Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობის მომზადების საქმეზე მარნეულის ეპისკოპოსი ეჭვმიტანილს ასახელებს


მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც უარს ამბობს პროკურატურაში გამოკითხვაზე, აქვეყნებს ეპარქიაში მიღებულ განჩინებას, რომელშიც მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე სავარაუდო ეჭვმიტანილია გამოვლენილი.

საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისით არის დათარიღებული, თუმცა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა დღეს, 10 ივნისს.

მასში წერია, რომ ბრალდებულია საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ. „TV პირველმა“ ეპისკოპოსს ჰკითხა, იყო თუ არა ეს ადამიანი ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი შინჯიკაშვილი - მან ამ კითხვას არ უპასუხა.

რადიო თავისუფლება ცდილობს გიორგი შინჯიკაშვილის საკონტაქტო ინფორმაციის მიღებას - მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

„საქმე ეხება დაგეგმილ მკვლელობის მცდელობასა და შეთქმულებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე ასევე შესაძლოა ექვემდებარებოდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებას საეპისკოპოსოს სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხილა საქმე“, - წერია დოკუმენტში და ორი მიზეზია დასახელებული:

საქმე აღძრულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წევრის, მონაზვნის მიერ და ბრალდებულია პირი, რომელიც თავს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად ცნობს.

„ბრალდებული პირი გ.შ. ცნობილია დამნაშავედ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში... ბატონ გ.შ.-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის ბასილის კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და 20 წელი დაჰყოს უზიარებელმა“, - წერია გადაწყვეტილებაში.

ეპისკოპოსმა მისი მკვლელობის მცდელობაზე 8 ივნისს საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა. მისი ვერსიით, ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით გადაბირებული ჰყავდა მონაზონიც, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

„ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - ამბობს დღეს ეპისკოპოსი.

გიორგი ჯამდელიანის თქმით, მონაზონი მან ეკლესიიდან გაუშვა, სახელმწიფოს წარმომადგენელი კი დაცვის წევრებთან ერთად ნაცემი და მონასტრიდან გაგდებულია, თუმცა მისი ლიკვიდაციის საფრთხე გადავლილი მაინც არ არის.

ამ საჯარო განცხადების შესახებ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით.

ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.

  • 2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს „ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია“ უწოდა;
  • 2020 წელს ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში და აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო;
  • 2025 წლის 28 მაისს ქადაგებაში მან მხარი დაუჭირა გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და თქვა, რომ სასჯელი, რომელსაც ის უკვე იხდის პატიმრობის სახით, შეუსაბამოდ მძიმეა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG