ზოგადად, სამოქალაქო ბირთვული პროგრამები მიზნად ისახავს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას და ექსპლუატაციას, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, სამხედრო ბირთვული პროგრამების მიზანი კი ბირთვული ქობინების შექმნაა.
ირანის რეჟიმი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავდა, თუმცა ექსპერტებს განგაშის საფუძველს აძლევდა ურანის გამდიდრების მაღალი დონე, რომელსაც ირანის ბირთვულმა პროგრამამ ბოლო წლებში მიაღწია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონაცემებით, ირანმა დააგროვა 60%-მდე გამდიდრებული 400 კგ-ზე მეტი ურანი. ეს მაჩვენებელი გაცილებით აღემატება მშვიდობიანი ენერგიის წარმოებისთვის საჭირო დონეს და სახიფათოდ ახლოსაა ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭირო დონესთან. სპეციალდისტების მტკიცებით, 90%-მდე გამდიდრების შემთხვევაში, ურანის ეს რაოდენობა (400 კგ) საკმარისი იქნება დაახლოებით ათი ბირთვული ქობინის გასაკეთებლად.
„IAEA-ის მონაცემებით, ირანმა დააჩქარა ურანის გამდიდრება 60%-მდე და ასევე გაზარდა რაკეტების გამოცდების რაოდენობა, - განუცხადა „გერმანულ ტალღას“ (DW) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Counter Extremism Project-ის უსაფრთხოების ექსპერტმა ჰანს იაკობ შინდლერმა, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამით ირანს სურდა აშშ-სთან მოლაპარაკებებში პოზიციის გაუმჯობესება, მაგრამ ასევე შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეირანი სწრაფად მიიწევდა წინ ბირთვული ბომბის შექმნისკენ.“
რამდენად სერიოზულია ისრაელის თავდასხმებით მიყენებული ზიანი?
ისრაელმა სამიზნეებად შეარჩია ირანის როგორც ბირთვული ობიექტები, ასევე ბირთვულ პროგრამაში ჩართული სამხედრო მეთაურები და მეცნიერები. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებს პროგრამის ორ მთავარ ობიექტზე, ნათანზსა და ისპაჰანში.
ვენის მშვიდობისა და კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის სპეციალისტის, ვალტერ პოშის თქმით, ირანისთვის მიყენებული ზიანი მთლიანობაში მართლაც „სერიოზულია“:
„დაღუპულ გენერლებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფიზიკოსები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართულნი პროგრამაში და ფლობდნენ ფასდაუდებელ სამეცნიერო და ინსტიტუციურ ცოდნას. აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის ამ მასშტაბის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა“.
„ნათანზში მდებარე ურანის გამამდიდრებელი მიწისქვეშა ქარხნის ცენტრიფუგები, მაღალი ალბათობით, სერიოზულად დაზიანდება, თუ მთლიანად არ განადგურდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, „IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.
ცენტრიფუგა - ეს არის მოწყობილობა, რომელიც სწრაფი ბრუნვით გამოყოფს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმკვრივის ნივთიერებებს. მუშაობის პრინციპი: სწრაფი ბრუნვისას ჩნდება ცენტრიდანული ძალა, რომელიც ნაწილაკებს მათი მასისა და სიმკვრივის მიხედვით ანაწილებს - მძიმე ნაწილაკები გადაინაცვლებენ გარე მხარეს, მსუბუქები - შიგნით დარჩებიან.
ცენტრიფუგა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ურანის გამდიდრების პროცესში, რაც კრიტიკულია ბირთვული ენერგეტიკისა და ბირთვული იარაღის წარმოებისთვის.
ბუნებრივად არსებული ურანი შეიცავს ძირითადად ორი იზოტოპის ნაზავს:
- U-238 - დაახლოებით 99,3% (არ არის გამამდიდრებელი ბირთვული რეაქტორებისთვის);
- U-235 - მხოლოდ 0,7% (ეს იზოტოპი საჭიროა რეაქტორებსა და ბირთვულ იარაღში).
რადგან მათი ქიმიური თვისებები იდენტურია, გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ მასის მცირე განსხვავებით — სწორედ ამისთვისაა საჭირო ცენტრიფუგა.
როგორ მუშაობს ცენტრიფუგა ურანის გამდიდრებისას?
ურანის ჰექსაფტორიდი (UF₆) გაზის სახით შეჰყავთ ცენტრიფუგაში, რომელიც იწყებს მაღალი სიჩქარით ბრუნვას (დაახლოებით 50 000–70 000 ბრუნი/წმ-ში). უფრო მძიმე U-238 იზოტოპის ატომები ცენტრიდანული ძალით გადაადგილდებიან გარე კედლებისკენ, შედარებით მსუბუქი U-235 იზოტოპის ატომები კი რჩებიან ცენტრალურ ნაწილში. ასე ნაწილობრივ გამდიდრებული (U-235-ის შემცველობით გაზრდილი) გაზი გროვდება ცენტრალურ ზონაში, ხოლო ღარიბი - გარე მხარეს. ეს პროცესი გრძელდება უამრავ ცენტრიფუგაში (ე.წ. კასკადური განლაგება), სანამ საჭირო გამდიდრების დონეს მიაღწევენ.
გამდიდრების შედეგი:
- ბირთვული რეაქტორისთვის - 3-5% U-235;
- ბირთვული იარაღისთვის - 90% U-235.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ასევე განაცხადა, რომ ნათანზში მდებარე ობიექტში შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება, თუმცა, მისი თქმით, ობიექტების საზღვრებს მიღმა რადიოაქტივობის დონე უცვლელია.
უკრაინელი ფიზიკოსის, ლუდვიგ ლიტვინსკის თქმით კი, ისრაელის საჰაერო იერიშის მიუხედავად, ბირთვული ან რადიაციული კატასტროფა მოსალოდნელი არ არის:
„აქ საუბარია ობიექტებზე, რომლებიც მთელი პროცესის საფეხურებია. საუბარი არ არის ბირთვული იარაღის არსებობაზე, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, მით უმეტეს რაღაც ბირთვულ რეაქტორებზე”.
როგორც ლუდვიგ ლიტვინსკიმ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, The Current Time-ს უთხრა, აშკარაა, რომ ირანული ბირთვული პროგრამა დაზიანდა ისრაელის იერიშების შედეგად, თუმცა რამდენად ძლიერად, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია.
"იმისათვის, რომ გაკეთდეს ჰიროშიმაში ჩამოგდებული ბომბის, Fat Man-ის ანალოგი, საჭიროა გამამდიდრებელი სიმძლავრეები, მძლავრი რადიოქიმიური წარმოება, ლაბორატორიები და სპეციალისტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე ომის დროს ამ პროცესის მინიმუმ ორი ან თუნდაც სამი კომპონენტი განადგურდა, - ამბობს ფიზიკოსი, - საუბარია სპეციალისტების განადგურებაზე. ამ საქმეში ბირთვული ფიზიკის სპეციალისტებზე მეტად საჭირო არიან ფართე პროფილის სპეციალისტები: კვალიფიციური ქიმიკოსები, მასალათმცოდნეები, ბალისტიკოსები. საკუთარი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ გამდიდრებული ურანი არ კმარა“.
ირანული მედიის ცნობით, 18 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე იმამ ჰუსეინის სამხედრო უნივერსიტეტსაც დაარტყეს. ღია წყაროების თანახმად, ეს არის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.
Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე მიიტანეს იერიში თეირანში მდებარე ცენტრიფუგების ქარხანასა და იარაღის ფაბრიკებზე.
ისრაელის მთავრობა ირანზე საჰაერო იერიშის საჭიროებას იმით ხსნის, რომ, მისი თქმით, „თეირანის ბირთვული პროგრამა სწრაფად უახლოვდებოდა ზღვრულ წერტილს“.
როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რამდენიმედღიანი საჰაერო დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით შეანელა.
ნათანზის ბირთვული ობიექტი, სადაც ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგებია განთავსებული, სერიოზულად დაზიანდა, თუმცა დიდწილად ხელუხლებელი დარჩა ფორდოს გამაგრებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა. ექსპერტების თქმით, ისრაელს, აშშ-ის იარაღისა და საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, ფორდოს დაზიანების შესაძლებლობა არ აქვს.
CNN-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ერიდება აშშ-ის ისრაელის ოპერაციაში ჩართვას, თუმცა აღიარებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების ერთადერთი გზა აშშ-ის სამხედრო დახმარებაა, მათ შორის ბომბებით, რომლებსაც შეუძლიათ მიწისქვეშა ობიექტების, განსაკუთრებით კი ფორდოს ურანის გამამდიდრებელი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანება.
Axios-ის ცნობით, ტრამპი განიხილავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას.
ნათანზი და ფორდო
13 ივნისს ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ირანის ძირითად ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზზე. ისრაელის საჰაერო ძალებს ფორდოს ქარხანა, რომელიც რამდენიმე ათეული თუ ასეული მეტრის კლდოვანი რელიეფის სიღრმეშია, როგორც ჩანს, არც კი დაუბომბავთ. როგორც ექსპერტები ამბობენ, უბრალოდ ჩაახშვევს ობიექტის გარშემო არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ფორდოს მიწისქვეშა ობიექტი დაბომბვის შედეგად არ დაზიანებულა და ქარხანა აგრძელებს ფუნქციონირებას. ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, თუმცა თეირანმა დაადასტურა, რომ ზოგიერთი მიწისზედა ობიექტი ნამდვილად დაზიანდა.
ფორდო ირანის მთავარი (და ისრაელის დარტყმებისთვის მიუწვდომელი) ბირთვული ობიექტია, რომელიც განთავსებულია მთის ქვეშ მდებარე მეგა ბუნკერში.
„ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანა 2000-იან წლებში აშენდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზაზე. ქარხანა მდებარეობს 20 კილომეტრში შიიტების წმინდა ქალაქ ყუმიდან“, - წერს Financial Times-ი, რომლის მიხედვითაც, ბირთვული პოტენციალის მქონე ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი მიწისქვეშა ობიექტები: შეერთებულ შტატებში ეს არის Raven Rock Mountain Complex-ი პენსილვანიაში, რუსეთში - Ямантау (იამანტაუ) ურალში; მსგავსი მიწისქვეშა ნაგებოები აქვთ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას.
ირანმა ფორდოს ქარხნის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურად გამოაცხადა თავისი სამხედრო ბირთვული პროგრამის დახურვის შესახებ. ისლამურმა რესპუბლიკამ საიდუმლო ობიექტის არსებობა მხოლოდ 2009 წლის სექტემბერში აღიარა, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ამის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გამოაქვეყნეს. მაშინ რუსეთმა და ჩინეთმაც კი, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული პროგრამის განვითარებაში ეხმარებოდნენ, დაგმეს ირანის ამგვარი ფარული საქმიანობა.
2015 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ე.წ. ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, ირანი დათანხმდა ფორდოში ურანის გამდიდრების შეწყვეტას და ობიექტის კვლევით ცენტრად გადაკეთებას. თუმცა 2018 წელს აშშ-ის შემდეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანმა კი ფორდოში ურანის გამდიდრება განაახლა.
ფორდო - უბრალოდ ბირთვული ობიექტი კი არა, თეირანის პოლიტიკური და სტრატეგიული განაცხადი
2019 წელს ირანმა განაცხადა, რომ ფორდოში ურანს ჯერ 5%-მდე, შემდეგ კი 20%-მდე გაამდიდრებდა. 2023 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დააფიქსირა 83,7%-მდე გამდიდრებული ურანის არსებობა, რაც ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო 90%-იან დონესთან.
ნათანზისა და ფორდოს ურანის გამამდიდრებელი ქარხნები ირანის ბირთვული პროგრამის ორი ეტაპის სიმბოლოებია. თუ ნათანზი ურანის დაბალი დონის მასობრივი გამდიდრებაა, ფორდო კი არის ზეწოლის ქვეშ გადარჩენა და ბირთვული იარაღის შექმნაში „გარღვევის“ შესაძლებლობა.
„ფორდო უბრალოდ ობიექტი კი არა, თეირანის პოლიტიკური და სტრატეგიული განაცხადია“, - წერს FT.
სამხედრო ექსპერტების თქმით, ისრაელს საკუთარი ძალებით არ შეუძლია ფორდოს მიწისქვეშა ობიექტისათვის კრიტიკული ზიანის მიყენება. მათი თქმით, საჭიროა ისეთი სიმძლავრის ბომბები, რომლებიც მხოლოდ აშშ-ს აქვს.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით, არამედ ირანისგან „სრულ კაპიტულაციას“ ითხოვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ეტაპზე ტრამპი ფორდოს განადგურების შესაძლებლობის მქონე ზემძლავრი იარაღის ფლობას მოლაპარაკების ბერკეტად მიიჩნევს. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშკარად იმედოვნებს, რომ აშშ თავის უპირატესობას გამოიყენებს.
როგორც ამრიკული მედია წერს, ტრამპის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებებისადმი მიდგომასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგნენელი უიტკოფი და ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ირანთან მოლაპარაკების განახლებას ემხრობიან, ხოლო სახელმწიფო მდივანი რუბიო უფრო მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და მოითხოვს, თეირანმა სრულად თქვას უარი ურანის გამდიდრებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დებატები იმაზეა, უნდა მიეცეს თუ არა ირანს გამონაკლისი ზოგადი წესიდან: არაბირთვულ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განვითარება, ამის გაკეთება მხოლოდ იმპორტირებული ბირთვული საწვავით შეუძლიათ.
ამასობაში, ირანი კვლავ უარყოფს აშშ-ის წინადადებებს, მათ „ფარსად“ მიიჩნევს და მიზეზად ასახელებს ტრამპის გასვლას შეთანხმებიდან. ირანის ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს სანქციების მოხსნას და მხოლოდ აძლიერებს ზეწოლას.
Financial Times-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების თქმით, მაღალგამდიდრებული ურანის ამჟამინდელი მარაგების საფუძველზე, ირანს შეუძლია სამ კვირაში ცხრა ბირთვული ქობინისთვის მასალის წარმოება. უფრო მეტიც, მათი თქმით, საბრძოლო იარაღისთვის ვარგისი პირველი 25 კილოგრამი ურანის მიღება სულ რაღაც ორ ან სამ დღეშია შესაძლებელი.
მეორეს მხრივ, როგორც CNN-ი გადმოსცემს ამერიკული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სამი წელი სჭირდება.
ირანის ბირთვული გზა
ირანში ბირთვული ტექნოლოგიები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშაა, რადგან ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილეა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი ქვეყნები აღიარებენ, რომ მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ ბირთვული იარაღის ფლობა, რომლებმაც იარაღი 1967 წლამდე შექმნეს. ასეთი ქვეყნებია აშშ, სსრკ (სამართალმემკვიდრე რუსეთი), საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი. ხელშეკრულებას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ არ მოაწერა ხელი; მათგან სამმა - ინდოეთმა, პაკისტანმა და ისრაელმა - მოგვიანებით შექმნა კიდეც საკუთარი ბირთვული არსენალი.
ჩრდილოეთმა კორეამ, მხოლოდ ამ ერთმა ქვეყანამ დატოვა ხელშეკრულება, რათა შეძლებოდა ბირთვული იარაღის შექმნა: ფხენიანი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა ბომბის შექმნაზე. ხელშეკრულებას 1985 წელს შეუერთდა, თუმცა რვა წლის შემდეგ უარი თქვა მასზე, კიდევ 13 წლის შემდეგ კი (2006 წ) წარმატებით გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ ირანიც ჩრდილოეთ კორეის კვალს მიჰყვება. 1968 წლიდან ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრი ქვეყანა, ბირთვული ტექნოლოგიებით დაინტერესებული იყო ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე (1979 წ.). თუმცა მომდევნო ათწლეულებში (ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან და მეზობლების უმეტესობასთან მტრული ურთიერთობების ფონზე), ეს დაინტერესება სულ უფრო არსებითი და ნაკლებად მშვიდობიანი გახდა. რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლის ზრდა.
აშშ-ისა და ევროპის ზეწოლით 2015 წელს თეირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას („ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა“) ურანის დამუშავების დამატებითი ნებაყოფლობითი შეზღუდვების შესახებ (U-235 იზოტოპის შემცველობა არაუმეტეს 3,67%-ისა, რაც საკმარისია „მშვიდობიანი“ რეაქტორებისთვის საჭირო ბირთვული საწვავის წარმოებისთვის; ბუნებაში მოპოვებული ურანის მადანი შეიცავს ამ იზოტოპის 0,7%-ზე ოდნავ მეტს; ბირთვული იარაღის შესაქმნელად კი საჭიროა ათობით კილოგრამი მასალა, რომლის U-235 შემცველობაა 90%-ზე მეტი). ირანი ასევე დათანხმდა IAEA-ის დამატებით შემოწმებებს.
ამ დათმობების სანაცვლოდ, ირანმა მიიღო სანქციების შემსუბუქება და შეთანხმება რუსეთთან „მშვიდობიანი“ რეაქტორების მშენებლობის შესახებ. როგორც ექსპერტები ამბობენ, ირანმა გააგრძელა სამხედრო მიმართულების თეორიული სამუშაოები, მაგრამ ურანის გამამდიდრებელი მასშტაბური კომპლექსების შექმნა მას არ შეეძლო.
2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა ხელშეკრულება მისი არაეფექტიანობის მოტივით (ეს პოზიცია ემთხვეოდა ისრაელის პოზიციას) და აღადგინა ირანისთვის დაწესებული სანქციები. პასუხად თეირანმა უარი თქვა, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის არ გაემდიდრებინა ურანი 3,67%-ზე მეტად. ამასთან, ირანი არ გასულა გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და, შესაბამისად, გაგრძელდა IAEA-ის მიერ თეირანის ინსპექტირებაც. თეირანმა თანდათანობით დაიწყო ცენტრიფუგების პროგრამის გაფართოება U-235 იზოტოპში ურანის 60%-მდე გასამდიდრებლად, რაც არ ეწინააღმდეგებოდა გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (რადგან ამ დონის სისუფთავე საჭიროა, მაგალითად, ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე გემების რეაქტორებისთვის). არადა, U-235-ის ამგვარი შემცველობის მასალები, იმავე თანამედროვე გაზური ცენტრიფუგების საშუალებით, ასევე შეიძლება გამოიყენონ ნედლეულად საბრძოლო ურანის სწრაფი წარმოებისთვის.
ამავდროულად, ირანი გეგმაზომიერად ამცირებდა თავისი ბირთვული ობიექტების ღიაობას ატომური ენერგიის სააგენტოსათვის. რამდენიმე წლის წინ, ინსპექტორებმა ირანის ბირთვული ობიექტებიდან აღებულ სინჯებში აღმოაჩინეს „ხელთქმნილი“ ნიმუშები, რომლებიც შეიცავდა U-235 იზოტოპის 80%-ზე მეტს, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ თეირანი არღვევდა ბირთვული იარაღის შექმნაზე დაწესებულ აკრძალვას.
ისრაელის დარტყმებამდე ერთი დღით ადრე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ირანი უარს ამბობს გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების სრულად შესრულებაზე და რომ მას არ სურს განმარტოს როგორც „იარაღის“ დონემდე გამდიდრებული ურანის წარმოშობის მიზეზი, ასევე 60%-იანი გამდიდრების რამდენიმე ტონა „ნახევარფაბრიკატის“ წარმოების მიზანი. სააგენტომ დაასკვნა: ირანის მიერ დაგროვილი „ნახევარფაბრიკატის“ რაოდენობა საკმარისია ბირთვული ბომბისთვის საჭირო ცხრა კრიტიკული მასის ურანის წარმოებისთვის, რომლის (შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში) გამოყენება შესაძლებელი იქნება შესაბამისი რაოდენობის ბომბების წარმოებისთვის. ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს დასკვნა გამოიყენა ირანზე იერიშის მიტანის გამართლებლად.
IAEA-ს განცხადების მიხედვით, ირანი ბირთვული მუხტის შექმნის ბოლო ეტაპზეა. თეირანი, სავარაუდოდ, ასევე მუშაობს საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებელი ფუნქციური მოწყობილობების აწყობაზეც. როგორც დასავლური მეტია იუწყება, ასეთი სამუშაოს შესახებ ღია და სანდო ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ისრაელის დაზვერვას ამის შესახებაც ჰქონდეს ინფორმაცია.
ფორუმი