18 ივნისისთვის გადაიდო ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა სასამართლოში - მიზეზი სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა და დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გასაცნობად საჭირო დროის მიცემაა. ბაია პატარაიას, ისევე როგორც 20-მდე სხვა საჯარო პირს, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უჩივლეს ფეისბუკში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. ბაია პატარაია სასამართლოში არ გამოცხადებულა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა.
მისი ადვოკატი ეკა მუზაშვილი რადიო თავისუფლებას სხდომის გადადების შემდეგ ეუბნება, რომ სასამართლოში მათ თავად მიიტანეს არაერთი პოსტი, რომლებშიც ბაია პატარაია "ქართული ოცნების" წევრებს აკრიტიკებს და ასევე იმ საქმეების მასალები, რომლებზეც გამოძიებაა დაწყებული და ამ დრომდე უშედეგოდ - ეს საქმეები თავად პატარაიას წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, თავდასხმებისა და დისკრედიტაციის მცდელობების დოკუმენტაციაა. ადვოკატის განმარტებითვე, იმაზე, რომ ბაია პატარაია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც საჯარო მოხელეები უჩიოდნენ, მედიიდან გაიგეს ისე, რომ სასამართლოში მისვლამდე არ იცოდნენ, ვის შეურაცხყოფას ედავებოდა მას შსს. საქმის მასალების მიხედვით, პატარაიას პარლამენტარების, მამუკა მდინარაძის, მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან.
"არ ვიცოდით არაფერი, რას გვედავებოდნენ ან რა იყო საქმეში. დღეს დილას საფარში გადავწყვიტეთ, პროცესზე მოვსულიყავით. ეს კანონი ძალაში შევიდა 6 თებერვლიდან, შესაბამისად 6 თებერვლიდან ბაიას ყველა პოსტი დავსქრინეთ, სადაც, ამათი გაგებით, შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ქოც დეპუტატს ან ნებისმიერ ქოც საჯარო პირს, სადაც იდენტიფიცირებულია კონკრეტული პირი და არა კრებითი სახელი ქოცები. ეს ყველა სქრინი მოვიტანეთ იმის საჩვენებლად, რომ ბაია პატარაიას სტილი არის ასე წერა და ეს მის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ყოველთვის ჯდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში. ასევე ვუთხარით სასამართლოს, რომ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ყველა ამ სტატუსზე ცალ-ცალკე ვიაროთ და მოვითხოვეთ ყველა საქმის ერთად განხილვა", - უთხრა ეკა მუზაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტის ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისის განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
- 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
- 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
- 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
- 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
- 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
- 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
ფორუმი