უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კიდევ ერთ ობიექტს.
გენშტაბის მიერ დღეს, 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ურთიერთქმედებით, გასულ ღამით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ზუბოვოში მდებარე ტექნოპარკ „რეზონიტზე“.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „რეზონიტის“ მიერ წარმოებულ ელექტრონულ პროდუქციას რუსეთში ფართოდ იყენებენ მაღალტექნოლოგიური იარაღისა და ტექნიკის დასამზადებლად.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ტექნოპარკის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია აფეთქებები, კონკრეტული შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 52 უკრაინული დრონი, მათგან 3 - მოსკოვის ოლქში. თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგების პროცესში არიან ჩართული.
მხოლოდ 2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა მსგავს ობიექტებზე ათამდე დარტყმის შესახებ განაცხადეს.
ფორუმი