სწორედ ეს ფაქტორები 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველი ივნისის ჩათვლით, საქართველოში 12 ბავშვის სიკვდილის მიზეზად იქცა.
ამ სტატიაში მათ შესახებ წაიკითხავთ.
დავალიანების გამო გათიშული ელექტროენერგია და დამწვარი ტყუპი ძმა
ხანძარს შეწირული ხუთი ბავშვი ერთი ოჯახიდან - ოკუპაცია და სიღარიბე
“რიყის დოქებში” დამხრჩვალი ბიჭი - ქალაქის ცენტრი, საშიში ზონა
სიკვდილი „ოცნების ქალაქში“ - რას ემსხვერპლნენ 5 და 8 წლის ბიჭები
ლიანდაგზე დაღუპული 13 წლის ბიჭი - სახიფათო გადასასვლელი გაფრთხილების გარეშე
13 წლის ნიკოლოზი ლიფტის შახტში დაიღუპა - ავარიული კორპუსი ბარიერების გარეშე
ღარიბი ბავშვები - რას ამბობს ხელისუფლება, რას ამბობენ რიცხვები
ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულები - ათი თვის შედეგი
დავალიანების გამო გათიშული ელექტროენერგია და დამწვარი ტყუპი ძმა
2024 წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ექვსი წლის ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ოჯახი, სადაც ტყუპი ძმის გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი ცხოვრობდა, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოციალურად დაუცველი იყო და შემწეობას იღებდა.
ხანძარში დამწვარი ექვსი წლის ტყუპი ბიჭები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.
ტრაგედიის დღეს, მეზობლები ჰყვებოდნენ, რომ ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია და ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო სანთელი, რომელიც შინ მარტო მყოფ ბავშვებს ჩაძინებისას ანთებული დარჩათ.
მათი თქმით, უფროსი და-ძმა ცეცხლწაკიდებული ბინიდან თავისი ფეხით გამოვიდნენ და თქვეს, რომ პატარა ძმები ვერ გააღვიძეს. სხვა ვერსიით კი, ტყუპები აივნიდან ითხოვდნენ შველას, მაგრამ მალე აივანსაც მოედო ცეცხლი.
„ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს, დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი, ყოველთვიურად, შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“, - ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ „საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე“, ბავშვების გარდაცვალებიდან მალევე გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, 2018 წლიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები ოჯახიდან განცალკევებული (სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ) იყვნენ;
„რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა“.
მოგვიანებით, ბავშვების დედამ, ქრისტინე ბიაძემ, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ელექტროენერგია დავალიანების გამო ჰქონდათ გათიშული, იმ დღეს კი, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა, ის თხილის საკრეფად იყო წასული:
„დილით წავედი სამუშაოზე თხილის გასაბერტყად, მერე ის ავხიკეთ და გვიანობამდე შემოვრჩით. ვარჩევდით. შუქი გვქონდა გათიშული და შუქის ფული უნდა გადაგვეხადა".
50 ლარი იყო, მაგრამ ვთხოვეთ, რომ ხვალ ჩავრიცხავ დილით-მეთქი, არაო, მე უფლება არ მაქვს, რომ ჩაგირთოთო შუქიო. სანთელი გვქონდა დანთებული და სანთლის შუქმა გამოიწვია. ჩაეძინათ სავარაუდოდ ბავშვებს და გაჩნდა იქიდან ხანძარი“, - ჰყვებოდა ქრისტინე ბიაძე.
მისი თქმით, ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მძიმე სოციალურ პირობებში და ზრუნვის სააგენტომ სწორედ ამიტომ გადაიყვანა ბავშვები დროებით მინდობით აღზრდაში:
„არ შემეძლო მათი გამოკვება და იმიტომ წაიყვანეს. იმდენი მოვახერხე, რომ ნაქირავებში შევედი, თვეში 1000 ლარს ვიხდიდი იმის გამო, რომ ესენი დამებრუნებინა და ახლა ასეთი ამბავი დამატყდა თავს“, - ამბობდა დედა.
ქრისტინე ბიაძე დღესაც ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს. იქვე არიან დაკრძალულნი ტყუპი ძმებიც.
ხანძარს შეწირული ხუთი ბავშვი ერთი ოჯახიდან - ოკუპაცია და სიღარიბე
2025 წლის 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, 5 იანვრის დილას, ჭოლარიების სახლში ხანძარი გაჩნდა. ამ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია.
ისინი მშობლებმა ბებიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ჩაიყვანეს. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ბებია და შვილიშვილები იმყოფებოდნენ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებოდნენ, რომ ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა.
ხის პატარა სახლს ცეცხლის ალი სწრაფად და ძლიერად მოედო. ვერ მოხერხდა არასრულწლოვანების გადარჩენა, რომელთაგან ყველაზე უფროსი 8 წლის იყო და ყველაზე უმცროსი 8 თვის - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
„ბავშვების დედა ავადაა და რუხის კლინიკაში იწვა, ქმარი მის სანახავად წავიდა დილით და მარტო იყვნენ ბებია და ბავშვები იმ მომენტში სახლში. დედა კახათიდანაა [სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რ.თ.], იქ ცხოვრობდნენ დროებით. ბავშვები კახათის ბაღში დაჰყავდათ. სოციალურად დაუცველები არიან, სოციალური შემწეობა ჰქონდათ და ამით ირჩენდნენ თავს”, - უყვებოდა რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მცხოვრები.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე ენერგოკრიზისის გამო რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. რაიონის მოსახლეობა გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად შეშის ღუმელს იყენებს - რეგიონი გაზიფიცირებული არ არის, ამიტომ გარდა დენის გამათბობლებისა, მოსახლეობა ზამთარში გასათბობად შეშის ღუმელს ან ბუხარს იყენებს.
საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს, გაზაფხულზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით სახლი გადაეცა.
ოჯახს ფინანსურად დაეხმარნენ რიგითი მოქალაქეები. კერძო კომპანიებმა მათ სახლისთვის საჭირო ტექნიკა გადასცეს.
“რიყის დოქებში” დამხრჩვალი ბიჭი - ქალაქის ცენტრი, საშიში ზონა
მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 2025 წლის 29 იანვარს გავრცელდა. ბიჭი 4 დღით ადრე, 25 იანვარს დაიღუპა.
132-ე სკოლის მეათეკლასელი იოსები მუსიკით იყო გატაცებული. დადიოდა ფორტეპიანოზე და როგორც მამა გვეუბნება, თავადაც ქმნიდა „პატარ-პატარა კომპოზიციებს“:
„მასწავლებელს ძალიან მოსწონდა. კარგი მონაცემები ჰქონდა, რთულ ნაწარმოებებს აძლევდა ხოლმე. ფორტეპიანოზე სწავლის ერთი ეტაპი დაასრულა, ახლა მეორე ეტაპზე იყო უკვე და ფიქრობდა, რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა“, - უყვება მამა რადიო თავისუფლებას.
იმ დღეს, როცა დაიღუპა, იოსები სწორედ ფორტეპიანოს გაკვეთილიდან ბრუნდებოდა, მეგობრებს შეხვდა და გზად „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე შეიარეს:
„ხუთი საათი იყო, დღის სინათლე, როგორც ბავშვები ამბობენ, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შევიდა იმ ტერიტორიაზე. არ ვიცი, ისედაც ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, უყვარდა ფოტოების გადაღება, შეიძლება, საინტერესოდ მოეჩვენა იქაურობა და უფრო ღრმადაც შევიდა და როგორც მეგობრებისგან ვიცი, სწორედ ამ დროს ჩავარდა რაღაც სიღრმეში.
დოქებში, თვითონ შენობაში არა, უკანა მხრიდანო, რაღაც ლიფტის შახტივით იყოო, შიგნით წყალი ესხა ისე, თითქოს ასფალტი იყოო, შევიდა შიგნით, ეგონა, რომ მიწა იყო და ჩავარდაო. როცა იყვირა, მიცვივდნენ ბავშვები, სცადეს ამოყვანა, დაუწყიათ ყვირილი, ბიჭი იხრჩობაო, მაგრამ იქ ვიღაცებს უთქვამთ, მძღოლები ყოფილან, ჩვენი საქმე არ არის, 112-ში დარეკეთო.
როგორც ბავშვები ჰყვებიან, რამდენიმე წუთი ხელებით ეჭირათ. მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო დამძიმდაო. კიდევ ვიღაც ტურისტი მისულა, ისიც ეხმარებოდა. ქურთუკი ეცვა, როგორც ჩანს, წყლით გაიჟღინთა. ბავშვი თავად 60 კილო მაინც იქნებოდა, ის ქურთუკიც რომ დასველდა, ალბათ ვეღარ დაიჭირეს ბავშვებმა ასეთი სიმძიმე.
პოლიცია ვინ გამოიძახა, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ბავშვებმა, შეიძლება სხვამ. პოლიციის მისვლასაც ხომ დრო დასჭირდა. ბიჭები ჰყვებიან, სანამ პოლიცია მოვიდა, გაგვეშვა ხელები და ჩავარდაო. ერთ-ერთ ბიჭს სულ დაკაწრული აქვს ხელები, რომ ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ დაეკაწრა“, - ასე მოუთხრო გრიგოლ ადეიშვილმა შვილის სიკვდილის ამბავი რადიო თავისუფლებას.
მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით დაიწყო.
მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ „ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“ და ასე გამორიცხა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა.
სანდრო შელიამ, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე, არ მიმდინარეობს მშენებლობა, ეს ტერიტორია წლებია „მიტოვებულია“, შენობაც არ არის დასრულებული და, შესაბამისად, სახიფათოცაა.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, როგორც მისი მფლობელი, ისე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, ვალდებულნი იყვნენ, ტერიტორიის გარშემო მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები.
სანდრო შელია ამბობს, რომ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევა, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანაში არსებული მძიმე სურათის შემადგენელი ნაწილია:
„რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება ქვეყანაში ყოველ წელს. შადრევანში დაღუპული ბავშვი, ქალი, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, სათამაშო მოედანზე გაჟონილი ელექტროენერგია, ლიფტის შახტებში ჩაცვენილი ხალხი და კიდევ უამრავი შემთხვევა.
ახლა აუცილებელია, ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება კომპეტენტური ექსპერტების ჩართულობით, რათა დადგინდეს, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და რა პასუხისმგებლობა არ შეასრულა, რამაც ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა“.
ბიჭის დაღუპვიდან ზუსტად ოთხი თვის თავზე, მაისის დასაწყისში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ თბილისში, რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქების“ დემონტაჟის უფლება გასცა - გასცა ასევე ამ ტერიტორიის „განვითარებისა“ და იქ სასტუმროს აშენების უფლება.
ირაკლი კობახიძემ მას „სიმახინჯე“ უწოდა და თქვა, რომ „ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“.
დედაქალაქის მერმა კი თქვა: „არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე“.
არცერთ მათგანს არ უხსენებია ამ ტერიტორიაზე, რამდენიმე თვის წინ დაღუპული იოსებ ადეიშვილი.
„რიყის დოქები“, - რომლის მშენებლობაც 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა, - წლებია, უფუნქციოა. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია.
აუქციონზე არაერთხელ გატანის შემდეგ, 2022 წელს ობიექტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა 10 მილიონ ლარად.
2025 წელს, სავარაუდოდ, სწორედ „რიყის დოქებში“ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ხიდაშელმა "რიყის დოქები" გაყიდა. მისი ახალი მფლობელია 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომ“.
„რიყე დომს“ 2030 წლის 5 მაისამდე დაევალა ამ პროექტის განხორციელება და ამისათვის 44 მილიონი ლარის დახარჯვა (დღგ-ის გარეშე).
სიკვდილი „ოცნების ქალაქში“ - რას ემსხვერპლნენ 5 და 8 წლის ბიჭები
2025 წლის 15 თებერვალს, ხელვაჩაურში თვითნებურად შექმნილ ე.წ. ოცნების დასახლებაში, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი წლებია, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს, ორი - 5 და 8 წლის ბიჭი დაიღუპა.
ექვსსაათიანი ძებნის შემდეგ ბავშვების ცხედრები წყლით სავსე ორმოში იპოვეს.
"ბავშვები ახალაშენებულ სახლებთან, ბავშვთა მოედანზე დაუნახავთ, იქიდან მაღაზიაში წავიდნენ, სადაც ქალმა შენიშნა, თითქოს სახლს ეძებდნენო. მაღაზიიდან სახლამდე იკარგებოდა მათი კვალი. პოლიცია გამოვიძახეთ, 6-საათიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთი ბავშვის ბაბუამ ბავშვის ფეხსაცმელი იპოვა. ორმოში აღმოჩნდა მეორე ბავშვის ფეხსაცმელიც. ბაბუამ ამოიყვანა ორივე. სასწრაფოთი წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილები იყვნენ“, - უყვებოდა რადიო თავისუფლებას მეზობელი ქალი.
ადგილობრივების ვერსიით, ორმოში თავდაპირველად პატარა ბიჭი ჩავარდა, მეორემ მისი გადარჩენა სცადა - ფეხსაცმელები გაიხადა და იქვე დააწყო, შემდეგ ორმოში ჩავიდა და თვითონაც დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
15 თებერვლის უბედურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე „ოცნების დასახლებაში“ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ღონისძიებაში, სადაც მათ განაცხადეს, რომ იწყება ბინების მშენებლობის ახალი ეტაპი, რომ დასახლებაში სამი წლის განმავლობაში აშენდება 1077 ბინაზე გათვლილი ცხრა მრავალსართულიანი კორპუსი. „ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული.
იმავე ღამეს, ტრაგედიის ადგილზე მივიდა აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ტერიტორია, სადაც ბავშვები დაიღუპნენ არ იყო სამშენებლო ტერიტორია:
„მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები სადაც უნდა განხორციელდეს, ის ადგილი მოშორებითაა. არის მცდელობა, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებისგან შეიყვანონ ხალხი შეცდომაში. ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია და მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები დასრულდეს“.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ტერიტორია, სადაც სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობდა, არ იყო შემოღობილი.
ეს ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა (ამის შესახებ ჯაბა ფუტკარაძემ პირდაპირ ეთერში თქვა). „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 23-ე მუხლის თანახმად, ობიექტის მფლობელის მოვალეობაა, განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირი და განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.
გარდა ამისა, არსებობს საქართველოს მთავრობის №361 დადგენილება „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, რომლის მუხლი #2 განსაზღვრავს სამშენებლო მოედნის ორგანიზების წესებს.
კერძოდ, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იყოს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა.
„ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბავშვების ოჯახები ადიგენიდან და ხულოდან არიან. ერთის ოჯახი იქ 2012 წელს, მეორის კი 2018 წელს დასახლდა საცხოვრებლის მოლოდინში. ბავშვები ამ დასახლებაში დაიბადნენ. ორივე მათგანი 17 თებერვალს ბათუმში დაკრძალეს:
„უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილები არიან. ორივე აქ დაიბადა. მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება პატარებს. დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბავშვების მეზობელმა.
ე.წ. ოცნების დასახლებაში სხვადასხვა სოციალური საჭიროების ოჯახებმა თვითნებური დასახლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს. დასახლება დღითი დღე იზრდებოდა.
2024 წელს გაკეთებული აღწერის მიხედვით, იქ 1700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან არიან: ნაწილი შშმ პირია, ნაწილი სოციალურად დაუცველი, ნაწილი მრავალშვილიანი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თითქმის ყველა ოჯახი მთაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ოჯახიდანაა, რომლებსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ.
ამ დასახლებაში უმძიმეს პირობებში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს საკითხი დასახლების შექმნისთანავე გაჩნდა. დასახლება მუდმივად იდგა ხანძრის (ერთ-ერთი ხანძრის დროს 40 ქოხი დაიწვა), წყალდიდობისა და ქოხების დატბორვის საფრთხის წინაშე.
ლიანდაგზე დაღუპული 13 წლის ბიჭი - სახიფათო გადასასვლელი გაფრთხილების გარეშე
2025 წლის 8 აპრილს, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 წლის დათუნა დუმბაძეს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზაში“ თქვეს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და, სულ მცირე, ერთწლიანი პატიმრობით ისჯება დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში.
„ადრე იყო შლაგბაუმი, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ. იქვეა სკოლა და განსაკუთრებით საშიში ის ადგილია, რადგან მოსახვევია და თითქმის არ ჩანს მატარებელი თუ მოდის, სანამ არ მიხვალ ლიანდაგთან. ადგილზე რომ ნახოთ, მიხვდებით. არანაირი დაცვის მექანიზმი არ არის, ფიცრებია გადებული გადასასვლელზე და მგონი, ეს ფიცრებიც ხალხის გადებულია“, - ამბობდნენ ადგილობრივები მედიასთან.
15 აპრილს, იმ ადგილას, სადაც მოზარდი დაიღუპა, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ლიანდაგზე უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობას ითხოვდნენ, რადგან როგორც ამბობენ, ბავშვებს ამ გზის გავლა ყოველდღე უწევთ სკოლაში მისასვლელად. ლიანდაგის მეორე მხარესაა საბავშვო სკვერიც.
„შეშინებული ვართ მთელი უბანი, შეძრულები. სტადიონზე გაშვება გვეშინია, სკვერში გაშვების გვეშინია. […] სამი არაოფიციალური გადასასვლელია, მოსახლეობის მიერაა დაგებული ის ფიცრები, მე თვითონ ორჯერ ჩამივარდა ფეხი, ბავშვები უბრალოდ წინ გავაგდე, რომ ის ფეხი ამომეღო ფიცრიდან“, - უთხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“.
მოსახლეობამ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მიღების მოთხოვნით ბათუმის მერიაში განცხადებაც შეიტანა, თუმცა, კონკრეტული პასუხი უწყებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ.
13 წლის ნიკოლოზი ლიფტის შახტში დაიღუპა - ავარიული კორპუსი ბარიერების გარეშე
2025 წლის 11 აპრილს, ავჭალაში, ლიბანის 22 ნომერში, „ტიტანიკის“ კორპუსში 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილი ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა.
„უკვე დაბნელებული იყო, მეგობრებთან ერთად რომ ასულან ზევით. როგორც თქვეს, სკეიტბორდით იყვნენ ბავშვები. ერთმანეთს ფანრებით უნათებდნენ გზასო. კორპუსის სახურავიდან ჩავარდა შახტში. ბავშვს თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა: კუჭი, ღვიძლი, ფილტვები...იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა..." - უთხრეს რადიო თავისუფლებას ბიჭის მეზობლებმა.
ამ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.
“ტიტანიკის” მცხოვრებლები წლებია მერიისგან დახმარებას და გასახლებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.
4-სადარბაზოიან კორპუსში მხოლოდ 40-მდე ოჯახიღაა დარჩენილი (60-მა ოჯახმა კორპუსი წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს დატოვა).
მოსახლეობისგან დაცლილ სადარბაზოებში ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგიძლია მოხვდე და შემდეგ სახურავისკენაც ახვიდე.
რაც უფრო ზევით ადიხარ, გარემო მით უფრო სახიფათო ხდება - დანგრეული კედლები, კიბეები მოაჯირის გარეშე, ნაგავსაყრელად ქცეული ბინები, ღიად დარჩენილი ლიფტის შახტი… და იქვე კედლებზე სტენსილები, როგორც მოწმეები იმისა, რომ ამ სახიფათო, სიცოცხლისათვის საშიშ სივრცეში მოზარდები იკრიბებიან.
“თუ დავინახავ რომ შემოდიან, ვუბრაზდები ხოლმე, თუმცა დარაჯები ხომ არ ვართ... წლებია ასე ვცხოვრობთ. ამ კორპუსის ნახევარი 2000 წლიდან გაასახლეს. მოსახლეობის ნაწილს მაშინ 9000 დოლარი გადაუხადეს და ასე გაიყვანეს. ჩემი ოჯახიც იყო მათ შორის, თუმცა ეს თანხა არ გვეყო იმისთვის, რომ სამ ძმას ცალ-ცალკე გვეყიდა ბინები და რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც ვეღარ მოვახერხე ქირის გადახდა, ისევ ამ ნახევრად დანგრეულ კორპუსში დავბრუნდი ოჯახთან ერთად. აქ ცხოვრობენ ჩემი შვილიშვილებიც”, - ამბობს შუახნის კაცი.
კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლა დგას, ამ ორ შენობას ერთმანეთისგან მხოლოდ სპორტული მოედანი ყოფს.
13 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანის პროცესი წლების წინ დაიწყო, გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირა და მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასაც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი ავარიულ კორპუსში დარჩა.
“თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, - ეწერა მერიის განცხადებაში.
იქ, სადაც აპრილის დასაწყისში 13 წლის ბიჭი დაიღუპა, გლდანის რაიონის გამგეობამ გამაფრთხილებელი ნიშნები ჩამოკიდა. ეს განცხადებები, კორპუსის მთელ პერიმეტრზეა გაკრული. მერიაში გვეუბნებიან, რომ „დაიხურა სახურავზე ასასვლელიც“.
„გამგეობამ კვლავ შესთავაზა ყველა ოჯახს ქირით გაყვანა, ოფიციალური წერილები მათ გაეგზავნათ, ასევე ხელზეც ჩაჰბარდათ. თუმცა, ქირით გასვლას მხოლოდ ერთი ოჯახი დათანხმდა, დანარჩენებმა ქირით გასვლაზე უარი თქვეს“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის პრეს-სამსახურში.
მერიის განმარტებითვე, რაკი იმავე ტერიტორიაზე ვერ აშენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსი, თუ მოსახლეობა შენობას დატოვებს, მათთან შეთანხმებით შეირჩევა ალტერნატიული ტერიტორია და ამის შემდეგ დაიწყება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც, მათი თქმით, ორ წელში უნდა დასრულდეს.
რადიო თავისუფლებამ ბოლო ათ თვეში დაღუპული ბავშვების საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ მონაცემების დამუშავება დროს მოითხოვს და სტატიის გამოქვეყნებამდე მისი დამუშავება ვერ მოესწრება.
ღარიბი ბავშვები - რას ამბობს ხელისუფლება, რას ამბობენ რიცხვები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ, 2024 წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ეს ცნობა სტატისტიკის სამსახურმა 29 მაისს გამოაქვეყნა.
ვახტანგ ცინცაძე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ „საქართველოსთვის ეს ისტორიული მინიმუმია. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნებული იქნებაო“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეკორდულ მიღწევებზე ლაპარაკისას დასავლეთი დაადანაშაულა:
„ეს, რაც გვაქვს და რომლითაც რეკორდსმენები ვართ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, სიღარიბის დაძლევის ტემპით, ეს ორმაგი და ოთხმაგი იქნებოდა, რომ არა ბრიუსელის უსამართლო თავდასხმები საქართველოს სახელმწიფოზე, რომ არა ზოგიერთი ევროპული ქალაქების უსამართლო თავდასხმები საქართველოს დედაქალაქზე, რომ არა მუდმივი მცდელობები, რომ მოგვიწყონ რევოლუცია და არიონ ქვეყანა. ასე რომ მისასალმებელია და შესაქებია საქართველოს მთავრობის მცდელობები და შედეგები“.
ამ დროს, "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2024 წელს, 18 წლამდე ასაკის 369 924 ბავშვი იყო რეგისტრირებული. მათგან საარსებო შემწეობას იღებს 270 712. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, თითქმის ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია.
ეს მონაცემები სახალხო დამცველის ოფისს სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2025 წლის 30 იანვარს მიაწოდა.
ამავე მონაცემების თანახმად, რომელიც სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში აისახა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743- ს გაუტოლდა, ხოლო ბაზას 2024 წლის განმავლობაში დაემატა - პირველად დარეგისტრირდა 34,758 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
ასევე, პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს.
„შესწავლილი საქმეები კვლავაც ცხადყოფს, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში. მიუხედავად ამ დახმარებებისა, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს“, - წერია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.
ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულები - ათი თვის შედეგი
ოჯახში ძალადობა, ძალადობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ან მძიმე დაზიანება, მუქარა, იძულება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, გარყვნილი ქმედება, გაუპატიურება - ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მსხვერპლიც საქართველოში 1160 ბავშვი გახდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ისევ ამ პერიოდში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლი გახდა 130 ბავშვზე მეტი. ამ დანაშაულების ჩამონათვალი კი ასეთია:
- გარყვნილი ქმედება
- სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება
- გაუპატიურება
- სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით, ავტოავარიებისას დაზარალდა 132 ბავშვი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ცენტრალური ტერიტორია, სადაც დედაქალაქის მერია ბავშვებს გართობას ჰპირდება, დედაენის ბაღი იქნება.
„გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ“, - ასე მიიწვია იქ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობა.