Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას სასამართლო 16 ივნისისთვის გადაიდო - მას შსს მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

გადაიდო პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში.

პოლიტიკოსს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება - დავის საფუძველი ხოშტარიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებია. თავად ხოშტარია სასამართლოში თავის პროცესზე არ გამოცხადებულა - ის სასამართლოსთან ბოიკოტისა და არათანამშრომლობის რეჟიმშია. მოსამართლე დავით თეთრაულის განმარტებით, ელენე ხოშტარიას უნდა მიეცეს სხდომაზე დასწრებისა და საქმის მასალების გაცნობის საშუალება და ამ მიზეზით სხდომა 16 ივნისის 13 საათისთვის გადადო.

“კონკრეტული ფოტომტკიცებულება წარმოდგენილია საქმეში, დაესწარით 16 ივნისს სხდომას და გაიგებთ, რა მტკიცებულებაზეა ლაპარაკი. კონკრეტული საჩივრის ფარგლებში, სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე დათვალიერდა ელენე ხოშტარიას ფბ-გვერდი. დადგინდა, რომ ელენე ხოშტარიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მამუკა მდინარაძეს”, - უთხრა სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა ანდრო გურულმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამავე სამართალდარღვევისთვის დღეს სასამართლოში 20-მდე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტია დაბარებული საქმის განხილვაზე.

მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტის ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისის განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.

ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:

  • 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
  • 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
  • 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
  • 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
  • 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
  • 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG