ახლა სამ ვაჟთან ერთად 1400-მდე ცხვარს და 150-მდე ძროხას და ცხენს უვლის. ასეულობით ჰექტარი მიწა ჯერ იჯარით აიღო, ფერმა ააშენა; მოგვიანებით კანონმა ნება დართო, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწა გამოესყიდა. 2008 წელს ასეც მოიქცა.
გომიაშვილს და მის შვილებს ცხვრისა და საქონლის მოვლაში დაქირავებული მწყემსები ეხმარებიან. ამზადებენ ყველს, ჰყიდიან ცხვარსა და ბატკანს. წელიწადის შვიდ თვეს იაღლუჯაზე არიან, დანარჩენი - ყაზბეგში, საზაფხულო საძოვრებზე. იქ ტურისტული კუთხეებიც აქვთ მოწყობილი.
ამ საძოვრებით 15-მდე ოჯახი ვირჩენთ თავსო - გვეუბნება.
ყველაფერი კარგად მიდიოდა 2022 წლამდე, სანამ თბილისში დაიბარებდნენ და ეტყოდნენ, რომ მის მიწაზე ავტობანმა უნდა გაიაროს. უთხრეს, რომ ტერიტორია უნდა დაეთმო.
სახელმწიფომ 1 კვ. მ.-ში ჯერ 19, შემდეგ 30 თეთრი შესთავაზა და როდესაც არ დაეთანხმა, საძოვრების ნაწილი იძულებით ჩამოართვეს.
მრავალი წლის მანძილზე ნაშენებ საქმეს საფრთხე დაემუქრა.
„უნდა დამაქციონ” - დაზარალებულები
როგორი უნდა იყოს ჩამორთმევა ევროპული სტანდარტით?
„ჯერჯერობით ვერაფერი“ - მესაკუთრეები სასამართლოში
ახალი ავტობანი
ოთხი ზოლი, 61 კმ - გზა, რომელმაც იაღლუჯის საძოვრებზე უნდა გაიაროს, რუსთავთან უკვე მიყვანილ ავტობანს გააგრძელებს და წითელ ხიდთან და სადახლოსთან ჩავა. ახალ ავტობანს საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან სწრაფი მიმოსვლისთვის გამოიყენებს.
ავტობანის მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტობანი 250 მლნ ევრო დაჯდება. ეს თანხა სახელმწიფოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასესხა.
ახალი გზის სამშენებლო დერეფანში მიწების დაახლოებით 400 მესაკუთრე მოყვა; სახელმწიფომ მათთან მოლაპარაკებები დაიწყო. რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ 35-მდე მესაკუთრე არ დათანხმდა შეთავაზებულ ფასსა და პირობებს და ქონება მათ იძულებით ჩამოართვეს.
„უნდა დამაქციონ” - დაზარალებულები
ქონების ჩამორთმევას კანონი ითვალისწინებს. ეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. სახელმწიფომ შეიძლება მოქალაქეს საკუთრება იძულებით ჩამოართვას, მაგალითად, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალი შენდება. კანონი ამ უფლების მიცემასთან ერთად სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ იძულებით ჩამორთმეულ საკუთრებაში სამართლიანი კომპენსაცია გადაიხადოს.
ვანო გომიაშვილი და მიწის სხვა მფლობელები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ არც სამართლიან საფასურს არ უხდის და ყველაფერს აკეთებს, რომ შერჩენილი მიწებიც ვერ გამოიყენონ.
ვანო გომიაშვილის საძოვრები, რომელთა ნაწილიც სახელმწიფოს ავტობანისთვის სჭირდება, მთა-გორიანი მიწაა, ცენტრალური გზიდან ორ, მტკვრიდან კი დაახლოებით ერთ კილომეტრში.
ახალი მაგისტრალი გომიაშვილის მიწას თითქმის ორ თანაბარ ნაწილად კვეთს.
სახელმწიფომ ფერმერს დაახლოებით 1 კმ სიგრძის და 80-90 მეტრი სიგანის ნაკვეთი ჩამოართვა.
ავტობანის ერთ მხარეს რჩება საქონლის ფერმები, მწყემსების საცხოვრებელი და მეცხოველეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარე, ავტობანის მეორე მხარეს კი - საძოვრის დიდი ნაწილი.
მეცხვარეებმა ავტობანს გაღმა დარჩენილ მიწებზე ცხვრის ფარა და საქონელი საძოვრად რომ გადაიყვანონ, ყოველდღე უნდა გადაკვეთონ დაახლოებით 25 მეტრი სიგანის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რომელსაც ბეტონის გვერდულები და შუა ნაწილში სანიაღვრე არხი ექნება.
“ფეხით ვერ გადახვალ და ცხვარს ვინ გადაგარეკინებს, თან უწყლოდ რჩება გაღმა მხარე. ცხვარმა და საქონელმა წყალი თუ არ დალია დღეში ერთხელ, ხომ დაიხოცა, სიცხეები რომ წავა დღეში ორჯერაც უნდა წყლის დალევა. ერთი გადასასვლელი მაინც აუცილებლად მჭირდება”, - ამბობს ვანო გომიაშვილი.
მისთვის საკუთარი საძოვრების 60-70 ჰექტარი მიუწვდომელი გახდება. გომიაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შეთავაზებას - ფასსა და პირობებს - არ დათანხმდა და მიწის ჩამორთმევის შემდეგ სასამართლო ბრძოლა წამოიწყო.
ის 1 კვ.მ. მიწაში 30 თეთრის ნაცვლად 2 ლარს და სახელმწიფოსგან იმ მიწის შესყიდვასაც ითხოვს, რომელსაც მაგისტრალით გაყოფის შემდეგ საძოვრად ვეღარ გამოიყენებს.
თანახმა იქნება, თუ სახელმწიფო ჩამორთმეულ მიწას მისი ნაკვეთის მოსაზღვრე ტერიტორიით ჩაუნაცვლებს. მიწის ჩამორთმევამდეც ორჯერ მიმართა სახელმწიფოს ამ თხოვნით.
„ჩემს იქეთ არის სახელმწიფოს მიწა, მესაზღვრება პირდაპირ. ვითხოვდი მონაცვლეობა გამიკეთეთ, მე არც თქვენი თანხა მინდა, არც არაფერი. ამისი უფლება არა გვაქვსო, ვერც გასასვლელებს გავაკეთებთო. პროექტში რაც არის, იმას ვერ შევცვლითო და თან ძვირი დაგვიჯდება გაკეთებაო. მე უნდა დამაქციონ და მე ალბათ ცოტა დამიჯდება?” - ამბობს გომიაშვილი.
ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფოს წარმომადგენელს მოსამართლემაც ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მეცხვარე თავისი ნაკვეთის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში პირუტყვის გადარეკვას - ვერაო, უპასუხო ჩინოვნიკმა, ნაკვეთებს შორის მიწისქვეშა გადასასვლელი პროექტში არ არის, ძვირი ჯდებაო.
გომიაშვილმა ცხვრის ფარა თავისი ნაკვეთის ავტობანს გაღმა დარჩენილ ნაწილზე რომ გადარეკოს, ამისთვის პირუტყვი ყოველდღე და ზაფხულობით დღეში რამდენჯერმეც კი, მეზობლის ნაკვეთებზე უნდა გაატაროს, ავტობანზე გადასავლელ ადგილას რომ მივიდეს. წარმოუდგენელიაო, ამბობს ფერმერი, არავინ მომცემს უფლებას, ყოველდღე ჩემმა ფარამ მათი ნაკვეთები ძოვოსო.
ვანო გომიაშვილი ამბობს და ამას სხვა მიწის მესაკუთრეებიც ადასტურებენ, რომ პროექტი სახელმწიფომ ისე მოამზადა, მათი აზრი არავის უკითხავს.
30 თეთრი საიდან დაადგინეს?
რადიო თავისუფლება იაღლუჯის საძოვრებზე ესაუბრა სამ მესაკუთრეს, რომლებსაც სახელმწიფომ მიწა იძულებით ჩამოართვა, ჩამორთმეულ მიწაში 30 თეთრი გადაუხადა.
“30 თეთრად ჩვენს ირგვლივ ვერ იყიდი მიწას, შეუძლებელია. ყველაზე იაფი, რაც მე გამიგია, არის კვადრატული 1 ლარად, უფრო ძვირადაც გაყიდულა”, - უთხრა მამედ იუსუფოვმა, გომიაშვილის მეზობელმა მიწის მესაკუთრემ რადიო თავისუფლებას.
სახელმწიფოს შეთავაზებას არც ის არ დასთანხმდა. იუსუფოვს იძულებით 7 ჰექტარი მიწა ჩამოართვეს და კვადრატულ მეტრში 30 თეთრი მისცეს - ისე, როგორც გომიაშვილს.
“დღეს თუ სადმე არის 30-თეთრიანი ადგილი, მომცენ მაშინ, რომ არ გავაჩერო ეს საქმე. მე არ დავთანხმდი, მითხრეს ანაბარზე ჩარიცხავენ თანხას. მე ვუთხარი, ხელს არ მოვკიდებ-მეთქი. ისევ წართმევა დაერქვას, ის მაინც მეცოდინება, რომ მართმევთ ამ ადგილებს”, - ამბობს გომიაშვილი.
სახელმწიფომ 30 თეთრი გადაუხადა ვანო გომიაშვილის სხვა მეზობლებსაც - ელოშვილების ოჯახს.
45 წლის ზურაბ ელოშვილი ასევე ყაზბეგიდანაა. 20 წლის იყო, მამაპაპისეული ტრადიცია რომ გააგრძელა და მეცხვარეობას მიჰყო ხელი. ოჯახი იაღლუჯის საძოვრების ნაწილს ორი ათეული წელია ფლობს. მიწები მამის სახელზეა რეგისტრირებული.
ზურაბ ელოშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, როგორ მოაწერა ხელი მძიმე ავადმყოფმა მამამისმა 30-თეთრიან შეთავაზებას. თვითონ ბრძოლას აპირებს.
“წინა დღეებში მივიდა წერილი მამაჩემთან ჩამორთმევაზე, სტრატეგიული ადგილია, გადის გზა წითელი ხიდისკენ და გინდა თუ არა, უნდა დათმო ეს ადგილი 30 თეთრადო.
მამაჩემმა შეცდომა დაუშვა ხელი რომ მოაწერა, ცუდად არის, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ახალი ჩამოყვანილი გვყავდა თურქეთში მკურნალობიდან, წაგართმევთ თუ არ დათანხმდებითო. მე სანამ სახლში მოვედი, მოაგვარეს რა“, - ამბობს ზურაბ ელოშვილი.
ელოშვილების ნაკვეთიც ორად გაიყოფა ავტობანით. ნაწილი უკვე გადაიფორმა სახელმწიფომ და მათაც იგივე პრობლემა ექნებათ, რაც გომიაშვილს.
„ისე წაიღოს, არ მინდა ეს 30 თეთრი, ჩაურიცხიათ, [მაგრამ] ხელი არ მომიკიდებია.
სახელმწიფოს ჭირდება? კი ბატონო, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ეს 30 თეთრი საიდან დაადგინე? მაგ 30 თეთრსაც თავი დაანებე, ნაკვეთს შუაზე მიჭრიან, მე იმ მეორე მხარეს როგორ მივიდე, მარტო ჩემი მისვლა ხომ არაა… ცხვარი როგორ მივიყვანო?“ - ეუბნება ზურაბ ელოშვილი რადიო თავისუფლებას.
იაღლუჯის საძოვრების ფასი
მიწის ფასი იაღლუჯაში სახელმწიფოს დაკვეთით კერძო საშემფასებლო კომპანიებმა გამოითვალეს. 2019 წელს საძოვრის 1 კვ.მ. 19 თეთრად შეფასდა. მეორე, ბოლო შეფასება კი 2022 წლის მაისშია მომზადებული და ფასი 30 თეთრია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იაღლუჯის საძოვრების მეზობლად გასაყიდად გამოტანილი მიწები ვერ იპოვეს და შესადარებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში მოიკითხეს საძოვრების ფასები.
30 თეთრი გამოითვალეს წალკაში, დმანისსა და თეთრიწყაროში, სამი სხვადასხვა საძოვრის ფასების მიხედვით. შეფასების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შესადარებლად გამოიყენეს მიუდგომელი მიწები, შორს ცენტრალური მაგისტრალებიდან და დასახლებებიდან.
იაღლუჯის საძოვრებს გაცილებით უკეთესი მდებარეობა აქვს - ეს მიწები ახლოსაა აზერბაიჯანი-სომხეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალთან, ნაკვეთებამდე მიდის კარგი გრუნტის გზა და რამდენიმე ასეულ მეტრში მტკვარი ჩამოდის. გომიაშვილის ნაკვეთი ახლოსაა როგორც რუსთავთან, ასევე რამდენიმე სოფელთან. მეცხვარეობის და სოფლის მეურნეობის ყველა სხვა დარგისთვის გზასა და წყალთან სიახლოვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
2025 წელს სახელმწიფომ ჩამორთმეულ ნაკვეთებში ფასი 3 წლით ადრე დადგენილი ნიხრებით გადაიხადა. არადა, უძრავი ქონების ბიზნესის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პერიოდში შესაძლოა მიწის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავად სახელმწიფოს დაკვეთით ეს ტერიტორია 2019 წელს 19 თეთრად შეფასდა, 3 წლის შემდეგ კი 30%-ით უფრო ძვირად.
ვანო გომიაშვილმა თავისი ნაკვეთი 2024 წლის ოქტომბერში კერძო, ლიცენზირებულ აუდიტორს შეაფასებინა. მისი დასკვნით, 1 კვ.მ. მიწის ფასი 2 ლარი და 7 თეთრია. მთავრობამ ამ ტერიტორიაში 7-ჯერ ნაკლები გადაუხადა.
რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად, უძრავი ქონების გაყიდვების ვებგვერდებზე შეისწავლა იმავე რაიონში გასაყიდი დაახლოებით ანალოგიური ნაკვეთების ფასები - 1 კვ.მ.-ის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს.
როგორი უნდა იყოს ჩამორთმევა ევროპული სტანდარტით?
რუსთავიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებამდე ახალი ავტობანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხით შენდება და 250 მლნ ევრო ჯდება.
პროექტები, რომელთა დაფინანსებაშიც ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს, როგორც წესი, მისივე სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს. დოკუმენტაციაში სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ამ ავტობანის მშენებლობისთვის მოსახლეობისგან უძრავი ქონების გამოსყიდვა-განსახლების გეგმაც ევროპული სტანდარტით შემუშავდა.
რადიო თავისუფლებამ შეისწავლა EIB-ს სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა გამოისყიდოს ან ჩამოართვას სახელმწიფომ ქონება მოქალაქეებს. იაღლუჯის საძოვრების ჩამორთმევა ამ სტანდარტს არ შეესაბამება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB-ს) სტანდარტით, როცა პროექტი ეხება სოფლად მცხოვრებ, მიწაზე დამოკიდებულ ოჯახებს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პირველ რიგში სანაცვლო მიწა შესთავაზოს. მხოლოდ ფულადი კომპენსაცია არ არის სწორი. იაღლუჯის საძოვრების მფლობელებს სახელმწიფომ მიწის მონაცვლეობაზე უარი უთხრა.
EIB-ს სტანდარტით, არ შეიძლება, სახელმწიფომ რომელიმე მესაკუთრის ცხოვრების დონე გააუარესოს. პირიქით - აუცილებლად უნდა გაუუმჯობესოს. მათ შორის მათიც, ვინც არ დათანხმდა უძრავი ქონების ნებით დათმობას.
EIB-ს სტანდარტით, თუ პროექტი მომავალში ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს მიწაჩამორთმეულ მესაკუთრეს, ზიანი წინასწარ უნდა შეფასდეს და დაკომპენსირდეს.
არ შეიძლება, მესაკუთრეს ხელში შერჩეს გაუვარგისებული მიწა. თუ ეს გარდაუვალია, სახელმწიფომ ეს მიწაც უნდა იყიდოს, მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდება.
მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ თითოეულ ფერმერს ავტობანზე გადასასვლელი უნდა მოუწყოს.
“პირველი პრობლემა არის ის, რომ მეცხვარეებს, რომელთა ნაკვეთიც გზით გაიყოფა და ერთ მხარეს ფერმა დარჩება, მეორე მხარეს არა, მას მოუწევს ააშენოს მეორე მხარესაც ფერმა. საქონელი ღამით სადმე ხომ უნდა გააჩეროს? ეს იქნება მისთვის დამატებითი დანახარჯი.
მეორე, შეიძლება უფრო ფატალური ზიანი, თუ ერთ ნაკვეთს წყალზე მისადგომი აქვს და მეორე ნაკვეთს წყალი არ ექნება, ეს ართულებს პირობებს და მეცხვარისთვის ძალიან ცუდია, თუ ამ ნაკვეთებს შორის პირდაპირი გადასასვლელი ან გასაძრომი არ იქნება.
მესამე, თუ ასეთი გადასასვლელი იქნება სხვის ნაკვეთზე, ესეც პრობლემაა - ფარაში დაავადების გაჩენის შემთხვევაში, კარანტინის დროს იკრძალება ფარის გადაადგილება. რომც გაიაროს წყლისთვის სხვის ნაკვეთზე, დაავადებას გაავრცელებს ან პირიქით, სხვა ნაკვეთის ფარას შეიძლება ჰქონდეს რაიმე დაავადება, ეს ორმხრივი საფრთხეა.”
რას ამბობს სახელმწიფო
რადიო თავისუფლებამ 30 თეთრად ჩამორთმეულ მიწებთან დაკავშირებით კითხვები წერილობით გაუგზავნა საავტომობილო გზების დეპარტამენტს - სახელმწიფო უწყებას, რომელიც ახალი ავტობანის მშენებლობას უწევს ორგანიზებას. პრესსამსახურმა კითხვებზე არ გვიპასუხა, გვთხოვა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილიც გაგვეგზავნა, თუმცა ახალ წერილზეც არასრულად გვიპასუხეს.
დეპარტამენტმა არ გვიპასუხა, იაღლუჯელი მეცხვარეების ნაკვეთებში აკეთებენ თუ არა ავტობანზე ცხვრის გადასასვლელებს. მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე გზის პროექტის მოწოდება არ შეუძლიათ, სწორედ პროექტში უნდა იყოს აღნიშნული, ზუსტად სად კეთდება გადასასვლელები.
„ჯერჯერობით ვერაფერი“ - მესაკუთრეები სასამართლოში
რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ დაახლოებით 400-მდე მესაკუთრიდან, სულ მცირე, 35-ს სახელმწიფომ უძრავი ქონება იძულებით ჩამოართვა, სხვები შეთავაზებულ ფასსა და პირობებს დათანხმდნენ, მათ იაღლუჯის საძოვრებისგან განსხვავებული მაღალი კომპენსაციები გადაუხადეს, ჩამორთმეული ქონებების ნაწილი იყო საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები, საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი მიწები, მსხმოიარე ხეხილის ბაღები.
რამდენიმე მესაკუთრემ, რომლებსაც ქონება ჩამოართვეს და რომლებსაც მივაკვლიეთ, ღიად საუბარზე უარი თქვა.
კანონით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო იძულებით ჩამოართმევს ქონებას, მესაკუთრეს სამართლებრივი ბრძოლა მხოლოდ კომპენსაციისთვის შეუძლია. ქართულმა სასამართლომ უნდა შეაფასოს, პატიოსნად მოექცა თუ არა სახელმწიფო მოქალაქეებს - ღირსეული კომპენსაცია შესთავაზა თუ არა და როგორ დაუკომპენსირა დამდგარი და პოტენციური ზარალი.
რამდენიმე საქმის განხილვა უკვე მიმდინარეობს სასამართლოში, მათ შორის ყაზბეგელი მეცხვარის, ვანო გომიაშვილის.
“ჯერჯერობით მოსამართლეებმაც ვერაფერი. მეც მოვუყევი ჩემი პრობლემა, ადვოკატმაც. ოთხი სასამართლო ჩატარდა, მაგრამ ვერაფერი. გვეუბნებიან გაასაჩივრეთო, მე ვერაფერს ვერ შევცვლიო… ველოდებით, რას გადაწყვეტს სასამართლო. ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ”, - ამბობს ვანო გომიაშვილი.