Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: ამერიკელი მაღალჩინოსნები ემზადებიან ირანზე შესაძლო დარტყმისთვის


საილუსტრაციო ფოტო. ისრაელის ავიადარტყმებით გამოწვეული კვამლი თეირანში
საილუსტრაციო ფოტო. ისრაელის ავიადარტყმებით გამოწვეული კვამლი თეირანში

ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის რამდენიმე ფედერალური უწყების ხელმძღვანელები ემზადებიან უახლოეს დღეებში ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის.

ამის შესახებ დღეს, 19 ივნისს გამოცემა Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ზოგიერთი მათგანი ირანზე შესაძლო დარტყმის დროდ უახლოეს შაბათ-კვირას ასახელებს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს.

18 ივნისს გამოცემა Wall Street Journal-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ირანზე დარტყმის გეგმას, თუმცა მისი აღსრულება გადადო.

თავად ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა, უპასუხა, რომ ეს შესაძლოა გააკეთოს ან არ გააკეთოს.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატმა მოადგილემ, მარკ უორნერმა 18 ივნისს ტელეკომპანია MSNBC-ის განუცხადა, რომ ეროვნულ დაზვერვას ისევ არ აქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს.

სენატორმა გაიხსენა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ტულსი გაბარდის მიერ მარტში წარმოდგენილი ანგარიში, რომლის თანახმად, ირანი არ მიმართავს ქმედებებს ატომური ბომბის შესაქმნელად და განაცხადა, რომ ორშაბათს, 16 ივნისს სენატორებმა დაზვერვის სამსახურისგან მიიღეს დადასტურება, რომ ეს მონაცემები არ შეცვლილა.

მარკ უორნერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა დაზვერვის მონაცემების იგნორირებისთვის და იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების პასუხად არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. სენატორის შეფასებით, ტრამპი საგარეო პოლიტიკას სოციალური ქსელებით აწარმოებს, რაც სიგიჟეა.

2025 წლის 25 მარტს სენატში გამოსვლისას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მხრიდან კი არ არის სანქცირებული 2003 წელს შეჩერებული ბირთვული პროგრამის განახლება.

ტულსი გაბარდის მიერ მარტში წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ ჟურნალისტებმა 17 ივნისს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მან უპასუხა, რომ არ აინტერესებს, რა თქვა გაბარდმა, რადგან ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან.

ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას რამდენჯერმე მოსთხოვა დანებება.

ბოლო ხანს აშშ და ირანი ისევ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე. 13 ივნისს, ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს, თეირანმა პასუხისმგებლობა აშშ-საც დააკისრა და განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებას წყვეტს.

  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG