Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: გენოციდის დანაშაულის ჩადენით ნეთანიაჰუმ უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თანამშრომლობა და სოლიდარულობის სულისკვეთება ტერორისგან თავისუფალი თურქეთის მიზნამდე მისასვლელად, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა ახლა საყოველთაოდ არის აღიარებული“, - განაცხადა 18 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის „სამართლისა და განვითარების“ პარტიის საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი აქვეყნებს ერდოანის განცხადებებს ისრაელისა და მისი ლიდერის შესახებ:

„ისრაელის ხოცვა-ჟლეტისა და ოკუპაციის პოლიტიკამ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ განსხვავებული განზომილება შეიძინა და ის მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში, მასობრივ დასჯასა და საბოლოოდ გენოციდში გადადის“.

ერდოანმა ღაზაში მსხვერპლისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატისტიკაზეც ილაპარაკა. მისი განცხადებით, ისრაელი ბომბებს უშენს დახმარების განაწილების ობიექტებისკენ მიმავალ უდანაშაულო ადამიანებს:

„ღიად ვაცხადებ, რომ ღაზიდან გავრცელებული ვიდეოები სრულიად უწყინრად წარმოაჩენს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ყველაზე შემაძრწუნებელ ფოტოებსა და ვიდეოებს. ასეთ შემაძრწუნებელ, მტკივნეულ, არაჰუმანურ და ამორალურ სცენებს ევროპაში ჰოლოკოსტის დროსაც კი ვერ იხილავდით. ნეთანიაჰუმ უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულის ჩადენით. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს. ადრე თუ გვიან ის, ღმერთის ნებით, წარდგება დამოუკიდებელი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე თავისი ყველა ქმედებისთვის და პასუხს აგებს“.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელის ირანზე თავდასხმა განხორციელდა იმ დროს, „როცა ირანთან ბირთვულ [პროგრამაზე] მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ისრაელმა, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და არავითარ წესს არ დაგიდევთ საკუთარ ბირთვულ ქმედებებთან მიმართებით, ჩაიდინა პირდაპირი ტერორის აქტი, არ დაელოდა მოლაპარაკებების დასრულებას“.

რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეფასებით, „ირანს გააჩნია ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონისმიერი თავდაცვის უფლება“.

თურქეთის ლიდერმა განაცხადა:

„მივმართავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას არა მხოლოდ ღაზის, არამედ სირიის, ლიბანის, იემენისა და ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ ამ არაადამიანური აგრესიის შესაჩერებლად და მოთმინებით გავაგრძელებთ ამის კეთებას“.

ერდოანი აცხადებს, რომ 13 ივნისის, ანუ ისრაელის მიერ ირანში სამიზნეების დაბომბვის დაწყების შემდეგ თურქეთს აქტიურად რთავენ დიპლომატიურ კომუნიკაციაში:

„ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტ ბატონ ტრამპს და ირანის პრეზიდენტ ბატონ ფეზეშქიანს - თითოეულს ორ-ორჯერ. მათ მსგავსად სატელეფონო საუბრები მქონდა რეგიონის მოძმე ქვეყნების ლიდერებთან. რუსეთის პრეზიდენტ ბატონ პუტინთან გულდასმით განვიხილეთ საკითხი“.

უკვე მეექვსე დღეა, ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას, რომლის სამიზნედ გამოცხადდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ბირთვულ პროგრამაში ჩართული ობიექტები. ისრაელი აცხადებს, რომ ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვული იარაღის შექმნისგან. ისრაელის პასუხად, ირანმა დაიწყო და აგრძელებს სარაკეტო და დრონებით შეტევას ისრაელზე. მსხვერპლია ორივე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაში. Human Rights Activists-ის (ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო. ისრაელის მთავრობის მიერ 18 ივნისს, დილით განახლებული მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG