რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მთავარი შტაბი და სხვა სამხედრო ობიექტები მდებარეობს, აფეთქებები მოხდა ყურის, დესანტნაიას რაიონში.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ რაიონში წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითების პოლიგონია.
პირველი ცნობები ორი აფეთქების შესახებ, 30 მაისს დილით გავრცელდა და რუსეთის პრიმორიეს მხარის მთავრობამაც დაადასტურა. მან ინციდენტის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაც ჩაკეტა.
ტელეგრამ-არხის The True Story ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იმ ადგილზე, საიდანაც სამხედრო ტექნიკის გემებზე გადატვირთვა ხდება.
30 მაისს დღის მეორე ნახევარში ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების მიზეზი იყო ერთ-ერთ ავტომანქანაში „პროპან-ბუტანის ხსნარის შემცველი ბალონების აალება“. ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ადმინისტრაციული შენობები არ დაზიანებულა.
2024 წლის მაისში, ყურეში დესანტნაია რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტის დიდი სადესანტო გემების წვრთნები ჩაატარა.
ვლადივოსტოკის ამ ყურეში სამოქალაქო გემებს შესვლა ეკრძალებათ.
ფორუმი