22 წლის დემეტრემ ომში წასვლა რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის ბოლოს გადაწყვიტა და „ქართულ ლეგიონში“ გაწევრიანდა.
ამბავი მისი დაღუპვის შესახებ 12 ივნისს გავრცელდა. ის კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებლის დეტონაციის გამო. როგორ აღმოჩნდა მის ხელში საშიში ნივთი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დემეტრეს ომში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ჯერ არ მიეღო და სასწავლო ბაზაზე რჩებოდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები არ უნდა ყოფილიყო.
„გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება დეტალები. დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც, სავარაუდოდ, იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია", - თქვა მამუკა მამულაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ დროს დემეტრე ოთახში მარტო უნდა ყოფილიყო.
მალევე "ქართულმა ლეგიონმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა ოფიციალური განცხადებაც, რომელშიც წერია, რომ "ქართული ლეგიონის" ბაზაზე დივერსია მოხდა - ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა შეიტანა. ეს ამბავი კი „წარმოადგენს წინასწარ დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. „რუსეთის დღეს“, რომელსაც 12 ივნისს აღნიშნავენ“.
დემეტრეს ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ ბათუმში. მის შესახებ რადიო თავისუფლებას მისი ძმა, ცოტნე დარჩია ელაპარაკა.
„ძალიან ნიჭიერი ხმის ინჟინერი იყო. ბავშვობიდანვე იტაცებდა მუსიკა, ქართულ ხალხურ სიმღერას სწავლობდა, შემდეგ დიჯეის ხელოვნებასაც დაეუფლა. ძირითადად კლუბურ მუსიკას ქმნიდა. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, თუკი ბათუმში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება კეთდებოდა, ის ყველგან მონაწილეობდა, როგორც ხმის ინჟინერი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცოტნე და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ძმისგან უკრაინაში წასვლის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო:
„მე გერმანიაში ვცხოვრობ. ყოფილი სპორტსმენი ვარ, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი. დემეტრე 2024 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა ჩემთან. აქ ჩამოსვლამდე, გარკვეული პერიოდი მონასტერში გაატარა. გამიმხილა, რომ ჯარისკაცობა გადაწყვიტა. თუმცა არ უთქვამს, რომ უკრაინაში წასვლას აპირებდა. მითხრა, რომ უნდოდა საფრანგეთში, „ფრანგულ ლეგიონში“ ჩარიცხვა და იმისთვის, რომ ლეგიონში ჩარიცხვისთვის საჭირო ე.წ. ნორმატივები ჩაებარებინა, ჩემთან მომზადება გადაწყვიტა“.
როგორც ცოტნე დარჩია გვიყვება, დემეტრემ ძმასთან დაახლოებით ორი თვე გაატარა, გაძლიერებულად ვარჯიშობდა და საფრანგეთში წასასვლელად ემზადებოდა:
„ნოემბერი იყო, რომ მითხრა, ლეგიონში მივდივარ, მაგრამ საფრანგეთში არა, უკრაინაში უნდა წავიდეო. ახლაც მახსოვს ის შოკი. ჩავვარდი საგონებელში, იქ რა უნდა ექნა, ომში, არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. შევეცადე გადამერწმუნებინა..."
დემეტრე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა:
„ჩავთვალე, რომ გადაიფიქრა და აღარ წავიდოდა უკრაინაში, თან ყველანი წინააღმდეგები ვიყავით, არანაირი გამოცდილება, ასე ახალგაზრდა, მაგრამ ყველანაირი ცდა უშედეგო აღმოჩნდა“.
ოჯახმა დემეტრეს აზრი ვეღარ შეაცვლევინა:
„ფიქრობდა, რომ ნამდვილ სამხედრო გამოცდილებას სწორედ უკრაინაში მიიღებდა. სამხედრო გამოცდილება თუ არ გაქვს, რაღა ჯარისკაცი ხარ, თან ვისწავლი და თან სამხედრო გამოცდილებასაც მივიღებო, მეუბნებოდა“.
უკრაინაში წასვლის შემდეგ დემეტრე და ცოტნე ხშირად საუბრობდნენ. უმცროსი ძმა აღფრთოვანებული ჩანდა იმ ამოცანებით, რისი შესრულებაც საწვრთნელ ბაზაზე უწევდა.
უკანასკნელი შეტყობინება დემეტრემ ძმას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მისწერა. ეს შეტყობინება ცოტნემ დაგვიანებით წაიკითხა:
„რომ მომწერა, მეძინა, ვერ ვუპასუხე. მწერდა, დღეს პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხები გავიარეთ, როგორ უნდა დავეხმარო დაჭრილ ჯარისკაცს და როგორ უნდა გამოვიყვანო უსაფრთხო ზონაშიო. ზოგადად, როცა მიკავშირდებოდა, დეტალურად მიყვებოდა რას სწავლობდა, როგორ ვითარდებოდა როგორც ჯარისკაცი. სიგიჟემდე მოსწონდა, რასაც აკეთებდა. იყო ძალიან ბედნიერი..."
22 წლის დემეტრე დარჩიას 21 ივნისს ბათუმში დაკრძალავენ.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფორუმი