Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ირანში კიდევ ერთ ბირთვულ ობიექტს დაარტყა, ირანმა რაკეტებით შეუტია ისრაელის ქალაქებს


ირანული რაკეტით დარტყმის რაიონი ისრაელის ქალაქ რამათ-განში. 2025 წლის 19 ივნისი
ირანული რაკეტით დარტყმის რაიონი ისრაელის ქალაქ რამათ-განში. 2025 წლის 19 ივნისი

ისრაელის თავდაცვის არმიის გამანადგურებლებმა 19 ივნისს მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის დედაქალაქ თეირანსა და სხვა ქალაქებზე, მათ შორის არაქის იმ რაიონზე, სადაც საჯარო წყაროების თანახმად, ბირთვული რეაქტორი და მძიმე წყლის(დეიტერის ჟანგი) მწარმოებელი ქარხანაა.

მანამდე ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა გაფრთხილება ამ რაიონის მცხოვრებთა ევაკუაციის საჭიროების შესახებ.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, არაქის ობიექტზე დარტყმას რადიაციული საფრთხე არ შეუქმნია, პერსონალი კი თავდასხმამდე იყო ევაკუირებული.

განახლება: ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, არაქში დაარტყეს უმოქმედო ბირთვულ რეაქტორს, ხოლო ნათანზის მახლობლად - ბირთვული იარაღის შემუშავების ობიექტს. ასევე, ბალისტიკური რაკეტების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მწარმოებელ ობიექტებს, რადარებს და რაკეტების საცავებს.

ირანის ქალაქ არაქში მდებარე ობიექტის სატელიტური ფოტო, რომელიც 2025 წლის თებერვალშია გადაღებული
ირანის ქალაქ არაქში მდებარე ობიექტის სატელიტური ფოტო, რომელიც 2025 წლის თებერვალშია გადაღებული

თავის მხრივ, ირანის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთში და თელ-ავივის გარშემო მდებარე ქალაქებზე.

ბეერ-შევაში დაზიანებულია სამედიცინო ცენტრის შენობა.

განახლება: ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება, რომლის თანახმად, ბეერ-შევაში სამიზნე იყო არა საავადმყოფო, არამედ მის მახლობლად მდებარე ისრაელის არმიის სამეთაურო-სადაზვერვო ცენტრი, რომელსაც დაარტყეს. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის სამიზნე სწორედ საავადმყოფო იყო.

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევას სამედიცინო ცენტრი ირანის სარაკეტო შეტევის შემდეგ. 2025 წლის 19 ივნისი
ისრაელის ქალაქ ბეერ-შევას სამედიცინო ცენტრი ირანის სარაკეტო შეტევის შემდეგ. 2025 წლის 19 ივნისი

სახლები დაზიანდა ისრაელის ქალაქებში ხოლონსა და რამათ-განში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

განახლება: ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ირანის ავიადარტყმების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 65 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის(ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, 13-18 ივნისის პერიოდში ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.





ფორუმი

XS
SM
MD
LG