაეცა.
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ("როსსტატი") მონაცემებით, 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ტელევიზორებისა და სარეცხი მანქანების წარმოება თითქმის 30%-ით შემცირდა, მაცივრების - 12%-ით, ფეხსაცმლის - 29%-ით. ამ დროს ზრდას აჩვენებენ შეიარაღებული ძალების საჭიროებებზე მიბმული დარგები (14-35%), რომლებიც ძირითადად სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობენ.
ფორუმი