ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტ ქალებს მას შემდეგ უჩივლა, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იყო დაწყებული, რაც 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მარიამ სიჭინავა არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელია, კერენ ესებუა კი პირველი ხარისხის ინვალიდობის მქონე დედის ერთადერთი მეურვე - მათთვის შეფარდებული პატიმრობა ორივე მათგანის ოჯახების წევრებისთვის დრამატული და პრობლემური იქნებოდა.
ზუგდიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს უპატივცემულობის გამო 100 ლარით დააჯარიმეს პარტია "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძეც, რომელიც მცირე დარბაზიდან სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანას ითხოვდა.
ირაკლი ზარქუა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც აქტივისტს უჩივლა - მარიამ ლაშხმა ასევე შეიტანა სარჩელი აქტივისტ თათია აფრიამაშვილის წინააღმდეგ.
ფორუმი