„ჩვენ არც შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ. აჯანყდით! გაბრაზდით! ბრძოლა ბოლომდე! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - წერს ლიკა ლორთქიფანიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრეულმა 30 მაისს მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა მარიამ ლაშხმა მას შეურაცხყოფისთვის უჩივლა.
ლიკა ლორთქიფანიძესთან ერთად, მარიამ ლაშხის საჩივრის გამო 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მეორე სამოქალაქო აქტივისტსა და აქციების მონაწილეს, თათია აფრიამაშვილსაც.
შსს სამიდან ორის შემთხვევაში 45-დღიან პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი ჯარიმას - მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
მოგვიანებით, საკნიდან წერილი გამოგზავნა თათია აფრიამაშვილმაც.
"მალე გავა დრო. მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა. დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს", - წერს თათია აფრიამაშვილი.
მარიამ ლაშხის საჩივრის მიზეზი 17 მაისს მომხდარი ინციდენტი გახდა - ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."
მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა - ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა 23 მაისს.
დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან. 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
სტუდენტი გოგონების უნივერსიტეტელი მეგობრები ორშაბათიდან, 2 ივნისიდან გაფიცვას იწყებენ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გეგმავს, ამ ფორმით სისტემას ბოიკოტი გამოუცხადონ და ისინი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
ფორუმი