Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არის ფაქტი, სად - მოსაზრება - ამას ჟურნალისტებს კომუნიკაციების კომისია დაუდგენს, ამეცადინებს და დასჯის კიდეც


კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკულ ტელეკომპანიებს "ქართულმა ოცნებამ" უჩივლა. 19 ივნისს ეს საჩივარე მხარეების მონაწილეობით განიხილეს.
კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკულ ტელეკომპანიებს "ქართულმა ოცნებამ" უჩივლა. 19 ივნისს ეს საჩივარე მხარეების მონაწილეობით განიხილეს.

კომუნიკაციების კომისია განიხილავს “ქართული ოცნების” საჩივრებს ტელეკომპანიების “TV პირველისა” და “ფორმულის” წინააღმდეგ, ახლახან შეცვლილი “მაუწყებლობის შესახებ”კანონის შესაბამისად - რომელსაც ჟურნალისტები ცენზურის ინსტრუმენტად აფასებენ.

ტელეკომპანიებს “ოცნება” უჩივის, მათ შორის - ეთერში გამოყენებული ამ ფორმულირებებისთვის: “ოლიგარქის რეჟიმი”, “ივანიშვილის რეჟიმი”, "ოლიგარქის დეპუტატი", „რეჟიმის პატიმრები“, "არალეგიტიმური პარლამენტი", “მურუსიძის კლანის მსახური მოსამართლე” , "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”.

  • “ტვ პირველს” “ქართული ოცნება”ედავება 14 საინფორმაციო გამოშვებისა და 5 ე.წ. ქარდის შინაარსის გამო; ხოლო ტელეკომპანია “ფორმულის” - 7 საინფორმაციო გამოშვებისა და 1 – “ქარდის” გამო. ეს მოიცავს “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე და 59¹ მუხლებს.
  • კომისია საჩივრებს ცალ-ცალკე განიხილავს, 3 ივლისს კი დასკვნას უყრის კენჭს.
  • კანონის დარღვევა ითვალისწინებს სასჯელს - სიტყვიერი გაფრთხილებიდან დაწყებული, ავტორიზაციის გაუქმების ჩათვლით.

პირველი საჩივრების განხილვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ის ამკვიდრებს პრაქტიკას და სამომავლო მიდგომებს.

"ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” თურმე უკრძალავს მხოლოდ კონკრეტული ტერმინების გამოყენებას, მოწინააღმდეგე მხარეს არსებულ მედიებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

უფრო სწორი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველა ის ფრაზა ამოიღო საინფორმაციო გამოშვებებიდან თუ ე.წ ქარდებიდან, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავს. სანთლით რომ ეძებოთ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოზიციას ვერ იპოვით მათ ვერცერთ პროგრამაში”, - განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, იურისტმა ნათია ბოკუჩავამ, კომუნიკაციების კომისიის 19 ივნისის სხდომაზე.

ის ამბობს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონი ბრიტანული სტანდარტისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განახლდა. ასევე, ბოკუჩავას თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, აზრის თავისუფლებისგან განსხვავებით, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის და რომ ის “უშუალოდ კავშირშია მოვალეობებთან და პასუხისმგებლობებთან, რომლებსაც უგულებელყოფენ მედიები და ჟურნალისტები”.

ბოკუჩავამ თქვა, რომ ფაქტის მოსაზრებისგან გამიჯვნას ჟურნალისტებს 1 -2 კურსებზე ასწავლიან.

„თქვენგან და თქვენი პარტიისგან ჩვენ ჟურნალისტიკა არ გვესწავლება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ... შეგახსენებთ, თქვენ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ, რომელიც ახლა ცენზურის დაწესებას ცდილობს ჩვენთვის, აი აქ - ჩემს გვერდით ზის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე - მას და ჩვენს ოპერატორს, 6 თვის წინ პირდაპირ ეთერში კლავდნენ და ის საქმე დღემდე არ გამოუძიებიათ... დღეს თქვენ ადვოკატირებთ ამ ["ქართული ოცნების"] გუნდს“, - მიმართა ნათია ბოკუჩავას „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, საგამოძიებო გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ნოდარ მელაძემ, რომელიც ონლაინ-ფორმატის ზეპირ განხილვაში მცირე ხნით მონაწილეობდა.

„...დღეს სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ დავიცვა ჩემი ჟურნალისტები და ჩემი ტელევიზია ცენზურისგან, რომლის დაწესებასაც ცდილობთ“, - უთხრა მან კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურსაც.

შეცვლილი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, მაუწყებელთა შინაარსის კონტროლი და დასჯა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელში გადავიდა. კანონმდებლობის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, მაგრამ მის მიმართ ნდობა დაბალია. 2017 წლიდან, კომისიას ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია - „მეცხრე არხის“ ყოფილი დირექტორი კახი ბექაური ხელმძღვანელობს.

ბექაური თვლის, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. მისი თქმით, ჟურნალისტების ახალ თაობას არ უსწავლია პროფესიული სტანდარტები, მაგრამ კომისია უცოდინრების მიმართ ლმობიერი იქნება - იზრუნებს მათ განათლებაზე.

„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში“, - თავს კომპეტენტურად მიიჩნევს კომისიის ხელმძღვანელი.

მან არაერთხელ გაიმეორა, რომ საინფორმაციო გამოშვებებშიც დასაშვებია მოსაზრებების გამოთქმა და იმაზე უფრო მწვავე ტერმინების გამოყენებაც, რაც "ქართული ოცნების" საჩივრებში მოხვდა, მაგრამ - მოსაზრება აუცილებლად მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ფაქტისგან.

ტელეკომპანიების იურისტები დაინტერესდნენ - როგორ და რა ფორმით? საჭიროა თუ არა ყოველი მოსაზრების გამოთქმის წინ წამყვანმა ან ჟურნალისტმა თქვას ფრაზა - „ჩემი აზრით“?

„ყველგან დასჭირდება თუ არა [ამის თქმა], ზოგადად შემიძლია გიპასუხოთ, რომ არა - ყველგან არ დასჭირდება. მაგრამ იქნება სიტუაციები, სადაც აუცილებლად დასჭირდება“ - უპასუხა მან იურისტებს.

ტერმინების შინაარსის განხილვა

კახი ბექაური, „ტვ პირველის“ იურისტთან - თორნიკე მიგინეიშვილთან დისკუსიაში, მსჯელობდა ტერმინებზე „[სახელმწიფოს] მიტაცება“, „კლანის მსახური მოსამართლე“ „ივანიშვილის ანტიამერიკული რეჟიმი“. მაგალითად, მან თქვა, რომ სიტყვა „ანტიამერიკული“ - მოსაზრებაა და არა ფაქტი.

თორნიკე მიგინეიშვილი დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარეს ამ და სხვა მაგალითებთან დაკავშირებითაც და იკითხა - თუკი „ქართული ოცნების“ მხარემ საჩივარში სწორად გამიჯნა მოსაზრებები ფაქტებისგან - რატომ ვერ შეძლებს ამას ტელეკომპანიის მაყურებელი? და თუკი შეძლებს - მაშინ რა საჭიროა ამ საკითხების განხილვა?!

ბექაური თვლის, რომ ფაქტს მოსაზრებისგან გამიჯვნა აუცილებლად სჭირდება, რადგან ზღვარი ხშირად შეუმჩნეველია და „ავტომატურად ამას მოსახლეობა ვერ აკეთებს“.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის შეცვლილ ვარიანტში დაწესდა მოთხოვნები, მათ შორის - ახალი ამბების პროგრამისთვის. ორი ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოყენებულია 54-ე მუხლის 1 პუნქტი - ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა; მე-2 პუნქტი - ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა; მე-5 პუნქტი - დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და ასევე - რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. 59¹ მუხლის მე-5 პუნქტი კი 54-ე მუხლის ნორმებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის - ე.წ. ქარდებზეც ავრცელებს.

როცა "ქართული ოცნება" კრიტიკულ ტელევიზიებს არაფრად აგდებს...

კომუნიკაციების კომისია განიხილავს ასევე - რამდენად სწორად შეძლო ჟურნალისტმა მოვლენების გაშუქება იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ დაპირისპირებულია კრიტიკულ მედიასთან.

მაგალითად, ნოდარ მელაძემ კომისიას უთხრა, რომ შეუძლებელია საპირისპირო მოსაზრების სწრაფად მოპოვება, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დადიან მათ ტელევიზიაში სტუმრად, საინფორმაციო გამოშვება კი ყოველთვის ვერ დაელოდება საჯარო ღონისძიებას, სადაც შესაძლებელია შეხვდეს საჯარო მოხელეს.

„ზოგადად ჟურნალისტებს შეუძლიათ, რომ რესპონდენტის გარეშეც ამბავი მოყვნენ სწორად: ფაქტები არ დაამახინჯონ, კომენტარი ფაქტისგან გამიჯნონ... ჩვენ ყოველ კონკრეტულ დარღვევას ამ კუთხით გავაანალიზებთ, რომ ეს გადაცდომა გამოწვეული არის თუ არა იმით, რომ რომელიღაცა რესპონდენტს ბოიკოტი აქვს ამ არხის მიმართ და მან, ამ რესპონდენტის გარეშე, ვერ შეძლო სხვანაირად ამ ამბის წარმოდგენა ისე, რომ არ დაერღვია კანონი... რა თქმა უნდა, ამას მივაქცევთ ყურადღებას“, - უპასუხა მელაძეს ბექაურმა.

ნოდარ მელაძემ სხდომაზე გაიხსენა, რომ არ შესრულდა ორი კვირის წინ, მარეგულირებელ კომისიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება, რომ საჭირო იყო კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა, განმარტებებისთვის, რადგან - „კანონის ბევრი მუხლი ბუნდოვანი კითხვის საშუალებას იძლევა“.

მადლობა "ოცნებას" - საჩივრებისთვის

„მადლობა მინდა გადავუხადო მომჩივანს [„ქართული ოცნება“] , რომ შემოვიდა ეს ქეისები“, - თქვა ბექაურმა და განმარტა, რომ ეს საჩივრები იძლევა შესაძლებლობას - „ზუსტად ის საკითხები განიხილოს“ კომისიამ, რომლებიც მაუწყებლებს აღელვებს. ერთი მხრივ, კომისია იძენს გამოცდილებას, მეორე მხრივ კი, მაუწყებლები გაერკვევიან - რა ითვლება დარღვევად და რა არა.

ბექაურის თქმით, „კარგი იქნებოდა, „ქართული ოცნების“ მსგავსად სხვებსაც ეჩივლათ, რადგან გარდამავალ პერიოდში საჩივრებზე სანქციები არ ვრცელდება.

თუმცა ნათია ბოკუჩავამ სწორედაც რომ სანქციების დაკისრებას ითხოვს.„... [ჟურნალისტები] აკეთებენ განზრახ, დისკრედიტაციისთვის“, - ასკვნის იურისტი.

ერთ ეპიზოდში ბოკუჩავამ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ითხოვს მხოლოდ იმას, რაც კანონში წერია. "ტვ პირველის" იურისტმა კი მას შეახსენა, რომ კანონიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით არის მიღებული.

„თქვენ პოლიტიკოსი ხართ?“ - რამდენჯერმე ჰკითხა ბექაურმა ტელეკომპანია „ფორმულის“ წარმომადგენელს, იურისტ ეთერ ქათამაძეს, რომლის შეფასებითაც, „ქართული ოცნების“ ახალი რეგულაციები თვითცენზურის დამკვიდრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზანს ემსახურება.

ქმნება „ძალიან საშიში პრეცედენტი“, როდესაც კომუნიკაციების კომისია "შედის შინაარსობრივ მსჯელობაში და მას აქვს უფლებამოსილება, რომ დაადგინოს, რა სიტყვებით და როგორ უნდა გამოხატონ ჟურნალისტებმა თავისი აზრი და მიუთითონ - რომ ეს წარმოადგენს ფაქტს თუ შეფასებას“.

კახი ბექაური თვლის, რომ დამოუკიდებელ მარეგულირებელს ყველა ქვეყანაში აქვს საკითხების იმგვარად განხილვის უფლება, როგორც ამას დღეს კომუნიკაციების კომისია აკეთებს.

ბექაურმა ქათამაძეს პატარა გამოცდაც მოუწყო.

- კახი ბექაური: „ქალბატონმა ეთერმა არ იცის ჩინური ენა - ფაქტია ეს თუ მოსაზრება?“

- ეთერ ქათამაძე: "ეს არის თქვენი მოსაზრება, რადგან თქვენ რეალურად არ იცით, მე ჩინური ენა ვიცი თუ არა".

- კახი ბექაური: "თქვენ რა იცით, მე ვიცი თუ არა?"

- ეთერ ქათამაძე: დიდი ალბათობით, არ იცით, თუმცა - იქნებ ვსაუბრობ მე ჩინურად... აი ამაზე ვსაუბრობდი წეღან, რომ არ მიმაჩნია [სწორად] ასეთი კითხვები კომისიისგან. ასეთი მსჯელობა სცდება...

- კახი ბექაური: რა მსჯელობა... მარტივი რაღაც არის. თქვენგან ის მაინტერესებს, კაცო, რომ..

- ეთერ ქათამაძე: მე ხომ გაგეცით მაგაზე პასუხი - ეს თქვენი შეფასებაა, თქვენ ფაქტად არ იცით...

- კახი ბექაური: შეფასებააა.... ანუ მე ახლა ფაქტი არ გამივრცელებია...

- ეთერ ქათამაძე: მე არ ვიცი, რეალურად თქვენ იცით თუ არა - ვფლობ თუ არა მე ჩინურ ენას... აი ამ არარელევანტურ მაგალითებზე დაგვყავს დღევანდელი განხილვა...

- კახი ბექაური: არა, ნახეთ, მომისმინეთ ერთ წამს... თქვენ კი იცით - ჩინური იცით თუ არა, მაგრამ ბატონმა ვახტანგმა [გულისხმობს მაყურებელს] ხომ არ იცის, თქვენ ჩინური იცით თუ არა... როცა მე ვთქვი - „ქალბატონმა ეთერმა არ იცის ჩინური ენა“, ბატონმა ვახტანგმა ეს როგორ გაიგო? ხომ ვერ მიხვდება, მე დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ იცით ჩინური, თუ ეს ჩემი მოსაზრებაა?!... ხომ ვერ გაიგებს - რომელია აქ სიმართლე... ვერ გამიჯნავს ამას... აბა ჰკითხეთ ბატონ ვახტანგს - ეს ფაქტად მიიღო თუ მოსაზრებად? ჩემს ნათქვამში ეს არ ჩანს - ისიც შეიძლება იყოს და ისიც..."

ბექაურმა განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში მისი შეკითხვები მიზნად ისახავს ინფორმაციის მიღებას მოპასუხე მხარის მიდგომების, მუშაობის სტილისა და ინტერპრეტაციების შესახებ.

„მერე გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ და რომ გეტყვით, მერე რაღაც ხომ უნდა შეცვალოთ, თუ შესაცვლელია... და თუ შესაცვლელი არ არის და ისე უყურებთ, როგორც კომისიის მიდგომაა და კანონი ამბობს, მაშინ გააგრძელებთ ისევ ისე... მაგრამ ეს ხომ უნდა მივიღო მე“, - თქვა მან.

კომუნიკაციების კომისიის სხდომა 19 ივნისს პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ერთი ნაწილია „რეპრესიული კანონების“ სერიიდან, რასაც ხელისუფლების ოპონენტები აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასჯის შესაძლებლობა გააჩინა, მაშინ, როდესაც მაუწყებლებისთვის თვითრეგულირების მექანიზმი არსებობდა.

„მე არ ვიცი, რას იზამს კახა ბექაური და მისი ამფსონები... მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ საცენზორო კომიტეტის მიზანი არის ის, რომ ქვეყენაში გაანადგუროს თავისუფალი მედია. ეს არ შეეხება მხოლოდ სატელევიზიო მედიას, ეს არ შეეხება მხოლოდ ლიზენზიის მქონე რადიოებს. ეს ხვალ და ზეგ ყველა ონლაინ-პორტალს შეეხება...

დღეს კომუნიკაციების კომისიის ის გადაწყვეტილებაც კი, რომ ამ თემაზე უნდა იმსჯელოს და პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი თვითრეგულირების სივრციდან რეგულირების სივრცეში უნდა იყოს გადასული, ნიშნავს - ჩვენ უნდა დავანგრიოთ თავისუფალი მედიის სივრცე და ჩვენ უნდა დავაზიანოთ მოქალაქის ინტერესები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ, რომელიც 19 ივნისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა

“[54-ე მუხლი] თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო, გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას”, - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG