Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ეპისკოპოსი არ აპირებს მკვლელობის შესახებ განცხადებაზე ჩვენების მიცემას


გიორგი ჯამდელიანი 2020 წელს "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში; აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.
გიორგი ჯამდელიანი 2020 წელს "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში; აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) არ გეგმავს ჩვენება მისცეს საგამოძიებო უწყებებს 8 ივნისს მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. ამის შესახებ მან „TV პირველს“ განუცხადა.

„მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას [ვიყენებ], როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან, მე ვამბობ უარს. ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში“, - ამბობს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსმა მისი მკვლელობის მცდელობაზე გუშინ, 8 ივნისს საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა. მისი ვერსიით, ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

„ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - ამბობს დღეს ეპისკოპოსი.

გიორგი ჯამდელიანის თქმით, მონაზონი მან ეკლესიიდან გაუშვა, სახელმწიფოს წარმომადგენელი კი დაცვის წევრებთან ერთად ნაცემი და მონასტრიდან გაგდებულია, თუმცა მისი ლიკვიდაციის საფრთხე გადავლილი მაინც არ არის.

ამ საჯარო განცხადების შესახებ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით.

ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.

  • 2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს „ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია“ უწოდა;
  • 2020 წელს ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო;
  • 2025 წლის 28 მაისს ქადაგებაში მან მხარი დაუჭირა გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და თქვა, რომ სასჯელი, რომელსაც ის უკვე იხდის პატიმრობის სახით, შეუსაბამოდ მძიმეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG