21 მაისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 2026 წლის ბიუჯეტზე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის მოსმენაზე დისკუსიის ერთ-ერთ საგნად იქცა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოზიციის მკაფიოობა. კომიტეტის წევრთა შეკითხვებს პასუხობდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. დემოკრატმა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, მკაფიო იყოს შეერთებული შტატების პოზიცია - „უბრალოდ უპასუხეთ ამ შეკითხვას: არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინის ომში?“ - მიმართა კიტინგმა მარკო რუბიოს. მათი დიალოგი ასე გაგრძელდა:
რუბიო: რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
კიტინგი: ანუ, ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?
რუბიო: ისინი შეიჭრნენ, დიახ.
კიტინგი: გმადლობთ, სერ. ვინაიდან მნიშვნელოვანია ამ მკაფიოობის მიღება, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი და ჩვენს მოკავშირეებს აქვთ უფლება, ეს იცოდნენ. მეორე: პირი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ვლადიმირ პუტინი არის თუ არა ომის დამნაშავე?
რუბიო: შეგვიძლია შევხედოთ მაგალითებს, რაც ხდება და ნამდვილად დავახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, თუმცა ჩვენი განზრახვაა ომის დასრულება.
კიტინგი: არის თუ არა ის ომის დამნაშავე?
რუბიო: ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის გარეშე.
კიტინგი: საკმაოდ მარტივია. არის თუ არა ის ომის დამნაშავე კაცი, რომელთანაც მოლაპარაკებები გაქვთ - ვლადიმირ პუტინი?! არის თუ არა ომის დამნაშავე?
რუბიო: ვცდილობ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას და ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. არ არის მარტივი პასუხი.
კიტინგი: თქვენ აბუნდოვანებთ საკითხს. უბრალოდ, შეკითხვას უპასუხეთ.
რუბიო: შეკითხვას ვპასუხობ და ვამბობ, რომ ომის დანაშაულები, ეჭვგარეშეა, იყო ჩადენილი და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება ანგარიშვალდებულების დრო და ადგილი. მაგრამ ახლა საქმე არის ომის დასრულება.
კიტინგი: ანუ არ პასუხობთ შეკითხვას.
რუბიო: თუ ომს არ დავასრულებთ, ადამიანები დაიხოცებიან.
კიტინგი: არ პასუხობთ ჩემს შეკითხვას (თავიდან ვითხოვ ჩემს დროს). თქვენ ახლა ზიხართ ჩვენ წინაშე, როგორც სახელმწიფო მდივანი და დიდი ხანი არ გასულა იმ დროიდან, როცა თქვენ აქ იჯექით როგორც სენატორი იმ დროს სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ რექს ტილერსონთან და ზუსტად იგივე გარემოება იყო, ოღონდ შებრუნებული და თქვენ მას უსვამდით შეკითხვებს პუტინზე, რომელიც პირდაპირ თავდასხმებს ახორციელებდა სკოლებზე, ბაზრებზე, საავადმყოფოებზე, საბავშვო მოედნებზე. ახლა კი ამას ემატება ის, რომ მან გაიტაცა 20 ათასი ბავშვი, რაც არის მკაფიოდ ომის დანაშაული. ასე რომ, მაშინ თქვენ იყავით ძალიან მკაფიო იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ახლა აღარ არქმევთ ომის დამნაშავეს? სახელმწიფო მდივან ტილერსონს, როცა ის თქვენ მსგავსად აბუნდოვანებდა საკითხს, პასუხის შემდეგ უთხარით, რომ... მეორე შანსს გაძლევთ - არის თუ არა ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავე?
რუბიო: უკვე გითხარით, რომ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი.
კიტინგი: არა, არ გითქვამთ არის თუ არა ის ომის დამნაშავე. მომისმინეთ, თქვენს სიტყვებს მოვიხმობ და არ არის საჭირო პასუხის გაცემა. იცით, რა უთხარით იმ დროს სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ტილერსონს? თქვენ მას უთხარით, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყავით მისი უუნარობით, ეღიარებინა, რომ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ეს თქვენი სიტყვებია, აღარ გვჭირდება თქვენი შეუსაბამო პასუხები.
რუბიო: არ მომეცით შესაძლებლობა პასუხის გაცემის.
ამის შემდეგ უილიამ კიტინგისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო ამოიწურა და მან სხდომის თავმჯდომარეს სთხოვა, ოქმში შეეტანა თვალსაზრისი უკრაინაში აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩის, ბრიჯიტ ბრინკისა, რომელიც, კიტინგის სიტყვებით, „სწორედ ამ ადმინისტრაციის მოქმედებების გამო გადადგა 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ“.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანაა უკრაინაში ომის შეჩერება:
„პირველი: უკრაინის ომში იყო ჩადენილი დანაშაულები და დადგება პასუხისმგებლობაც, თუმცა ახლა ჩვენი მიზანია ამ ომის დასრულება. ნება მომეცით, გითხრათ: ყოველდღე, როცა ეს ომი გრძელდება, მეტ ადამიანს კლავენ, მეტი ადამიანი სახიჩრდება და მეტი ომის დანაშაული ხდება. მეორე: არ ვიცი, ევროპელი მოკავშირეები როგორ იტყოდნენ ამას, რადგან მე ყოველდღე ველაპარაკები ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. ვხვდები და უფრო მეტს ველაპარაკები გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიდრე ჩემს საკუთარ შვილებს ვხედავ და ველაპარაკები ზოგიერთ დღეს“.
მოსმენაზე არაერთი კონგრესმენის შეკითხვები შეეხებოდა USAID-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ამოცანას, ჩინეთისა და ირანის მიმართ პოლიტიკას.
21 მაისის მოსმენაზე კონგრესმენმა ჯო უილსონმა დასვა შეკითხვა საქართველოს შესახებ, რომელზე პასუხადაც მარკო რუბიომ განაცხადა: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს".
ფორუმი