უკრაინის გენშტაბის მიერ 9 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეს ობიექტი აწარმოებს ნავიგაციის მოწყობილობებს, მათ შორის ადაპტირებულ ანტენებს „კომეტა“, რომლებსაც იყენებენ „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონებისთვის, მართვადი ავიაბომბებისა და მაღალი სიზუსტის სხვა იარაღისთვის.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, დადასტურებულია, რომ ობიექტს სულ მცირე ორი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უზრუნველყოფაში ჩართულ ობიექტებზე დარტყმები გაგრძელდება რუსეთის მიერ აგრესიის სრულად შეწყვეტამდე.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგების პროცესში არიან ჩართული.
მხოლოდ ივნისის დასაწყისიდან უკრაინამ სულ მცირე ორჯერ ჩაატარა ოპერაცია რუსეთის სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ.
რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურის, ოლეგ ნიკოლაევის ტელეგრამ-არხზე 9 ივნისს, დილის 7 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ВНИИР“-ის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა, რის გამოც მიღებულია წარმოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება. ნიკოლაევის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
ქალაქ ჩებოქსარიში ელექტროტექნიკური და მანქანათმშენებელი კომპანიის, „ВНИИР“-ის საწარმოებია განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს" 49 უკრაინული დრონი, მათ შორის 2 ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი