Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძეც დააჯარიმა პოსტის გამო - 4000 ლარით


მიშა მშვილდაძე 4000 ლარით დააჯარიმეს შალვა პაპუაშვილის შესახებ თებერვალში გამოქვეყნებული ფეისბუკ-პოსტის გამო.
მიშა მშვილდაძე 4000 ლარით დააჯარიმეს შალვა პაპუაშვილის შესახებ თებერვალში გამოქვეყნებული ფეისბუკ-პოსტის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა „ფორმულის“ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე, ერთ-ერთი იმ ცნობილ სახეთაგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ფეისბუკ-პოსტების გამო დაიბარეს სასამართლოში.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა 12 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე.

მშვილდაძე სხდომას არ ესწრებოდა, რის მიზეზადაც ადვოკატმა მოუცლელობა დაასახელა. მის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე იცავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, სოფიო პაპასკირის განცხადებით, მიშა მშვილდაძემ შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა „უწმაწური სიტყვების კორიანტელით“, - რაც „არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში“ და მიზანია „პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფა“.

სოფიო პაპასკირი და მარიამ კერესელიძე, შსს-ის წარმომადგენლები სასამართლოში მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ პროცესზე
სოფიო პაპასკირი და მარიამ კერესელიძე, შსს-ის წარმომადგენლები სასამართლოში მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ პროცესზე

მშვილდაძე დააჯარიმეს მის მიერ თებერვალში შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო.

8 თებერვალს მშვილდაძემ გააზიარა ფოტოები შალვა პაპუაშვილის ფეისბუკ-გვერდიდან და დაწერა: „შარშან იუესაიდის ტრაკს ლოკავდა შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ტრაკის გალოკვა შეუძლია, უნივერსალია, ტრაკი ლოკვის ფილიპ კოკუა ბატონი შალვი“.

ის იმავე მუხლით დააჯარიმეს, რითაც სხვები დააჯარიმეს ან ედავებიან - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​16_ე მუხლით.

ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

სასჯელად გათვალისწინებულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.

საჯარო ფიგურების საქმეები ერთ დღეს

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო საქართველოში სიახლეა.

მსგავსი ბევრი საქმე ერთად დაგროვდა 12 ივნისისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში - ფორმალური დასახელებით - „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის“ საქმეზე 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული.

  • შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო ჟურნალისტების ვიკა ბუკიასა და ვახო სანაიას, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით ქაცარავას, აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლო სხდომები.
  • პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი კი, რომელსაც „ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას“ ედავებოდნენ, თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
  • ხვალ გამოცხადდება ჟურნალისტ ეკა მიშველაძის იდენტურ საქმეზე გადაწყვეტილება.
  • ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3000 ლარით დააჯარიმეს;
  • აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - 4000 ლარით;
  • აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე - 3000 ლარით.
  • ხვალ გამოცხადდება ჟურნალისტ ეკა მიშველაძის იდენტურ საქმეზე გადაწყვეტილება.
  • ნინო წილოსანმა, რომელიც ერთ-ერთია, ვისთან დაკავშირებული პოსტების გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში 18 ადამიანია დაბარებული, განაცხადა, რომ მისი და პარტიის სხვა წევრების საჩივრების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლოში დაბარებული ადამიანებიდან „არავის არ დაიჭერენ - ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა“.
  • სინამდვილეში, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.

ჯარიმები და პატიმრობა

ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:

  • 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
  • 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
  • 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
  • 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
  • 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
  • 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG