ვუჩიჩი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველად 11 ივნისს ჩავიდა. მან ოდესაში მიიღო მონაწილეობა უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
სერბეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ხელი არ მოაწერა სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციას, რომელიც 11 ივნისს, დღის ბოლოს გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის საიტზე.
უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის და მონტენეგროს პრეზიდენტების, ბულგარეთის, ხორვატიის და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების, ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის და ჩრდილოეთ მაკედონიის და სლოვენიის მთავრობების წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელიც შეფასებულია საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევად და სერიოზულ საფრთხედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
დეკლარაციის თანახმად, უკრაინაში საიმედო მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანით და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების სრულად აღდგენით.
დოკუმენტში საუბარია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შენარჩუნებაზე, სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და ნატოსა და ევროკავშირისკენ უკრაინის და რეგიონის სხვა ქვეყნების მისწრაფების მხარდაჭერაზე.
11 ივნისს სერბმა ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ვუჩიჩს ჰკითხეს ზოგიერთი ადგილობრივი მედიის შეფასებაზე, რომ უკრაინაში ჩასვლით რუსეთს უღალატა.
ვუჩიჩმა უპასუხა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა და ისევ ერთადერთი იყო, ვინც შემაჯამებელ დეკლარაციას არ შეუერთდა.
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი იცავს საერთაშორისო სამართალს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და ამაყობს დამოუკიდებელი პოლიტიკით. ვუჩიჩის თქმით, ვერ შეუერთდებოდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მოთხოვნას, რადგან ეს სერბეთს დააზარალებს.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბელგრადი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და თქვა, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენის პროცესში.
ვუჩიჩმა უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის და იმისათვის, რომ ოდესაში სამიტზე არ მიიწვიეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვო, რომელსაც სერბეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აფასებენ სერბეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ვუჩიჩს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენაში.
უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამი წინა სამიტი 2023-2024 წლებში ჩატარდა საბერძნეთში, ალბანეთსა და ხორვატიაში.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
2025 წლის 9 მაისს ვუჩიჩი პუტინის მიწვევით მოსკოვში იმყოფებოდა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.
ფორუმი