Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელს „მკაცრი პასუხით" დაემუქრა


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელის „რეჟიმმა“ თავის თავს გამოუტანა „მწარე და მტკივნეული“ ხვედრის განაჩენი.

მას შემდეგ რაც დღეს, 13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა, ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა რომ „სიონისტურმა რეჟიმმა“ ირანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და „მკაცრ პასუხს“ მიიღებს.

ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ხამენეიმ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი და განაცხადა, რომ მათი კოლეგები მუშაობას დაუყოვნებლივ გააგრძელებენ.

ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობაშიც განაცხადეს, რომ ისრაელს დღევანდელი თავდასხმა ძვირად დაუჯდება.

ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში გამთენიისას მიიტანა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.

ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა. სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა აფეთქებები ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.

ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს არა მხოლოდ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობაზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG