საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო მოხელე ვალდებულია, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში შეავსოს დეკლარაცია და მასში ჩაწეროს დეტალური ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების ქონების, შემოსავლებისა და ძვირადღირებული ხარჯების შესახებ.
მსგავსი დეკლარაციებიდან გავიგეთ, მაგალითად, რომ თიკა რუხაძემ მინისტრად დანიშვნის წინა დღეს 8100-ევროიანი ჩანთა იყიდა, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კი მამამ 200 000 ლარი აჩუქა.
დეკლარაციები, წესით, საჯაროა. ის ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, თუმცა მასზე წვდომა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის შეკრებიდან რამდენიმე დღეში შეუზღუდეს. პრობლემა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოგვარდა, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი და მმართველი პარტიის დამფუძნებელია. შესაბამისად, მისი და მისი ოჯახის შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე მაღალი საჯარო ინტერესია. გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირების ქონებაზე რომ მაღალი საჯარო ინტერესია, მიუთითებს კანონმდებლობაში არსებული ის ჩანაწერიც (მუხლი 14), რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს წინმსწრებად ავალდებულებს დეკლარაციების შევსებას, თუმცა არა იმდენად სრულყოფილს, როგორც თანამდებობაზე დანიშნულებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო, სწორედ ამიტომ მას მოუწია წინმსწრებად დეკლარაციის შევსება. დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან არჩევნებამდე გამოითხოვა, თუმცა მხოლოდ არჩევნების შემდეგ მიიღო.
„გამარტივებული ფორმით“ შევსებულ დეკლარაციაში არ ჩანს დეტალური ინფორმაცია პოლიტიკოსის ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებსა და შემოსავლებზე, არადეტალურადაა შევსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, არაა სავალდებულო ძვირადღირებული ნივთების ფასის მითითება და აქვს სხვა ნაკლოვანებებიც. მაგალითად, სპორტსმენ ლაშა ტალახაძის წინმსწრებად შევსებულ დეკლარაციაში არ ჩანდა, რომ გადეპუტატებამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში „წამყვან სპეციალისტად“ მუშაობდა და ამაში 13 ათას ლარამდე თანხა აიღო.
მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ხელმისაწვდომი გახადა მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა მოამზადა. ასევე გვსურდა საზოგადოების ინფორმირება ბიძინა ივანიშვილის განახლებული დეკლარაციის შესახებ, თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროში გავარკვიეთ, რომ მას დეპუტატის მანდატის მინიჭების შემდეგ დოკუმენტი არ შეუვსია - დეტალური ინფორმაციისთვის დამატებით გვაქვს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს დეკლარაცია უნდა შეევსო - „ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა“. საპირისპიროს ამტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“ და „კორუფციის წინააღმდეგ კანონს“ განმარტავენ ისე, რომ რადგან ივანიშვილი თანამდებობას ორ თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ეს ვალდებულება არ ჰქონდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს არასწორად განმარტავს, „მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს“:
„ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება“.
იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მისი ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი ღარიბაშვილიც მხოლოდ 15 დღეს იკავებდა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას, მან დეკლარაცია მაინც შეავსო და ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე.
ფორუმი